ტესტირება კორონავირუსზე

ადამია: საქართველოში ეპიდემიური ვითარება არც ისე მძიმეა

468
(განახლებულია 21:22 16.10.2020)
ასეთ დროს შეიძლება მოსახლეობაში პანიკა დაითესოს, რისი საფუძველიც რეალურად არ არსებობს. ჯანდაცვის სისტემა მზად არის პროცესის სამართავად, განაცხადა ეკატერინე ადამიამ

თბილისი, 16 ოქტომბერი - Sputnik. კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად, ჯანდაცვის სისტემა ეპიდემიურ ვითარებას მართავს და პანიკის საფუძველი არ არსებობს, განაცხადა ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ადამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო დღეების ყოველდღიური მაჩვენებელი თითქმის ათასს აღწევს.

ეკატერინე ადამიას განცხადებით, სახელმწიფოს აქვს სრული რესურსი იმისთვის, რომ გაუმკლავდეს ამ პროცესს და მართოს ვითარება მთელ ქვეყანაში.

„ვითარება არ არის ისეთი მძიმე, როგორც შეიძლება ზოგიერთმა მედიასაშუალებამ დასახოს და ასეთ დროს პირიქით, გამოვიწვიოთ პანიკა მოსახლეობაში, რისი საფუძველიც რეალურად არ არსებობს. ჯანდაცვის სისტემა სავსებით მზად არის ამ პროცესის სამართავად.  მომზადებულია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები და ისინი ბინაზე ონლაინრეჟიმში მართავენ პაციენტებს“, -განაცხადა ადამიამ.

მისი თქმით, ქვეყანაში 44 კლინიკაა მომზადებული როგორც ცხელების, ასევე „კოვიდის“ შემთხვევების სამართავად, საწოლების რაოდენობა კი 3 700-მდეა. ქვეყნის მასშტაბით, საწოლებისა და კლინიკების გადანაწილება ასეთია: თბილისი -18 კლინიკა (1 987 საწოლი), აჭარა – 11 კლინიკა (731 საწოლი ), იმერეთი - 10  კლინიკა (644 საწოლი), სამეგრელო-ზემო სვანეთი -2  კლინიკა (190 საწოლი), შიდა ქართლი-1  კლინიკა (164 საწოლი), მცხეთა-მთიანეთი - კლინიკა ( 111 საწოლი) და გურია -1  კლინიკა ( 21 საწოლი).

ასევე, ადამიას განცხადებით, კოვიდინფიცირებულების გადასაყვანად 20 სასტუმროა მობილიზებული, სადაც დღეისათვის 1 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.

„ქვეყაში მობილიზებულია 2 453 სასუნთქი აპარატი.  ქვეყნის მასშტაბით გადამზადებულია 3 900-ზე მეტი ექიმი, 2 300-ზე მეტი მედდა და სანიტარი. ტრენინგი ჩაუტარდა 2 044 -ზე მეტ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებას. ქვეყნის მასშტაბით გვყავს 17 990 ექიმი, მათ შორის ინფექციონისტი არის 500-მდე, ხოლო რეანიმატოლოგი 1 400-ზე მეტი. ექთნების რაოდენობა 14 800-ზე მეტია“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 124-ს მიაღწია>>

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 15 327 შემთხვევაა დადასტურებული. სულ გამოჯანმრთელდა 7 613 ადამიანი, გარდაიცვალა -124 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში საქართველოს 5 900 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

468
თემები:
COVID-19 საქართველოში (2154)
პაატა იმნაძე და ამირან გამყრელიძე

ხუთი ათასი შემთხვევა დღე-ღამეში? - როდის იქნება კორონავირუსის პიკი საქართველოში

0
საქართველოში მოსალოდნელ გათვლებზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ამიტომ სპეციალისტებს ნოემბრის პროგნოზების ხელახლა გამოთვლა მოუწევთ

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. წინასწარი გათვლებით, საქართველო კორონავირუსის პიკში ნოემბრის შუა რიცხვებიდან შევა, ახალი შემთხვევების რაოდენობამ შეიძლება სამ, ოთხ, ხუთ ათასს მიაღწიოს, განაცხადა ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში რეკორდულად – 1595-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 22803-ს მიაღწია, გარდაიცვალა - 178 პაციენტი.

გამყრელიძემ განაცხადა, რომ ცენტრი კორონავირუსის გავრცელების ტენდენციების მათემატიკური მოდელირებისთვის სამ ძირითად ინსტრუმენტს იყენებს.

კერძოდ, ეს არის აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ინსტრუმენტი, რომელიც შემუშავებული იყო პანდემიური გრიპის დროს 2009 წელს და ის ასევე გამოიყენება კორონავირუსულ ინფექციაზეც.

კიდევ ერთია ბაზელის უნივერსიტეტის ინსტრუმენტი, ხოლო მესამე ინსტრუმენტია აშშ-ის ჯანმრთელობის მაჩვენებლებისა და შეფასებების ინსტიტუტი.

„ეს ინსტრუმენტები გარკვეული მათემატიკური მოდელირების ინსტრუმენტებია, შეჰყავთ ბევრი სხვადასხვა მოცემულობა, რის შემდეგაც ინსტრუმენტები გითვლიან, დაახლოებით როგორი შეიძლება იყოს ინფექციის შემთხვევების მატების ტენდენცია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ჯერჯერობით ქვეყანა მცირე სხვაობით პროგნოზებს მიყვება, თუმცა საქართველოში ფიქსირდება იმაზე მეტი შემთხვევა, ვიდრე ამ გათვლებით იყო მოსალოდნელი, ამიტომ სპეციალისტებს ნოემბრის პროგნოზების ხელახალი გადათვლა მოუწევთ.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში (2154)
იუსტიციის სახლი

ქორწინება და განქორწინება ონლაინ: სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესები იცვლება

35
საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოქალაქეებისთვის სერვისებით სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის მიღება მომავალი წლიდან ელექტრონული ფორმით გახდება შესაძლებელი, იუწყება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

დღეს მთავრობამ დაამტკიცა იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმად, 7 სახის სამოქალაქო აქტი ელექტრონული სახით დარეგისტრირდება და შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობები – დაბადების, მამობის დადგენის, ქორწინების, განქორწინების, შვილად აყვანის, სახელის/გვარის შეცვლის, გარდაცვალების – ელექტრონული სახით გაიცემა.

„მოქალაქემ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობები მისაღებად განაცხადი ელექტრონულად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში უნდა გააკეთოს, რის შემდეგაც ის მიიღებს უნიკალურ სარეგისტრაციო ნომერს და შესაბამის საიდენტიფიკაციო კოდს, რომლის მეშვეობითაც უკვე პორტალ www.my.gov.ge-ზე გამოქვეყნებული სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის ჩამოტვირთვა ადგილიდან გაუსვლელად ნებისმიერ დროს შეეძლება“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, მოქალაქეებს ასევე მნიშვნელოვნად გაუადვილდებათ საზღვარგარეთ წარსადგენი ელექტრონული დოკუმენტების შესაბამისი წესით დამოწმებაც, რაც მათ დაუზოგავს დროსა და ფინანსებს. დაინტერესებულ პირი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ადგილიდან გაუსვლელად შეძლებს ელექტრონული მოწმობის სააგენტოსთვის წარდგენას, მისი ელექტრონული აპოსტილით დამოწმებას და დოკუმენტის მიღებას (ჩამოტვირთვას).

კანონპროექტით გათვალისწინებული ძირითადი რეგულაციების ამოქმედება 2021 წლის 1 თებერვლიდან არის გათვალისწინებული.

შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა მატერიალური ფორმით მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, როდესაც ელექტრონული დოკუმენტის შექმნა ფორსმაჟორული გარემოებების ან/და ტექნიკური შეფერხების გამო იქნება შეუძლებელი, აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოქალაქეებისთვის სერვისებით სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

35