ცერცვაძე: საქართველოში ანტივირუსული მედიკამენტი  „რემდესივირი“ ოქტომბრის  ბოლოს შემოვა

ცერცვაძე: საქართველოში ანტივირუსული მედიკამენტი  „რემდესივირი“ ოქტომბრის  ბოლოს შემოვა

133
(განახლებულია 23:19 12.10.2020)
რაც შეეხება ე.წ. მონოკლონურ ანტისხეულებს, საქართველო მის კლინიკურ გამოცდებში ჩაერთო და ამ ეტაპზე ონლაინ–ტრენინგები მიმდინარეობს.

თბილისი, 12 ოქტომბერი - Sputnik. საქართველო იქნება აღმოსავლეთ ევროპაში ერთ–ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს დღეისთვის ყველაზე იმედისმომცემ და მოთხოვნად ანტივირუსულ მედიკამენტ „რემდესივირს“, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან. 

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე გარანტირებულად იმის თქმა, რომ აღნიშნული მედიკამენტი კორონავირუსთან  ბრძოლაში გარანტირებულად ეფექტურია, დამტკიცებული არაა. თუმცა, „რემდესივირის“ გამოყენების შედეგად  მოსალოდნელია, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირდება.

„დიდი ალბათობით, ორ-სამ კვირაში საქართველოში ხელმისაწვდომი იქნება დღეისთვის არსებული ორი ყველაზე იმედისმომცემი საშუალება  „რემდესივირი“ და მონოკლონური ანტისხეულები. უკვე შემუშავებულია მექანიზმი და სავარაუდოდ, 25-30 ოქტომბრიდან საქართველოში კოვიდ–ინფიცირებულთა მკურნალობაში ჩაერთვება ნომერ პირველი ანტივირუსული მედიკამენტი „რემდესივირი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ქვეყანაში  ამ ახალი და დღეისთვის ყველაზე იმედისმომცემი მედიკამენტის დროულად შემოტანა საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და ჯანდაცვის სამინისტროს უშუალო მონაწილეობით ხდება.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან კორონავირუსის წინააღმდეგ პრეპარატების გამოცდების პირველ ფაზაში, რომელიც მარტში დაიწყო, ჩართული იყო „რემდესივირი“, „ჰიდროქსილქლოროქინი“, „ლოპინავირი“ და „რიტონავირი“, მათ შორის „ინტერფერონთან“ ერთადაც. ორგანიზაციის „სოლიდარობის ტესტირებაში“ 4,5 ათასზე მეტი პაციენტი იღებდა მონაწილეობას. ოთხი თვის შემდეგ ჯანმოს ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ჩამოთვლილ პრეპარატებს შორის ყველაზე მეტი ეფექტურობა „რემდესივირმა“ გამოავლინა. დანარჩენი პრეპარატები კი ტესტირებიდან მოიხსნა.

COVID-19-ის მქონე პაციენტებს ესაჭიროებათ ხუთდღიანი კურსი - ექვსი ამპულის გამოყენებით. კურსის საერთო ღირებულება 2340 დოლარს შეადგენს, აღნიშნა ცერცვაძემ. 

რაც შეეხება ე.წ. მონოკლონურ ანტისხეულებს, საქართველო მის კლინიკურ გამოცდებში ჩაერთო და ამ ეტაპზე ონლაინ–ტრენინგები მიმდინარეობს.

„საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე ხელმისაწვდომი გახდება მონოკლონური ანტისხეულებიც, რომლის კვლევაშიც საქართველო მიიღებს მონაწილეობას. საქართველოში რიგითი მოქალაქე უზრუნველყოფილი იქნება ტრამპის სტანდარტით", - განაცხადა ცერცვაძემ.

მონოკლონური ანტისხეულები – იმუნური სისტემის ერთ-ერთი საშუალებაა, ორგანიზმში შეუტიოს უცხო ნივთიერებებს ანტისხეულების გამოყენებით. ამ ანტისხეულების გამოცდა აშშ-ში და მსოფლიოს რამდენიმე წამყვან ქვეყანაში დაიწყო. ამერიკელი მეცნიერ–მედიკოსის, იმუნოლოგისა და ინფექციონისტის ენტონი ფაუჩის პირდაპირი რეკომენდაციით, საქართველო კლინიკური გამოცდების მონაწილე ქვეყნების სიაში მოხვდა.

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ.  ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ  12 272–ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 6 538 ადამიანი, გარდაიცვალა 93.

133
თემები:
COVID-19 საქართველოში (2155)
პაატა იმნაძე და ამირან გამყრელიძე

ხუთი ათასი შემთხვევა დღე-ღამეში? - როდის იქნება კორონავირუსის პიკი საქართველოში

28
საქართველოში მოსალოდნელ გათვლებზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ამიტომ სპეციალისტებს ნოემბრის პროგნოზების ხელახლა გამოთვლა მოუწევთ

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. წინასწარი გათვლებით, საქართველო კორონავირუსის პიკში ნოემბრის შუა რიცხვებიდან შევა, ახალი შემთხვევების რაოდენობამ შეიძლება სამ, ოთხ, ხუთ ათასს მიაღწიოს, განაცხადა ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში რეკორდულად – 1595-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 22803-ს მიაღწია, გარდაიცვალა - 178 პაციენტი.

გამყრელიძემ განაცხადა, რომ ცენტრი კორონავირუსის გავრცელების ტენდენციების მათემატიკური მოდელირებისთვის სამ ძირითად ინსტრუმენტს იყენებს.

კერძოდ, ეს არის აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ინსტრუმენტი, რომელიც შემუშავებული იყო პანდემიური გრიპის დროს 2009 წელს და ის ასევე გამოიყენება კორონავირუსულ ინფექციაზეც.

კიდევ ერთია ბაზელის უნივერსიტეტის ინსტრუმენტი, ხოლო მესამე ინსტრუმენტია აშშ-ის ჯანმრთელობის მაჩვენებლებისა და შეფასებების ინსტიტუტი.

„ეს ინსტრუმენტები გარკვეული მათემატიკური მოდელირების ინსტრუმენტებია, შეჰყავთ ბევრი სხვადასხვა მოცემულობა, რის შემდეგაც ინსტრუმენტები გითვლიან, დაახლოებით როგორი შეიძლება იყოს ინფექციის შემთხვევების მატების ტენდენცია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ჯერჯერობით ქვეყანა მცირე სხვაობით პროგნოზებს მიყვება, თუმცა საქართველოში ფიქსირდება იმაზე მეტი შემთხვევა, ვიდრე ამ გათვლებით იყო მოსალოდნელი, ამიტომ სპეციალისტებს ნოემბრის პროგნოზების ხელახალი გადათვლა მოუწევთ.

28
თემები:
COVID-19 საქართველოში (2155)
იუსტიციის სახლი

ქორწინება და განქორწინება ონლაინ: სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესები იცვლება

36
საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოქალაქეებისთვის სერვისებით სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის მიღება მომავალი წლიდან ელექტრონული ფორმით გახდება შესაძლებელი, იუწყება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

დღეს მთავრობამ დაამტკიცა იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმად, 7 სახის სამოქალაქო აქტი ელექტრონული სახით დარეგისტრირდება და შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობები – დაბადების, მამობის დადგენის, ქორწინების, განქორწინების, შვილად აყვანის, სახელის/გვარის შეცვლის, გარდაცვალების – ელექტრონული სახით გაიცემა.

„მოქალაქემ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობები მისაღებად განაცხადი ელექტრონულად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში უნდა გააკეთოს, რის შემდეგაც ის მიიღებს უნიკალურ სარეგისტრაციო ნომერს და შესაბამის საიდენტიფიკაციო კოდს, რომლის მეშვეობითაც უკვე პორტალ www.my.gov.ge-ზე გამოქვეყნებული სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის ჩამოტვირთვა ადგილიდან გაუსვლელად ნებისმიერ დროს შეეძლება“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, მოქალაქეებს ასევე მნიშვნელოვნად გაუადვილდებათ საზღვარგარეთ წარსადგენი ელექტრონული დოკუმენტების შესაბამისი წესით დამოწმებაც, რაც მათ დაუზოგავს დროსა და ფინანსებს. დაინტერესებულ პირი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ადგილიდან გაუსვლელად შეძლებს ელექტრონული მოწმობის სააგენტოსთვის წარდგენას, მისი ელექტრონული აპოსტილით დამოწმებას და დოკუმენტის მიღებას (ჩამოტვირთვას).

კანონპროექტით გათვალისწინებული ძირითადი რეგულაციების ამოქმედება 2021 წლის 1 თებერვლიდან არის გათვალისწინებული.

შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა მატერიალური ფორმით მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, როდესაც ელექტრონული დოკუმენტის შექმნა ფორსმაჟორული გარემოებების ან/და ტექნიკური შეფერხების გამო იქნება შეუძლებელი, აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოქალაქეებისთვის სერვისებით სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

36