ტესტირება კორონავირუსზე

განახლებული გაიდლაინი და ხუთი მობილური ჯგუფი რა იცვლება COVID-19-ის მართვაში

118
(განახლებულია 20:08 13.10.2020)
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო შედეგს სულ რაღაც ერთ კვირაში იგრძნობს.

თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. COVID-19-ის მკურნალობის გაიდლაინი არსებული მონაცემებისა და თანამედროვე მიდგომების შესაბამისად განახლდა და ის მოგვიანებით გამოქვეყნდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში კლინიკური ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დღეს ჯანდაცვის სამინისტროში რეანიმატოლოგების, ინფექციონისტებისა და სხვა წამყვანი სპეციალისტების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება შეაფასეს და რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს.

ცერცვაძის ინფორმაციით, მიღებულია გადაწყვეტილება ხუთი მობილური ჯგუფის/ბრიგადის შექმნაზე, რომლებიც კოვიდ-კლინიკებში იმუშავებენ. ჯგუფის შემადგენლობაში შევა ინფექციონისტი, წამყვანი რეანიმატოლოგი და სამინისტროს წარმომადგენელი ოფიციალური პირი. გარდა ამისა, ორ ჯგუფში დამატებულია რამდენიმე პრაქტიკოსი ექიმი, რომლებსაც „კოვიდის“ მართვის გამოცდილება აქვთ. ხუთი მობილური ჯგუფიდან ერთი გაემართება აჭარაში, ერთი – იმერეთში, სამი კი თბილისში იმუშავებს.

„ამ ჯგუფს ექნება შერეული ფუნქცია. ერთი – ის გააკეთებს აუდიტს, შეაფასებს ამა თუ იმ კლინიკის ყველა ძლიერ და სუსტ მხარეს, გააკეთებს ანალიზს. შემდეგ სამინისტრო მოახდენს რეაგირებას, სად რა რგოლი გააძლიეროს. მეორე – ის არ შემოიფარგლება მარტო აუდიტის ფუნქციით, არამედ ადგილზე გაუწევს პრაქტიკულ დახმარებას, რადგან ამ ჯგუფის წევრები არიან პრაქტიკოსი ექიმები უდიდესი გამოცდილებით“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, მსგავსი მობილური ჯგუფების შექმნის წინაპირობა ბოლო 2-3 კვირის მანძილზე შემთხვევებისა და სიკვდილიანობის ზრდამ გააჩინა.

„ამაზე საჭიროა მყისიერი საპასუხო ზომები, რომლისკენაც პირველი სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა. იმედი მაქვს, საქართველო შედეგს სულ რაღაც ერთ კვირაში იგრძნობს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს. ახალი შემთხვევების უმეტესობა აჭარასა და თბილისზე მოდის, სადაც შემთხვევების რაოდენობა სამნიშნა რიცხვებით გამოიხატება.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 12 841 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6 867 ადამიანი, გარდაიცვალა 102 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

118
თემები:
COVID-19 საქართველოში (2185)
გადასატანი ყუთი

ცესკო: გადასატანი საარჩევნო ყუთის მიტანა 900-მდე ამომრჩეველმა მოითხოვა

131
თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, გადასატანი საარჩევნო ყუთის მომსახურებით მხოლოდ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრისთვის მომართვის შემთხვევაში ისარგებლებენ.

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს უკვე 900-მდე ამომრჩეველმა მიმართა, თუმცა ზარების გარკვეული რაოდენობა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის კრიტერიუმებს არ შეესაბამებოდა, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საარჩევნო კომისიის ცნობით, იმისათვის, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა იმ საქართველოს მოქალაქეებმა, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, შეძლონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, მეორე დღეა  სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი მოქმედებს.

თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების ზარებს სატელეფონო ცენტრში დილის 10:00 საათიდან 22:00 საათამდე სპეციალურად გადამზადებული 25 ოპერატორი პასუხობს.

„თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ აწარმოა აქტიური საინფორმაციო კამპანია. ამ დრომდე, ცესკომ შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით რეგისტრირებულ 3000-მდე ამომრჩეველს გაუგზავნა სატელეფონო შეტყობინებები და გრძელდება სმს-ების დაგზავნის პროცესი აღნიშნულ ყველა მოქალაქესთან“, - ნათქვამია ცესკოს ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც რეგიონულ და ადგილობრივ მედიაში, ისე სოციალური ქსელების საშუალებით ვრცელდება საინფორმაციო ვიდეორგოლები თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ინფორმირებისთვის.

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ასევე შეძლებენ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული ამომრჩევლებიც.

31 ოქტომბრის არჩევნებზე ამ დაწესებულებებში გადასატან ყუთს სპეციალურად შექმნილი კომისიის წევრები მიიტანენ.

სპეციალურ ჯგუფების წევრებს ჩვეულებრივ საარჩევნო უბნებთან ფიზიკური კონტაქტი არ ექნებათ. ხმების დათვლა კი განხორციელდება ცალკე, სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბნებში.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას იღებს 48 პარტია და 2 ბლოკი. ამომრჩევლებს მოუწევთ 150 დეპუტატის არჩევა – 120 აირჩევა პროპორციული სისტემით, ხოლო 30 – მაჟორიტარულით.

საქართველოში არჩევნები პანდემიის პირობებში პირველად ტარდება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 28431-ს მიაღწია. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4112, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3766 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში- 2268 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

131
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
თურქეთის დროშა

კორონავირუსუს გამო საქართველოში თურქეთის საკონსულო მუშაობას აჩერებს

128
დიპლომატიური მისია თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში საკონსულოს ცხელ ხაზს დაუკავშირდნენ.

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის ზრდის გამო თურქეთის საკონსულო მუშაობას აჩერებს, აღნიშნულია თურქეთის საელჩოს Facebook-გვერდზე. 

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დღე-ღამური მაჩვენებელი ორი ათასს უახლოვდება. ეპიდემიოლოგების პროგნოზებით, ნოემბერში ახალი შემთხვევების რაოდენობა სამ-ოთხ და ხუთი ათასსაც კი მიაღწევს დღე-ღამეში.

თურქეთის დიპლომატიური მისია აცხადებს, რომ საკონსულოში ოპერაციები აღარ განხორციელდება მანამ, სანამ ამის შესახებ ხელალხალი განცხადება არ გაკეთდება. საელჩო მიმართავს თავის მოქალაწქეებს, შესაძლო გადაუდებელი საკონსულო ოპერაციების განხორციელების მიზნით დაუკავშირდნენ საკონსულოს ცხელ ხაზს. 

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 28431-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 10767 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4112, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3766 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2268 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

128
თემები:
COVID-19 საქართველოში (2185)
საპატრულო პოლიცია

საზარელი ავარია ბაღდათში: დაღუპულია ოჯახის ოთხი წევრი, მათ შორის მცირეწლოვანი

0
ბავშვის დედა და მეორე მცირეწლოვანი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

დაღუპულებს შორის ერთი ოჯახის წევრები არიან - ავარიამ იმსხვერპლა ასევე ბავშვის მამა, ბიძა და ბებია.

ბავშვის დედა და მეორე მცირეწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი თხრილში გადავარდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში