ეს ადამიანი რეალურ საფრთხეს წარმოადგენდა: მძევალი მომხდარს დეტალურად იხსენებს

ეს ადამიანი რეალურ საფრთხეს წარმოადგენდა: მძევალი მომხდარს დეტალურად იხსენებს

176
(განახლებულია 13:47 22.10.2020)
ირაკლი კვარაცხელია ერთ-ერთი მათგანია, რომელიც შეიარაღებულმა პირმა ოთხშაბათს ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმისას მძევლად აიყვანა.

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა მძევალმა, მას შემდეგ, რაც ზუგდიდის პოლიცია დატოვა გამოკითხვის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან მომხდარი ფაქტის შესახებ ისაუბრა. 

ირაკლი კვარაცხელია ერთ-ერთი მათგანია, რომელიც შეიარაღებულმა პირმა ოთხშაბათს ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმისას მძევლად აიყვანა.

„ბანკში ახალი პლასტიკური ბარათის ასაღებად მივედი, ავიღე ნომერი და რიგში ჩავდექი. შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

მისი თქმით, თავიდან გასროლა ქუჩიდან გაიგონა, შემდეგ კი ბანკში შეიარაღებული პირი შევარდა, რომელმაც ხელყუმბარა საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა.

„ჩემი თვალით დავინახე ეს ყველაფერი და მივხვდი რაც გვემუქრებოდა. შემდეგ ამ ადამიანმა ორჯერ გაისროლა იმ პირის მიმართულებით, ვინც გარედან ვიდეოს გვიღებდა. შემდეგ მან დაგვავალა დაგვერეკა 112-ში, ერთს კი „ტვ პირველში“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

თავდასხმა ბანკზე ზუგდიდში: მძევლის განცხადებით, თავდამსხმელს თანხა გადაეცა>>>

მისი თქმით, შეიარაღებულმა პირმა იგი აიძულა მოლაპარაკებები ეწარმოებინა და ეთქვა მხოლოდ ის, რასაც ის ეტყოდა.

„თავიდან აგრესიული იყო, მაგრამ იმ 7 საათის განმავლობაში, რაც ჩვენ იქ გავატარეთ, იგი დამშვიდდა. ზოგიერთმა ხუმრობაც დაიწყო. ჩვენ ვცდილობდით მასთან ურთიერთობის დამყარებას... მას შემდეგ, რაც მან ფული აიღო, ორმა მძევალმა თავად გამოთქვა მზადყოფნა მასთან ერთად წასვლაზე, მესამე კი მან თავად აირჩია“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

ყოფილმა მძევალმა განაცხადა, რომ შეიარაღებულ პირს მთელი ამ ხნის მანძილზე ნიღაბი არ მოუხსნია, ამიტომაც მისი სახე არავის დაუნახავს, თუმცა ხმით მისი ამოცნობა შეიძლება შეძლოს. მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა ინფორმაციას, რაც ბანკის გარეთ ხდებოდა, ბოროტმოქმედი მასმედიისგან იგებდა, რომელიც აქტიურად აშუქებდა ოპერაციის მსვლელობას.

176
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა (53)
კახი კავსაძე

კახი კავსაძე კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს

85
(განახლებულია 22:37 28.11.2020)
პირ­ველი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. ცნობილი ქართველი მსახიობი კახი კავსაძე კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს, ამის შესახებ ქართული მედია იუწყება.

მსახიობის ძმის ინფორმაციით, კორონავირუსი მათი ოჯახის ყველა წევრს დაუდასტურდა და ყველანი თვითიზოლაციაში არიან.

თავად კახი კავსაძე პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

სამედიცინო დაწესებულების კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„დიახ, ჩვენთან არის მოთავსებული, მძიმეა მდგომარეობა. მეტს ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ყოველდღიურად ინფიცირების რამდენიმე ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

 

85
თემები:
COVID-19 საქართველოში
დაკეტილი რესტორნები შარდენის ქუჩაზე

„რესტორატორთა ასოციაციის“ პრეზიდენტი : „ეპიდემიოლოგები საკუთარ კომპეტენციას გაცდნენ...“

70
28 ნოემბერს ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გამო დაწესებული შეზღუდვების მიხედვით, რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად მიტანის სერვისზე გადავიდნენ

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამოსავალი იყო ოქროს შუალედი, რითაც შეიძლებოდა პანდემიის მართვა და ამდენი ადამიანიც არ დარჩენილიყო უმუშევარი. განაცხადა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბურჯანაძის აზრით, რეგულაციები, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ სარესტორნო ბიზნესის კუთხით დააწესა, უნდა ყოფილიყო უფრო მეტად დაბალანსებული. სწორედ ეს იქნებოდა ოქროს შუალედი.

„აქ გამოსავალი იყო ოქროს შუალედი, ეს არის ის, რითაც შეგვეძლო გვემართა კოვიდიც და ამდენი ადამიანიც არ დარჩენილიყო უმუშევარი. ეს უფრო რთული გზაა, რადგან მეტი ადამიანური და სახელმწიფოებრივი რესურსი სჭირდება“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ეპიდემიოლოგებმა, რომლებიც ვერ მართავენ სიტუაციას, ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება მიიღეს.

„რეალურად, ეპიდემიოლოგები არ არიან იმ კომპეტენციაში, რომ ორივე მხარე მართონ, ამიტომ თავის ჩარჩოში უნდა ჩაეტიონ. ისინი გადიან ამ ჩარჩოდან და ისეთ მითითებებს იძლევიან, რომლებიც ქვეყანას უდიდეს პრობლემამდე მიიყვანს“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

საქართველოში 28 ნოემბრიდან რთული ეპიდვითარების გამო  ხელისუფლების მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრამდე იქნება ძალაში.

შეზღუდვების მიხედვით, რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით მთლიანად გადადიან მიტანის სერვისზე.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ყოველდღიურად ინფიცირების რამდენიმე ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4 472-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 127 942-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

70
თემები:
COVID-19 საქართველოში
მდგომარეობა მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებით

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების და გარდაცვალების რეკორდი დაფიქსირდა

0
კორონავირუსის მეორე ტალღამ ქვეყნებს გაცილებით დიდი ძალით გადაუარა, ვიდრე პირველმა, და ინფიცირებულთა რაოდენობა გამუდმებით იზრდება

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო 24 საათში 747 082-ით გაიზარდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე მოყვანილ მონაცემებში.

ერთ დღე-ღამეში გარდაიცვალა 13 296 ადამიანი, რაც ასევე რეკორდული რიცხვია.

COVID-19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში (405 ათასზე მეტი) და ევროპაში (236 ათასზე მეტი).

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 61,2 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1,4 მილიონზე მეტი ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს ახალი კორონავირუსის აფეთქებას პანდემია უწოდა.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში