საკლასო ოთახი

საქართველოს მასშტაბით კიდევ 5 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადის

102
ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იყო პირბადეებით, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერებით და სადეზინფექციო ხსნარებით. თუმცა ინფიცირების შემთხვებმა მაინც მოიმატა

თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. კორონავირუსი დაუდასტურდა თელავის და ფოთის რამდენიმე სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, იუწყება ქართული მედია.

ფოთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსის, გოჩა ქორქიას განცხადებით, დისტანციურ რეჟიმზე გადადის ფოთის #1, #4 და #5 სკოლები. ხოლო #12 საჯარო სკოლაში ონლაინ გაკვეთილები მხოლოდ ერთ დაწყებითი კლასს ჩაუტარდება.

„სამინისტროს მივაწვდით ინფორმაციას, პირველი, მეოთხე და მეხუთე საჯარო სკოლების დისტანციურ სწავლაზე გადასვლის თაობაზე. #12 საჯარო სკოლაში კი მხოლოდ ერთი კლასი გადავა დისტანციურ რეჟიმზე, რადგან კორონავირუსი დაწყებითი კლასის მასწავლებელს დაუდასტურდა“, - განაცხადა გოჩა ქორქიამ.

თელავში კორონავირუსი დაუდასტურდა მეფე ერეკლე მეორის სახელობის საჯარო სკოლის პედაგოგს და ამავე სკოლის მოსწავლის მშობლებს, ასევე თელავის მე-9 საჯარო სკოლის ორ მოსწავლეს.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ თბილისის 147-ე, 117-ე და პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ინფიცირებულები არიან მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც. ორი დღის წინ კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში და თბილისის №173 სკოლაშიც. ამ სკოლებშიც კორონავირუსის ინფექციის გამოვლენის გამო სასწავლო პროცესი 12 დღით დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

საქართველოს ოთხ ქალაქში – თბილისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ქუთაისში, სადაც სკოლებში სწავლა 1 ოქტომბრიდან განახლდა. განათლების სამინისტრომ დაწყებითი კლასების მოსწავლეების მშობლებს არჩევანის საშუალება მისცა – ბავშვები სკოლაში ივლიდნენ ან ონლაინ–რეჟიმში გააგრძელებდნენ სწავლას. მეშვიდე და უფროსი კლასების მოსწავლეები დისტანციურ რეჟიმში სწავლობენ.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოში I-VI კლასების 130 ათასი მოსწავლიდან დაახლოებით 10 ათასმა მოსწავლემ სწავლის დისტანციური რეჟიმი აირჩია.

რაც შეეხება სკოლებში უსაფრთხოებას, ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იყო პირბადეებით, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერებით და სადეზინფექციო ხსნარებით.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1192-ით გაიზარდა და 17477-ს მიაღწია, გარდაიცვალა 8 ადამიანი, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 8060 ადამიანი, გარდაიცვალა – 136, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6300, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1388 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

102
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1184)
სპეცოპერაცია ზუგდიდში

„გამოდი შვილო, ჩაბარდი პოლიციას“: ბადრი ესებუას მამა შვილს მიმართავს

5
ამ დროისთვის სამართალდამცველები ესებუას ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს განაგრძობენ

თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული პირის, ბადრი ესებუას მამა შვილს მიმართავს და სთხოვს, პოლიციას ჩაბარდეს. ვიდეომიმართვას საინფორმაციო სააგენტო „კვირა“ ავრცელებს.

„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი ამ დროისათვის იდენტიფიცირებულია. პირი, რომელსაც ბანკის ზუგდიდის ფილიალში მძევლების აყვანა ედება ბრალად, 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მისი ვინაობის დადგენა თავდასხმის ღამესვე მოხდა.

„შვილო, ბადრი, გელოდებოდით გუშინ, არ ჩამოხვედი, სად ხარ? არ ვიცით შენი ადგილსამყოფელი. გამოდი, შვილო, ჩაბარდი პოლიციას და გაირკვევა ყველაფერი ნორმალურად. ამას გთხოვთ, მეტი სათქმელი არაფერი მაქვს. გამოდი, დაგვიკავშირდი ან ჩაბარდი პოლიციას“, – მიმართავს ტარიელ ესებუა შვილს.

შსს-ს ცნობით, პოლიცია ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.

21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და მიმალვა მოახერხა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

ბადრი ესებუას მამა ისევ პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს>>

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკზე თავდასხმის ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

5
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა
თავისუფლების მოედანი

„ნაცმოძრაობის" აქცია: ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

13
(განახლებულია 17:26 29.10.2020)
თბილისის ცენტრალურ უბანში სატრანსპორტო ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები უზრუნველყოფენ. მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში ღონისძიების დასრულების შემდეგ აღდგება.

 

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. თავისუფლების მიედანზე ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წინასაარჩევნოდ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალა თავისუფლების მოედანზე. ავტომანქანები ალტერნატიული მარშრუტებით მოძრაობენ. კერძოდ:

„ბარათაშვილის ხიდიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადი მოძრაობს იუსტიციის სახლის მიმართულებით. მსუბუქი ავტომანქანები მოძრაობენ კოტე აფხაზის ქუჩაზე და ვერცხლის ქუჩის გავლით ბარათაშვილის ქუჩაზე გადიან; ლადო ასათიანის ქუჩიდან მომავალი სატრანსპორტო ნაკადი ვერ მოხვდება შალვა დადიანის ქუჩაზე. შესაბამისად, ავტომანქანები მოძრაობენ ოვანეს თუმანიანის ქუჩის გავლით, ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით; მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანები ყოფილი ფოსტის შენობასთან ბრუნდებიან და გადაადგილებას აგრძელებენ ელბაქიძის ქუჩის მიმართულებით“, – ნათქვამია განცხადებაში. 

ამასთან, 17:00 საათიდან მოძრაობა იკრძალება  რესპუბლიკის მოედანზე, შესაბამისად, პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან მოძრაობა შესაძლებელი იქნება მერაბ კოსტავას ქუჩის და ელბაქიძის დაღმართის გავლით, მტკვრის ორივე სანაპიროსა და ჩუღურეთის მიმართულებით.

– რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე  ქუჩებზე: ალექსანდრე ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, 9 აპრილის, ზაქარია ჭიჭინაძის, ლესია უკრაინკას, მესხიას, რევაზ ლაღიძის, ვასო აბაშიძის, გია ჭანტურიას, არჩილ ჯორჯაძის და ანტონ ფურცელაძის ქუჩებზე.

აღნიშნული აკრძალვის პერიოდში, ავტომანქანებს თავისუფლად გადაადგილება შეეძლებათ მტკვრის ორივე სანაპიროზე, ვასილ პეტრიაშვილის, თამარ ჭოველიძის და დანიელ ჭონქაძის ქუჩებზე.

მოქალაქეების და სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები უზრუნველყოფენ.

მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში ღონისძიების დასრულების შემდეგ აღდგება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის დასკვნითი შეკრება თავისუფლების მოედანზე დღეს, 18:00 საათზე გაიმართება.

13
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება