ლაბორატორია

სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 91 შემთხვევა დაფიქსირდა

41
(განახლებულია 17:49 14.10.2020)
რეგიონში სულ ინფიცირებულია 253  მოქალაქე. ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში გამოჯანმრთელდა 14 პაციენტი.

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსზე 684 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა, მათგან 91 დადებითი პასუხია, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი. 

ახალი შემთხვევებიდან 33 ზუგდიდის მუნიციპალიტეტს უკავშირდება (დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები და რუხისა და „ევექსის“ კლინიკებში ცხელებით შესული პაციენტები). ერთი შემთხვევა გამოვლინდა აბაშის მუნიციპალიტეტში (კლინიკა „ევექსის“ მედპერსონალი), ერთი ინფიცირებული კი აფხაზეთის მკვიდრია. რაც შეეხება ფოთს, აქ ინფიცირების 56 შემთხვევა დაფიქსირდა.

„შპს „ფოთის ტექსტილში“ გუშინ 400 თანამშრომელს PCR-ტესტი ჩაუტარდა, მათგან 56-ს ინფექცია დაუდასტურდა. ყველა მათგანი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. შესაძლოა ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან საბოლოო კვლევა ჯერ დასრულებული არ არის“, – განაცხადა რეგიონის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა ნანა მხეიძემ. 

რეგიონში სულ ინფიცირებულია 253 მოქალაქე. რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის კურსს ამჟამად 79 პაციენტი გადის, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში კი 33 კოვიდ-პაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში გამოჯანმრთელდა 14 პაციენტი.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში 137 ადამიანი იმყოფება.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 13521 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელების შემთხვევათა რიცხვი კი 7157-ს შეადგენს. გარდაიცვალა 109 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში საქართველოს 5590 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. უცხოეთიდან საქართველოში საკმურნალოდ 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

41
თემები:
COVID-19 საქართველოში (2132)
ქუთაისი

ქუთაისში 274 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემათ

7
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იმერეთის რეგიონში წლის ბოლომდე საცხოვრებელი ფართით 100-ზე მეტი დევნილი  ოჯახი დაკმაყოფილდება.

 

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. ქუთაისში 274 დევნილ ოჯახს ახლადაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელ ბინებს გადასცემენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2. 

იმისთვის, რომ დევნილებმა დაიკანონ ან მიიღონ ახალი ფართები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უნდა მიმართონ.

იმერეთის რეგიონში წლის ბოლომდე საცხოვრებელი ფართით 100-ზე მეტი დევნილი  ოჯახი დაკმაყოფილდება.

„ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში 274 ბინა ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობა უკვე მიმდინარეობს, რის შედეგადაც გამოვლინდება, კონკრეტულად რომელი ობიექტები დაიხურება ამ ეტაპზე“, – განაცხადა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 273,4 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია.

 

საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.

7
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნება

13
(განახლებულია 10:04 21.10.2020)
საქართველოს განათლების სამინისტროს მონაცემებით, წელს ქუთაისის უნივერსიტეტში სწავლის სურვილი 1000-ზე მეტმა აბიტურიენტმა გამოთქვა.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს, უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიალზე ​პირველკურსელები საზეიმო ფიცს დადებენ. 

ღონისძიებაზე სტუდენტებს მიესალმებიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი და უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე თევზაძე.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი  პირველ ნაკადს მიიღებს სამ სპეციალობაზე – მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები და მენეჯმენტი, სამომავლოდ კი, სპეციალობათა რაოდენობა გაიზრდება.

KIU  ქუთაისის მახლობლად, ეკოლოგიურად სუფთა ზონაში, 153 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. საუნივერსიტეტო კომპლექსი მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სპორტულ და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. პროექტის ავტორი და მეცენატია ბიძინა ივანიშვილი.

პირველკურსელებს ელის თანამედროვე საცხოვრებელი, სტუდიური ტიპის ოთახები ავტონომიური გათბობისა და გაგრილების სისტემით, სააბაზანო ოთახით, საძინებლით, სრულად მოწყობილი სამზარეულოთი და სასწავლო სივრცით. ოთახები აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, ყველა საჭირო ინვენტარითა და უწყვეტი ინტერნეტით. 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან, მათ შორის მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. აკადემიური პროგრამები შემუშავებულია სწორედ მიუნხენის უნივერსიტეტის პროგრამების საფუძველზე.

საქართველოს განათლების სამინისტროს მონაცემებით, წელს ქუთაისის უნივერსიტეტში სწავლის სურვილი 1000-ზე მეტმა აბიტურიენტმა გამოთქვა.

უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტური გრანტის ფონდი, რომლის ფარგლებში დაფინანსდება სწავლის, სტუდენტური საცხოვრებლის გადასახადი და სტუდენტური სტიპენდია.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში უნივერსიტეტის გახსნისა და სტუდენტების მიღების ცერემონია დღეს, 13.00 საათზე გაიმართება.

13
თემები:
განათლება საქართველოში
ბათუმის დელფინარიუმი

ბათუმის დელფინარიუმში მატებაა მის ისტორიაში მეთერმეტე დელფინი დაიბადა

0
(განახლებულია 10:40 21.10.2020)
ახალშობილი დელფინი მამრია. ის დელფინ ცუცას მეორე შვილია. დელფინარიუმის ისტორიაში მეთერთმეტე ახალშობილისთვის სახელი ჯერ კიდევ არ შეურჩევიათ.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმის დელფინარიუმს კიდევ ერთი ბინადარი შეემატა, აღნიშნულია დელფინარიუმის განცხადებაში.

ახალშობილი მამრი დელფინ ცუცას მეორე შვილია. დელფინარიუმის ისტორიაში ის მეთერთმეტე ახალშობილია. მისთვის სახელი ჯერ არ შეურჩევიათ.

ახალშობილი დელფინი თავს კარგად გრძნობს და აუზში აქტიურად დაცურავს. ამჟამად დედა პატარა დელფინს სწორ სუნთქვასა და სინქრონულ ცურვას, ასევე კოორდინირებულ მოძრაობას ასწავლის.

„ახალბედას წონაში მატება უკვე ეტყობა. იგი ამ ეტაპზე დედის რძით იკვებება და ეს პროცესი 3 წელზე მეტ ხანს გაგრძელდება. 6-დან 8 თვის ასაკის შუალედში, რძესთან ერთად პატარა, თევზით კვებასაც დაიწყებს“, აღნიშნავს დელფინარიუმის ძუძუმწოვართა ცენტრის უფროსი, ბიოლოგიის დოქტორი ტარიელ წეროძე.

ბათუმის დელფინარიუმის ბინადრები განეკუთვნებიან დელფინთა სახეობა აფალინებს (Tursiops truncatus). დელფინისებრთა ოჯახის ეს ზღვის ძუძუმწოვარი ცხოველი შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის „წითელ ნუსხაში“ (IUCN).

ბათუმის დელფინარიუმი სტუმრებისთვის დახურულია, თუმცა, თანამშრომლები პანდემიისა და შიდა რეგულაციის შესაბამისი უსაფრთხოების ნორმების დაცვით, სპეციალურ რეჟიმში მუშაობენ.

0