ლაბორატორია

გამყრელიძე: ქვეყანაში მასშტაბური არა, მაგრამ წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება

69
(განახლებულია 16:11 14.10.2020)
სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ, დღეს კი რეკორდული მაჩვენებელი – 680 შემთხვევა დაფიქსირდა.

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. სახელმწიფოს პოლიტიკა არის ასეთი: არ იქნება დიდი, გლობალური შემზღუდველი ღონისძიებები, მაგრამ იქნება სხვადასხვა სახის წერტილოვანი შეზღუდვები, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

თბილისში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა>>

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, მკაცრ შეზღუდვებს ვეღარ გამოაცხადებენ.

„ჩვენ იმედი გვქონდა, რომ როგორც რესპირაციული ინფექცია, კორონავირუსი ზაფხულში შემცირდებოდა და შეიძლება გამქრალიყო. ამიტომ დაავადების დასაწყისში ერთადერთი ბერკეტი მასთან ბრძოლის იყო მძიმე და მკაცრი შემზღუდველი ღონისძიებები. შემდეგ კაცობრიობამ გაიაზრა, რომ ეს არ არის მარტივი ინფექცია. მიუხედავად იმისა, რომ ინფექცია მსუბუქდება, არ გამქრალა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დროა მოსახლეობამ კორონავირუსთან თანაცხოვრება ისწავლოს, რადგან მსოფლიოს გამოცდილებაც აჩვენებს, რომ ქვეყნები ვეღარ ჩაიკეტებიან.

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო დღეების ყოველდღიური მაჩვენებელი 500-ის ფარგლებში მერყეობდა, დღეს კი ყველაზე ბევრი – 680 შემთხვევა დაფიქსირდა. 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 13 521 შემთხვევაა დადასტურებული. სულ გამოჯანმრთელდა 7 157 ადამიანი, გარდაიცვალა 109 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში საქართველოს 5 590 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

69
თემები:
COVID-19 საქართველოში (2186)
გადასატანი ყუთი

ცესკო: გადასატანი საარჩევნო ყუთის მიტანა 900-მდე ამომრჩეველმა მოითხოვა

176
თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, გადასატანი საარჩევნო ყუთის მომსახურებით მხოლოდ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრისთვის მომართვის შემთხვევაში ისარგებლებენ.

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს უკვე 900-მდე ამომრჩეველმა მიმართა, თუმცა ზარების გარკვეული რაოდენობა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის კრიტერიუმებს არ შეესაბამებოდა, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საარჩევნო კომისიის ცნობით, იმისათვის, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა იმ საქართველოს მოქალაქეებმა, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, შეძლონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, მეორე დღეა  სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი მოქმედებს.

თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების ზარებს სატელეფონო ცენტრში დილის 10:00 საათიდან 22:00 საათამდე სპეციალურად გადამზადებული 25 ოპერატორი პასუხობს.

„თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ აწარმოა აქტიური საინფორმაციო კამპანია. ამ დრომდე, ცესკომ შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით რეგისტრირებულ 3000-მდე ამომრჩეველს გაუგზავნა სატელეფონო შეტყობინებები და გრძელდება სმს-ების დაგზავნის პროცესი აღნიშნულ ყველა მოქალაქესთან“, - ნათქვამია ცესკოს ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც რეგიონულ და ადგილობრივ მედიაში, ისე სოციალური ქსელების საშუალებით ვრცელდება საინფორმაციო ვიდეორგოლები თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ინფორმირებისთვის.

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ასევე შეძლებენ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული ამომრჩევლებიც.

31 ოქტომბრის არჩევნებზე ამ დაწესებულებებში გადასატან ყუთს სპეციალურად შექმნილი კომისიის წევრები მიიტანენ.

სპეციალურ ჯგუფების წევრებს ჩვეულებრივ საარჩევნო უბნებთან ფიზიკური კონტაქტი არ ექნებათ. ხმების დათვლა კი განხორციელდება ცალკე, სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბნებში.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას იღებს 48 პარტია და 2 ბლოკი. ამომრჩევლებს მოუწევთ 150 დეპუტატის არჩევა – 120 აირჩევა პროპორციული სისტემით, ხოლო 30 – მაჟორიტარულით.

საქართველოში არჩევნები პანდემიის პირობებში პირველად ტარდება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 28431-ს მიაღწია. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4112, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3766 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში- 2268 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

176
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
თურქეთის დროშა

კორონავირუსუს გამო საქართველოში თურქეთის საკონსულო მუშაობას აჩერებს

135
დიპლომატიური მისია თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში საკონსულოს ცხელ ხაზს დაუკავშირდნენ.

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის ზრდის გამო თურქეთის საკონსულო მუშაობას აჩერებს, აღნიშნულია თურქეთის საელჩოს Facebook-გვერდზე. 

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დღე-ღამური მაჩვენებელი ორი ათასს უახლოვდება. ეპიდემიოლოგების პროგნოზებით, ნოემბერში ახალი შემთხვევების რაოდენობა სამ-ოთხ და ხუთი ათასსაც კი მიაღწევს დღე-ღამეში.

თურქეთის დიპლომატიური მისია აცხადებს, რომ საკონსულოში ოპერაციები აღარ განხორციელდება მანამ, სანამ ამის შესახებ ხელალხალი განცხადება არ გაკეთდება. საელჩო მიმართავს თავის მოქალაწქეებს, შესაძლო გადაუდებელი საკონსულო ოპერაციების განხორციელების მიზნით დაუკავშირდნენ საკონსულოს ცხელ ხაზს. 

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 28431-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 10767 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4112, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3766 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2268 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

135
თემები:
COVID-19 საქართველოში (2186)
წინასაარჩევნო სიმბოლიკა

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამომრჩევლებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

0
პარტიის ლიდერმა სამეგრელოს მოსახლეობას ახალი მთავრობის ამოქმედებისთანავე ქალაქ ლაზიკის მშენებლობის პროექტის განახლების პირობა მისცა

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვირას საღამოს ზუგდიდში ამომრჩევლებთან დასკვნითი შეხვედრა გამართა, რა დროსაც შეკრებილებს ვიდეოზარით საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეიოლ სააკაშვილმა მიმართა.

სააკაშვილმა გააფრთხილა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი „ხელი არ წაუცდეს“ არჩევნების შედეგების გაყალბებაზე.

„შეხედე კარგად ზუგდიდს და დაიმახსოვრე, ხუთ დღეში ან წყნარად ჩამოშორდები ხელისუფლებას ან არ შეშურდება შენი ბედის არც ერთ მომავალ თაობას. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი, სამაგალითო ხვედრი ნებისმიერი ადამიანის საქართველოს ისტორიაში. შენი ბოლო გაფრთხილება ზუგდიდიდან. ბოლო გაფრთხილება საქართველოს სახელით“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ნაცმოძრაობის“ და ბლოკ „ძალა ერთობაშიას“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ასევე სამეგრელოს მოსახლეობას ახალი მთავრობის ამოქმედებისთანავე შავი ზღვის სანაპიროზე ქალაქ ლაზიკის მშენებლობის პროექტის განახლების პირობა მისცა, რომელიც, მისი თქმით, ივანიშვილმა „მოკლა“.

მიხეილ სააკაშვილის თავდაპირველი ჩანაფიქრით, ქალაქი ლაზიკა უნდა გამხდარიყო ტურისტული, საცხოვრებელი და ეკონომიკური ზონა, შემდგომში კი საპორტო ქალაქი. თუმცა ყოფილი პრეზიდენტის გეგმები 2012 წელს არჩევნების წაგებამ ჩაშალა.

ლომჯარია: ბათუმში ათასობით ადამიანის შეკრება უკიდურესი უპასუხისმგებლობის გამოვლინებაა >>

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას იღებს 48 პარტია და 2 ბლოკი. ამომრჩევლებს მოუწევთ 150 დეპუტატის არჩევა – 120 აირჩევა პროპორციული სისტემით, ხოლო 30 – მაჟორიტარულით.

საქართველოში არჩევნები პანდემიის პირობებში პირველად ტარდება.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020