საკლასო ოთახი

თბილისის კიდევ სამ სკოლაში კორონავირუსი დაფიქსირდა

205
პანდემიის პირობებში საქართველოში I-VI კლასების 130 ათასი მოსწავლიდან დაახლოებით 10 ათასმა მოსწავლემ სწავლის დისტანციური რეჟიმი აირჩია

თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის სამ საჯარო სკოლაში დღეს კორონავირუსი დაფიქსირდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

თბილისის 147-ე, 117-ე და პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ინფიცირებულები არიან მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც.

ორი დღის წინ კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში და თბილისის №173 სკოლაშიც. ამ სკოლებშიც კორონავირუსის ინფექციის გამოვლენის გამო სასწავლო პროცესი 12 დღით დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

საქართველოს ოთხ ქალაქში – თბილისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ქუთაისში, სადაც სკოლებში სწავლა 1 ოქტომბრიდან განახლდა. განათლების სამინისტრომ დაწყებითი კლასების მოსწავლეების მშობლებს არჩევანის საშუალება მისცა – ბავშვები სკოლაში ივლიდნენ ან ონლაინ–რეჟიმში გააგრძელებდნენ სწავლას. მეშვიდე და უფროსი კლასების მოსწავლეები დისტანციურ რეჟიმში სწავლობენ.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოში I-VI კლასების 130 ათასი მოსწავლიდან დაახლოებით 10 ათასმა მოსწავლემ სწავლის დისტანციური რეჟიმი აირჩია.

რაც შეეხება სკოლებში უსაფრთხოებას, ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იყო პირბადეებით, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერებით და სადეზინფექციო ხსნარებით.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1192-ით გაიზარდა და 17477-ს მიაღწია, გარდაიცვალა 8 ადამიანი, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 8060 ადამიანი, გარდაიცვალა – 136, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6300, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1388 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

205
თემები:
COVID-19 საქართველოში (2132)
ქუთაისი

ქუთაისში 274 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემათ

5
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იმერეთის რეგიონში წლის ბოლომდე საცხოვრებელი ფართით 100-ზე მეტი დევნილი  ოჯახი დაკმაყოფილდება.

 

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. ქუთაისში 274 დევნილ ოჯახს ახლადაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელ ბინებს გადასცემენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2. 

იმისთვის, რომ დევნილებმა დაიკანონ ან მიიღონ ახალი ფართები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უნდა მიმართონ.

იმერეთის რეგიონში წლის ბოლომდე საცხოვრებელი ფართით 100-ზე მეტი დევნილი  ოჯახი დაკმაყოფილდება.

„ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში 274 ბინა ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობა უკვე მიმდინარეობს, რის შედეგადაც გამოვლინდება, კონკრეტულად რომელი ობიექტები დაიხურება ამ ეტაპზე“, – განაცხადა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 273,4 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია.

 

საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.

5
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნება

10
(განახლებულია 10:04 21.10.2020)
საქართველოს განათლების სამინისტროს მონაცემებით, წელს ქუთაისის უნივერსიტეტში სწავლის სურვილი 1000-ზე მეტმა აბიტურიენტმა გამოთქვა.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს, უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიალზე ​პირველკურსელები საზეიმო ფიცს დადებენ. 

ღონისძიებაზე სტუდენტებს მიესალმებიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი და უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე თევზაძე.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი  პირველ ნაკადს მიიღებს სამ სპეციალობაზე – მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები და მენეჯმენტი, სამომავლოდ კი, სპეციალობათა რაოდენობა გაიზრდება.

KIU  ქუთაისის მახლობლად, ეკოლოგიურად სუფთა ზონაში, 153 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. საუნივერსიტეტო კომპლექსი მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სპორტულ და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. პროექტის ავტორი და მეცენატია ბიძინა ივანიშვილი.

პირველკურსელებს ელის თანამედროვე საცხოვრებელი, სტუდიური ტიპის ოთახები ავტონომიური გათბობისა და გაგრილების სისტემით, სააბაზანო ოთახით, საძინებლით, სრულად მოწყობილი სამზარეულოთი და სასწავლო სივრცით. ოთახები აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, ყველა საჭირო ინვენტარითა და უწყვეტი ინტერნეტით. 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან, მათ შორის მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. აკადემიური პროგრამები შემუშავებულია სწორედ მიუნხენის უნივერსიტეტის პროგრამების საფუძველზე.

საქართველოს განათლების სამინისტროს მონაცემებით, წელს ქუთაისის უნივერსიტეტში სწავლის სურვილი 1000-ზე მეტმა აბიტურიენტმა გამოთქვა.

უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტური გრანტის ფონდი, რომლის ფარგლებში დაფინანსდება სწავლის, სტუდენტური საცხოვრებლის გადასახადი და სტუდენტური სტიპენდია.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში უნივერსიტეტის გახსნისა და სტუდენტების მიღების ცერემონია დღეს, 13.00 საათზე გაიმართება.

10
თემები:
განათლება საქართველოში
კორონავირუსის პანდემია

COVID-19-მა მორიგი რეკორდი დაამყარა: ჯანმომ ერთი კვირის შედეგები გამოაქვეყნა

0
(განახლებულია 10:35 21.10.2020)
ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირება სულ 40 783 641 ადამიანს გამოუვლინდა, საიდანაც 1 124 753 გარდაიცვალა

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. გასულ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსი 2,4 ადამიანს დაუდასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია პანდემიის დაწყებიდან, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მასალებში.

„COVID-19–ის ახალი შემთხვევების რაოდენობა დაჩქარებულად იზრდება, თუმცა ახალი სიკვდილიანობის რაოდენობა შედარებით სტაბილური რჩება... ბოლო კვირაში დარეგისტრირებულია ინფიცირების 2,4 მლნ–ზე მეტი და სიკვდილის 36 ათასი შემთხვევა“, — აღნიშნულია ორგანიზაციის საინფორმაციო ბიულეტენში.

ამასთან ყველაზე მძიმე ეპიდემიური ვითარება შეინიშნება ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, სადაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 18,8 მლნ კაცს გადააჭარბა.

რაც შეეხება ევროპას, გასულ კვირაში იქ დაავადების 25%-იანი ზრდა შეინიშნებოდა — ინფიცირებულთა რაოდენობამ 927 ათასით მოიმატა და 8 მილიონზე მეტი ადამიანი შეადგინა.

ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირება სულ 40 783 641 ადამიანს გამოუვლინდა, საიდანაც 1 124 753 გარდაიცვალა.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში