სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

პატრიარქი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავძლიოთ ავადმყოფობა, რომელიც მძვინვარებს

99
(განახლებულია 17:28 14.10.2020)
საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლს მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მალე დაძლევს ამ რთულ განსაცდელს.

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა.

ილია მეორემ ქართველ ხალხს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა და სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„კიდევ ერთხელ გილოცავთ სვეტიცხოვლობას. ეს არის დიდი სასწაული, სასწაული დღევანდელი დღეცაა. ღმერთი მოწყალეა, გადაარჩენს საქართველოს. შიში არ უნდა გქონდეთ, მხოლოდ რწმენა და სიყვარული. დალოცვილი იყავით“, – ბრძანა ილია მეორემ.

პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ხალხი მალე დაძლევს და გადალახავს ამ დიდ განსაცდელს. საქართველო მრავალი სასწაულით არის დაჯილდოებული და შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოში იყო ჩამოტანილი ხალენი წმიდისა ილია წინასწარმეტყველისა, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ღვთისმშობლისა, ჩამოტანილ იქნა კვართი მაცხოვრისა.

„ეს ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ ჩვენ ბევრი მოგვეკითხება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავძლიოთ ის განსაცდელი, რომელიც მოგვივლინა ჩვენ უფალმა, ის ავადმყოფობა, რომელიც მძვინვარებს. იმედია, რომ საქართველო, ქართველი ხალხი დაძლევს ამ განსაცდელს“, – ბრძანა პატრიარქმა.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი — ქრისტეს ყველა მოციქულს.

14 ოქტომბერი საქართველოში უქმე დღეა.

99
თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)
 ვაზიანის სამხედრო ბაზა

Agile Spirit 2021–ის ფარგლებში საჰაერო-სადესანტო წვრთნა გაიმართა

131
(განახლებულია 13:15 01.08.2021)
Agile Spirit-ის მიზანია ერთობლივი სამხედრო ოპერაციების ჩატარება ნატოს წევრი ქვეყნებისა და პარტნიორების სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო უნარების ასამაღლებლად.

თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. საქართველოში ჩატარებული მრავალეროვნული სწავლებების ისტორიაში პირველად, ქართველი და ამერიკელი სამხედროების მონაწილეობით ერთობლივი საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება გაიმართა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნატოს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2021 („მტკიცე სული") 26 ივლისს გაიხსნა. საქართველო  სამხედრო სწავლებას, რომელიც წელს უკვე მეათედ ტარდება, 6 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. წვრთნებში მონაწილეობს 700 ამერიკელი, 1.600 ქართველი და სხვადასხვა ქვეყნის 250 სამხედრო მოსამსახურე.

Agile Spirit 2021-ის ფარგლებში ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე საჰაერო სადესანტო წვრთნა საქართველოს თავდაცვის ძალების, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიისა და ევროპაში აშშ-ის საჰაერო ძალების ერთობლივი მონაწილეობით ჩატარდა. საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება ევროპაში აშშ-ის საჰაერო ძალების სამი ერთეული C-130 ჰერკულესის ტიპის თვითმფრინავით განხორციელდა. 

საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე C-130 თვითმფრინავიდან სამხედრო მძიმე ტექნიკის გადმოსროლით დაიწყო, რის შემდეგაც დანარჩენი ორი თვითმფრინავიდან პირადი შემადგენლობის დესანტირება განხორციელდა.

„პარაშუტებით გადმოხტომისას სამხედროებმა Agile Spirit 2021-ში მონაწილე ქვეყნების დროშები გაშალეს. საჰაერო დესანტირების შემდეგ სადესანტო ჯგუფების ქართველმა და ამერიკელმა ხელმძღვანელებმა პარტნიორობისა და მეგობრობის ნიშნად ერთმანეთს პარაშუტისტების ბეჯები გაუცვალეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სცენარის მიხედვით, მედესანტეებმა სამხედრო აეროდრომის დაკავების ოპერაცია შემდგომში მომყოლი მოკავშირე მრავალეროვნული ძალების მიღებისა და მათ მიერ აეროდრომის დაკავების მიზნით ჩაატარეს.

Agile Spirit 2021 ხელს უწყობს რეგიონულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, ასევე ავითარებს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობებს, რათა კიდევ უფრო ეფექტიანად შეძლონ რეგიონულ კრიზისებსა და გამოწვევებზე რეაგირება. სწავლების მთავარი გზავნილია – „ძალა პარტნიორობაშია".

წვრთნები Agile Spirit 2011 წლიდან ტარდება და იგი აშშ-თან და ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი კომპონენტია. 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო სწავლება არ ჩატარებულა.

131
თემები:
საქართველოს თავდაცვა
შანაე ბრუკი

წარმოუდგენელი სისასტიკის მსხვერპლია: „საერთაშორისო სახლი“ შანაი ბრუკის დაღუპვის ფაქტზე

99
(განახლებულია 12:59 01.08.2021)
შსს-ს ცნობით, ავსტრალიელი ქალის გარდაცვალების საქმეზე აქტიურად გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები  დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით.

თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. თბილისში 31 წლის ავსტრალიელი ქალის შანაი ბრუკის გარდაცვალებას ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრი „საერთაშორისო სახლი“ (International House Tbilisi), სადაც ქალი მასწავლებლად მუშაობდა, სპეციალური განცხადებით ეხმაურება.

„ძალიან გვიმძიმს ამ სიტყვების დაწერა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვავთ ჩვენი მასწავლებელის, შანაე ბრუქს ედვარდსის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. იგი წარმოუდგენელი სისასტიკის მსხვერპლია. დავკარგეთ გულისხმიერი ახალგაზრდა ადამიანი და კარგი მასწავლებელი. ვუსამძიმრებთ ყველას –ოჯახს, კოლეგებს, სტუდენტებს",- აღნიშნულია განცხადებაში. 

თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი ქალის ცხედარი რამდენიმესაათიანი ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა გუშინ იპოვეს.

ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა ქალი მოკლეს. მისი ცხედარი  მთაწმინდის ფერდობზე „ეშმაკის ბორბლის“ ქვემოთ ხეობაში იპოვეს. იგი ტოტებით და ფოთლებით იყო დაფარული. ავსტრალიის მოქალაქე სათვალთვალო კამერებმა ბოლოს 30 ივლისს, დაახლოებით 15:30 საათზე ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს.

დაკარგულის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ესაუბრებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, ქალს მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა.

როგორც დაღუპულის მეგობრები აცხადებენ, ახალგაზრდა ქალი სპორტით იყო დაკავებული და მთაწმინდაზე ხშირად სეირნობდა.

ავსტრალიის მოქალაქის სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ კრიმინალური პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

ქალის გარდაცვალების საქმეზე თავდაპირველად საქმე საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, მოგვიანებით კი 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) შეიცვალა.

99
თემები:
თბილისი დღეს
ირაკლი ღარიბაშვილი და რეჯეფ თაიიფ ერდოღანი

რა საკითხები განიხილეს ღარიბაშვილმა და ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას

0
(განახლებულია 21:02 01.08.2021)
სატელეფონო საუბრისას ღარიბაშვილმა და თურქეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის განვითარების პერსპექტივასა და მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება.

თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმიმისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღარიბაშვილმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანს თურქეთში ხანძრების შედეგად გამოწვეული მსხვერპლისა და ზიანის გამო საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და მხარდაჭერა აღუთქვა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს უკვე დაავალა, საჭიროების შემთხვევაში, მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ თურქეთის რესპუბლიკას სათანადო დახმარება აღმოუჩინონ.

სატელეფონო საუბრისას ყურადღება გამახვილდა ასევე ღარიბაშვილის სახელმწიფო ვიზიტზე ანკარაში, რომელიც 1 ივნისს შედგა. ადმინისტრაციის ცნობით, ხაზი გაესვა მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს სხდომის ახლო მომავალში გამართვის აუცილებლობას, რომელიც ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხების განხილვისთვის უმნიშვნელოვანეს ფორმატს წარმოადგენს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანს მაღალი დონის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა, ერდოღანმა კი ღარიბაშვილი თურქეთში კიდევ ერთხელ მიიწვია.

უკვე რამდენიმე დღეა თურქეთში ხანძარი მძვინვარებს. ცეცხლი გადავიდა დასახლებულ პუნქტებში, მოედო საცხოვრებელ უბნებსა და სასტუმროებს. განსაკუთრებით მძიმედაა სიტუაცია ადანაში, სადაც ტყის ხანძრის ექვსი კერაა, ხოლო ანტალიასა და მერსინში - ოთხ-ოთხი. ხანძარს ვერ გადაურჩა ისეთი პოპულარული კურორტები, როგორიცაა ბოდრუმი და მარმარისი.

ბოლო ცნობებით, ხანძრების შედეგად დაზარალდა 42 დასახლებული პუნქტი, 27 უკვე ევაკუირებულია. ხანძრის შედეგად დაიღუპა მინიმუმ ექვსი ადამიანი, დაშავებულია დაახლოებით 200.

თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან 1992 წელს დაამყარა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, განათლების სფეროებში და მიიჩნევენ, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან.

0
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა