იუსტიციის სახლი

დოკუმენტი დამოწმებულია: საქართველოში „ელექტრონული აპოსტილის“ სერვისი ამოქმედდა

44
(განახლებულია 14:53 15.10.2020)
საქართველო გახდა მე-19 ქვეყანა ჰააგის კონვენციის წევრი 119 სახელმწიფოდან, რომელმაც ეს სერვისი დანერგა.

თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. საქართველო გახდა მსოფლიოში მე-19 ქვეყანა, რომელსაც ელექტრონული აპოსტილის ინოვაციური სერვისი გააჩნია, იუწყება იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

საქართველოში სკოლის ატესტატის ელექტრონული ფორმით გაცემა დაიწყო >>

იმისათვის, რომ საქართველოში გაცემულ დოკუმენტებს იურიდიული ძალა უცხოეთშიც გააჩნდეს, საჭიროა მათი აპოსტილით დამოწმება. ამ სერვისზე დღეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოთხოვნაა.

როგორც სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, პროექტის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოქალაქეებისთვის სერვისებით სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდა.

დღეისათვის აპოსტილის სერვისი ერთსაფეხურიანი პროცედურაა და ის დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებას გულისხმობს მხოლოდ ერთი კონკრეტული უწყების – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ. სააგენტო აპოსტილით ამოწმებს სახელმწიფოს ადმინისტრაციული ორგანოების, ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემულ 100-ზე მეტი ტიპის დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობას, ხელმომწერი პირის უფლებამოსილებას და ბეჭდის ავთენტურობას. ამგვარად დამოწმებული დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია „უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ“ ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის წევრი ნებისმიერი 119 სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ნათქვამია განცხადებაში.

ამჟამად აღნიშნული 119 სახელმწიფოდან ელექტრონული აპოსტილი ხელმისაწვდომია მხოლოდ 18 ქვეყანაში – ესპანეთში, ბელგიაში, ავსტრიაში, ესტონეთში, აშშ-ში, არგენტინაში, ბაჰრეინში, ბოლივიაში, ჩილეში, კოლუმბიაში, ლატვიაში, ახალ ზელანდიაში, მოლდოვაში, სლოვენიაში, ვენესუელაში, დომინიკის რესპუბლიკაში, ბულგარეთსა და ბრაზილიაში. ახლა კი ამ ჩამონათვალს საქართველოც შეუერთდა. რაც შეეხება ჰააგის კონვენციის წევრ სხვა 100 სახელმწიფოს, ისინი აღნიშნულ სერვისს ეტაპობრივად დანერგავენ.

აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდებზე www.my.gov.ge და HTTPS://apostille.cra.ge/ ან ელექტრონული ფოსტის საშულებით. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემა კვლავ გაგრძელდება.

ელექტრონული აპოსტილის პროექტი გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ბოლო დროს მოქმედ დისტანციურ სერვისებს ახალი, ყველაზე მაღალი მოთხოვნის მქონე მომსახურებები დაემატა და მათი მოქმედების ტერიტორიული არეალი გაფართოვდა – საქართველოში მყოფი ნებისმიერი პირისთვისაც უკვე ხელმისაწვდომია ის დისტანციური სერვისები, რომლითაც სარგებლობა ამ დრომდე მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფ პირებს შეეძლოთ.

 

44
ავტობუსის კონტროლიორი

თბილისში კორონავირუსი ავტობუსის კონტროლიორს დაუდასტურდა

11
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ ავტობუსის კონტროლიორი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში ავტობუსის კონტროლიორს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება თბილისის სატრანსპორტო კომპანია.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ ავტობუსის კონტროლიორი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

მათი თქმით, კონტროლიორს მგზავრებთან შეხება არ ჰქონია, ის ათი დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

„კონტროლიორები მუშაობენ განრიგით, ის არ მუშაობდა, როცა თავი იგრძნო შეუძლოდ, ათი დღის განმავლობაში იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. ამ პერიოდში მან ჩაიტარა ტესტირება და დაუდასტურდა ვირუსი. მას არ ჰქონია შეხება არც თანამშრომლებთან და არც მგზავრებთან. რამდენადაც ვიცი, მისი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია“, – აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო დღეებში ყოველდღიურმა მაჩვენებელმა თითქმის 2000-ს მიაღწია.

საქართველოში ბოლო დღე–ღამეში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 1824-ით გაიზარდა და 32127-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 12632 ადამიანი, გარდაიცვალა – 238.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

11
თემები:
COVID-19 საქართველოში
ცარიელი საკლასო ოთახი

კახეთის ერთ-ერთ სკოლაში კორონავირუსი სამ მოსწავლეს დაუდასტურდა

81
ამ დროისთვის კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 362-ია. რეგიონში Covid-19-ით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. ყვარლის ერთ-ერთი საჯარო სკოლაში კორონავირუსი სკოლის სამ მოსწავლეს დაუდასტურდა, იუწყება პირველი არხი.

სკოლა ხვალიდან დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან და ისინი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან.

ამ დროისთვის კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 362-ია. რეგიონში Covid-19-ით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

საკლასო ოთახებში სწავლის განახლების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი საქართველოს მასშტაბით უკვე არაერთ სკოლაში დაფიქსირდა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეგულაციების თანახმად, რომელიმე სკოლაში კორონავირუსით ინფიცირების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, საჭიროებიდან გამომდინარე, პედაგოგები და მოსწავლეები (იქნება ეს კლასი, ესა თუ ის სართული, მთლიანად სკოლა და ა.შ.) თვითიზოლაციაში გადადიან, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გრძელდება. ასევე სკოლას უტარდება დეზინფექცია.

ქვეყანაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

საქართველოს ოთხ ქალაქში – თბილისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ქუთაისში, სადაც სკოლებში სწავლა 1 ოქტომბრიდან განახლდა. განათლების სამინისტრომ დაწყებითი კლასების მოსწავლეების მშობლებს არჩევანის საშუალება მისცა – ბავშვები სკოლაში ივლიდნენ ან ონლაინ–რეჟიმში გააგრძელებდნენ სწავლას. მეშვიდე და უფროსი კლასების მოსწავლეები კი დისტანციურ რეჟიმში სწავლობენ.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოში I-VI კლასების 130 ათასი მოსწავლიდან დაახლოებით 10 ათასმა მოსწავლემ სწავლის დისტანციური რეჟიმი აირჩია.

რუსთავში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 21 წლის ბიჭი გარდაიცვალა >>

საქართველოში ბოლო დღე–ღამეში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 1824-ით გაიზარდა და 32127-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 12632 ადამიანი, გარდაიცვალა – 238.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

81
თემები:
COVID-19 საქართველოში