ქუთაისში ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს 274 ბინა გადაეცემათ

© courtesy of Miho Neimanქუთაისის ცენტრი
ქუთაისის ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობა უკვე მიმდინარეობს, რის შედეგადაც გამოვლინდება, კონკრეტულად რომელი ობიექტები დაიხურება ამ ეტაპზე, აცხადებენ სააგენტოში

თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში 274 ბინა ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, იუწყება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ერემეიშვილმა ქუთაისში ის დასახლებები მოინახულეს, სადაც დევნილები ავარიულ და ნგრევად შენობებში ცხოვრებენ.

სააგენტოს დირექტორის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია, რომ ასეთ მძიმე პირობებში არც ერთი დევნილი აღარ იმყოფებოდეს.

„უახლოეს მომავალში, ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში 274 ბინა ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობა უკვე მიმდინარეობს, რის შედეგადაც გამოვლინდება, კონკრეტულად რომელი ობიექტები დაიხურება ამ ეტაპზე“, - აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 273,4 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია, ეს 88,7 ათასზე მეტი ოჯახია.

საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.

ყველა ახალი ამბავი
0