საპატრულო პოლიცია

„მძევლების დახოცვას დავიწყებ 2 საათის შემდეგ“ თავდამსხმელის ულტიმატუმი

837
(განახლებულია 19:39 21.10.2020)
ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელი ულტიმატუმს აყენებს და შესაბამის ორგანოებს ორი საათის განმავლობაში მისი მოთხოვნების შესრულებისკენ მოუწოდებს.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი სამართალდამცველი უწყებებისთვის მიცემული დროის – 2 საათის გასვლის შემდეგ მძევლების დახოცვას აპირებს. შესაბამისი განცხადება „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში მძევლად აყვანილმა ირაკლი კვარაცხელიამ გაახმოვანა.

თავდამსხმელი ითხოვს მასთან შეუიარაღებელმა პირმა მიიტანოს 500 ათასი დოლარი და მისცენ ვერტმფრენი, ან ავტომობილი, რომლითაც მძევლებთან ერთად უსაფრთხოდ დატოვებს შენობას.

მძევლის თქმით, ტელეკომპანიას თავდამსხმელის მითითებით ჩაერთო. კვარაცხელიას თქმით, ოთახში მძევლად 19 ადამიანია აყვანილი და შეიარაღებული თავდამსხმელი „კბილებამდე შეიარაღებულია, ხელყუმბარა აქვს გახსნილი და ისე გადადგილდება, თუმცა მისი ინტერესი არაა ვინმეს დაშავება და უნდა, რომ ყველაფერი მოლაპარაკებით დასრულდეს“.

მძევლის თქმით, როდესაც თავდამსხმელი თანხას მიიღებს, შენობიდან ან ვერტმფრენით წავა, ან მძევლებთან ერთად გავა. შესაბამის ორგანოებს მოთხოვნების შესასრულებლად თავდამსხმელი 2 საათს აძლევს.

დღეს ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის" ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულ პირს მძევლად ჰყავს აყვანილი როგორც ბანკის თანამშრომლები, ისე ბანკში მყოფი რიგითი მოქალაქეები.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმები. სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრში ამ დრომდე გრძელდება. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელა.

შსს-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. უწყების ცნობით, ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში 14:21 საათზე შევიდა. პოლიციის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

837
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა (53)
კლინიკა

საქართველოში კორონავირუსით ხუთი ათასამდე სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული

7
(განახლებულია 18:25 27.11.2020)
ბოლო თვეებში მედპერსონალის დეფიციტი ქვეყნისთვის სერიოზულ პრობლემად იქცა, ამიტომ პანდემიასთან ბრძოლაში მომიჯნავე სამედიცინო სფეროების სპეციალისტებსაც ჩართავენ

 

თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში პანდემიის დაწყების დღიდან კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ათასამდე მედპერსონალია, განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ. 

მისი თქმით, ესაა მიახლოებული ციფრი და ინფიცირებული მედპერსონალის ზუსტი რაოდენობა დადგინდება. მედპერსონალის დეფიციტი დღეს საქართველოსთვის სერიოზული პრობლემაა. ამ პრობლემის მოგვარება მოკლე დროში შეუძლებელია, ამიტომ საჭიროა იმ ადამიანური რესურსის გამოყენება, რომელიც დღესდღეობით არსებობს, აღნიშნა გაბუნიამ. 

სპეციალისტებს ანაწილებენ ცხელ წერტილებში. მაგალითად, როდესაც სექტემბერში აჭარაში ეპიდვითარება გაუარესდა, თბილისიდან რეგიონში რეანიმატოლოგები გაემგზავრნენ. ისინი დღემდე იქ მუშაობენ. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს კრიტიკული მედიცინის სპეციალისტების თემა, აღნიშნა გაბუნიამ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გამოსცა დადგენილება, რომლის თანახმად, ნებისმიერი სპეციალობის ექიმს უფლება აქვს, ჩაერთოს კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში, თუ ეს არ არის კრიტიკული და მძიმე შემთხვევა, ვინაიდან დანარჩენ შემთხვევებში რაიმე განსაკუთრებული უნარები საჭირო არ არის.

 „ოჯახის ექიმებს, თერაპევტებს, კარდიოლოგებს, ნევროლოგებს, ინფექციონისტებს, ქირურგებს შეუძლიათ შემთხვევების მართვაში ჩართვა და ეს ძალიან დაგვეხმარა კოვიდსასტუმროებში დამატებითი პერსონალის, განსაკუთრებით ჰოსპიტალური მუშაობის გამოცდილების მქონე პერსონალის მობილიზების თვალსაზრისით“, – განაცხადა გაბუნიამ.

პირველი დარტყმა მედპერსონალს მიადგა სექტემბერში, როდესაც ბევრი მედიკოსი დაინფიცირდა. მათი დიდი ნაწილი უკვე დაუბრუნდა სამუშაოს. გაბუნიამ ასევე აღნიშნა,  რომ ჯანდაცვის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს თავდაცვის სამინისტროსთან. სამხედრო ექიმები ჩართული არიან პაციენტების ნაკადების მართვასა და მონიტორინგში. 

„ისინი პროცესში ჩართული არიან. თავდაცვის სამინისტროს შვიდი ექიმი ადგილებზე პაციენტების ნაკადების მართვაში გვეხმარება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დაქვემდებარებული დაწესებულებისთვის, მათ შორის, რეგულირების სააგენტოსთვის, მანქანები შეიძინა. მისი თქმით, მოცემულ პირობებში მნიშვნელოვანია ინფექციის აქტიური კონტროლი და ავტომობილების შესყიდვა ამ მიზანს ემსახურებოდა.

„ეს იყო ძალიან სასწრაფო საჭიროება. ეს შენაძენი გაკეთდა მსოფლიო ბანკთან შეთანხმებით. საუბარია თითოელ რეგიონზე ერთი მანქანის მობილიზებაზე“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, აზიის განვითარების ბანკის საგრანტო პროგრამის დახმარებით, „სასწრაფო დახმარების“ მანქანებისთვის შეძენილი იქნება დამატებითი აღჭურვილობა. 

გაბუნიამ საავადმყოფოებში თავისუფალი ადგილების თემაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ მომენტისთვის კლინიკებში მკურნალობს 5.577 პაციენტი, მათგან 1.034-ს ინტენსიური თერაპია ესაჭიროება, 360 მიერთებულია ხელოვნური სუნთქვის აპარატს. 27 ნოემბერს, დილით, საქართველოს კლინიკებში 421 თავისუფალი ადგილი იყო.

 „მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვის გვქონდეს თავისუფალი ადგილები. თუ პაციენტს ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდება, ის კოვიდ–სასტუმროში უნდა გაიგზავნოს. იქ მუშაობს საკმაოდ კარგად მომზადებული სამედიცინო პერსონალი“, - ხაზი გაუსვა გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში 4.780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დასაწყისიდან საქართველოში 123 ათასი ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 102 ათასი, გარდაიცვალა 1161.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

7
თემები:
COVID-19 საქართველოში
იოსებ ხახალეიშვილი

ქუთაისის ახლადარჩეულ მერს კორონავირუსი დაუდასტურდა

12
(განახლებულია 18:18 27.11.2020)
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება, საიდანაც მოსახლეობას ყველა საჭირო რეკომენდაციისა და სიფრთხილის დაცვისკენ მოუწოდებს.

თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. ქუთაისის მერს იოსებ ხახალეიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ქუთაისის მერმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე თავად გაავრცელა.

იოსებ ხახალეიშვილი ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება.

„ყველა ვთანხმდებით, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული და საშიში გამოწვევა ახლა, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის კორონავირუსია. ვირუსის გავრცელებასთან ერთად თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაც იზრდება“, - წერს ხახალეიშვილი.

ქუთაისის მერი მოსახლეობას სიფრთხილისკენ და რეკომენდაციების დაცვისაკენ მოუწოდებს. მისი თქმით, თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, რომ საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გავუფთხილდეთ.

„მოგმართავთ თხოვნით, იყავით ფრთხილად, დავიცვათ დისტანცია და ჰიგიენის წესები. ასევე, აუცილებლობის გარდა, მოვერიდოთ თავყრილობებსა და ქუჩაში გასვლას. გავუფრთხილდეთ საკუთარ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. გისურვებთ ჯანმრთელობას“, - აცხადებს ქუთაისის მერი.

საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგებით, ქუთაისის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, იოსებ ხახალეიშვილმა ხმების 45.7 პროცენტი მიიღო.

ქობულეთის მერს კორონავირუსი დაუდასტურდა>>

არჩევნების მეორე ტურში კი, რომელიც 21 ნოემბერს ჩატარდა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ შუშანიამ (რომელმაც პირველ ტურში ხმების 30.63 პროცენტი მიიღო), მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგებით იოსებ ხახალეიშვილმა ხმების რაოდენობის 92.02 პროცენტი დააგროვა და გამარჯვება მოიპოვა.

12
თემები:
COVID-19 საქართველოში