თბილისი

შრომის ინსპექციამ კრიტიკული დარღვევების გამო ოქტომბერში ათამდე ობიექტი დააჯარიმა

50
(განახლებულია 20:12 12.10.2020)
ჯარიმების გამოწერამდე შესაბამისი სამსახურები რეკომენდაციებს გასცემენ, რომლის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში იურიდიული პირი 10 ათასი ლარით, ფიზიკური პირი კი 2 ათასი ლარით ჯარიმდება.

თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. უსაფრთხოების ზომების დარღვევის გამო მიმდინარე თვეში ათამდე ობიექტი დაჯარიმდა, განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

„ხელი გაწიე...“ – ავტობუსში პირბადის გამო მოქალაქე მგზავრებს დაუპირისპირდა – ვიდეო>>

ფერაძის განცხადებით, სხვადასხვა უწყებასთან ერთად მუდმივად ხორციელდება შემოწმების პროცესი, ასევე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამარშრუტო ტაქსების ზედამხედველობა.

„არ იძვრება მიკროავტობუსი, ვიდრე კონკრეტული მგზავრი პირბადეს არ გაიკეთებს. გეგმური შემოწმებისას ასეთ შემთხვევაში მგზავრი ან ჩადის ტრანსპორტიდან, ან ტარდება შესაბამისი სანქცია. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ სხვადასხვა კომპანიას, დამსაქმებელსა და დასაქმებულს პირბადის ტარებისკენ. ესაა მათივე უსაფრთხოებისთვის და, ზოგადად, ჩვენი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა.

რამდენიმე დღის წინ უსაფრთხოების სტანდარტის დაუცველობის გამო გაფრთხილება მიეცა აგრარულ ბაზრებსა და ბაზრობებსაც.

შრომის ინსპექცია მოქალაქეებსა და ბიზნეს-სექტორს არსებული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დღემდე რიგი შეზღუდვები და რეგულაციები მოქმედებს.

რეგულაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის გამოწერამდე შრომის ინსპექციის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, შემოსავლების სამსახურის, თბილისის მერიის ზედამხედველობისა და მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები რეკომენდაციებს გასცემენ.

იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება ჯანდაცვის უწყების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინება, იურიდიული პირი 10 ათასი ლარით, ფიზიკური პირი კი 2 ათასი ლარით ჯარიმდება.

50
თემები:
COVID-19 საქართველოში (2106)
საარჩევნო ყუთი

კლინიკებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის 127 სპეციალური საარჩევნო უბანი შეიქმნა

0
(განახლებულია 08:06 20.10.2020)
სპეციალური საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნება, გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცედურა დაიწყება 08:00 საათზე და  20:00 საათამდე გასტანს.

 

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი პირებისთვის ხმის მიცემის უზრუნველსაყოფად, ბოლო მონაცემებით, 127 სპეციალური საარჩევნო უბანი შეიქმნა, განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე. 

არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა ცესკოს განცხადებით 26 ოქტომბრის 10:00 საათამდე უნდა მიმართონ.

როგორც ცესკოს პრეს–სპიკერმა აღნიშნა, უკვე გამოცხადებულია კონკურსი ზემოთაღნიშნული 127 საარჩევნო უბნის დაკომპლექტების თაობაზე.  სწორედ სპეციალური ჯგუფები უზრუნველყოფენ სტაციონარულ დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვითა და უსაფრთხოების სრული გარანტიით.

სპეციალური ჯგუფის თითოეული წევრი, ისევე როგორც საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილე აღჭურვილი იქნება შესაბამისი ეკიპირებით, კერძოდ, ერთჯერადი ხალათით, ნიღბით, ხელთათმანით, დამცავი ფარითა და სადეზინფექციო საშუალებებით. ამასთან, სპეციალური ჯგუფის წევრების მიერ ამომრჩევლებისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთისა და საარჩევნო ბიულეტენების გადაცემა მოხდება ამომრჩევლებთან ახლო კონტაქტის გარეშე არანაკლებ 1,5 მეტრი დისტანციის დაცვით.

მიქელაძის ინფორმაციით, სპეციალური საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნება, გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცედურა დაიწყება 08:00 საათზე და  20:00 საათამდე გასტანს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას იღებს 48 პარტია და 2 ბლოკი. ამომრჩევლებს მოუწევთ 150 დეპუტატის არჩევა – 120 აირჩევა პროპორციული სისტემით, ხოლო 30 – მაჟორიტარულით.

საქართველოში არჩევნები პანდემიის პირობებში პირველად ტარდება. ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 18663-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 8 338, გარდაიცვალა 143 პაციენტი.

პარალელურად ამავე დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს და რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები ჩატარდება. 

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
პაციენტი რეანიმაციაში

კულუმბეგოვი: როდის ხდება აუცილებელი კოვიდინფიცირებული პაციენტის ჰოსპიტალიზაცია

165
ცნობილმა ქართველმა ექიმმა კორონავირუსით დაავადებულ ადამიანებს ურჩია ბევრი სითხის მიღება და შეძლებისდაგვარად მუცელზე ძილი.

თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. თუ ადამიანს მოსვენებულ მდგომარეობაში სუნთქვის გაძნელება აქვს, ის დაუყოვნებლივ უნდა გადაყვანილ იქნას საავადმყოფოში, აცხადებს ცნობილი ქართველი ექიმი-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

მისი თქმით, კორონავირუსის შემთხვევების 80% არის მსუბუქი ან საშუალო ფორმა, რომელთა მართვაც სახლში შესაძლებელია. თუმცა რისკჯგუფებში შემავალი პირები - ონკოპაციენტები, ასაკოვნები, ქრონიკული დაავადების მატარებლები, ჰიპერტენზიის და დიაბეტის მქონე პირები, თუნდაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი მინიმალური სიმპტომებით, ოჯახის ექიმთან უფრო მეტ და ახლო კომუნიკაციაში უნდა იყვნენ.

ასევე, კულუმბეგოვი აცხადებს, რომ კორონავირუსის ყველაზე საშიში სიმპტომია სუნთქვის გაძნელება, რადგან ის ფილტვის ქსოვილს აზიანებს. და ეს სუნთქვის გაძნელებაც არის სხვადასხვაგვარი.

„სუნთქვის გაძნელება შეიძლება იყოს მსუბუქი, საშუალო და მძიმე. თუ თქვენ მოსვენებულ მდგომარეობაში, წამოწოლილი ან დამჯდარი არავითარ სუნთქვის გაძნელებას არ გრძნობთ, გრძნობთ მაშინ, როცა გაქვთ ძლიერი ფიზიკური აქტივობა, როგორიცაა კიბეზე ან აღმართზე ასვლა, ეს ნორმალურია, დასაშვებია. ხოლო, თუ სუნთქვის გაძლებას ან გულმკერდის არეში გრძნობთ ტკივილს მოსვენებულ მდგომარეობაში, როცა არაფერს  აკეთებთ, ეს იმას ნიშნავს რომ ამ ადამიანებისთვის უკვე მნიშვნელოვანია მოხდეს ჰოსპიტალიზაცია დაუყოვნებლივ“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

რაც შეეხება მედიკამენტებს, რომელთა მიღება შეუძლიათ სახლში მყოფ კოვიდინფიცირებულებს, კულუმბეგოვის თქმით, ეს არის სიცხის დამწევი - პარაცეტამოლი, ასევე ტკივილის შემთხვევაში შეიძლება ტკივილგამაყუჩებლების მიღება.

მან ასევე კორონავირუსით დაავადებულ ადამიანებს ურჩია ბევრი სითხის მიღება და შეძლებისდაგვარად მუცელზე ძილი.

„სასურველია, რაც შეიძლება მეტი სითხის მიღება. თუ ადამიანს აქვს ხველა, უძნელდება სუნთქვა და არის სახლში, აუცილებელია, შეეცადოს ძილის დროს დაიძინოს მუცელზე და არა ზურგზე. ეს არის სასუნთქი სისტემის და ფილტვის უკეთესი ფუნქციონირებისთვის საუკეთესო“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი უკვე ათასს აჭარბებს, ხოლო ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში, აჭარასა და იმერეთში დასტურდება.

COVID-19 საქართველოში: ეყოფათ თუ არა პაციენტებს ადგილები საავადმყოფოებში >>

ბოლო 24 საათში 1186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 18663-ს მიაღწია.  ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რაოდენობა 143-მდე გაიზარდა. სულ გამოჯანმრთელდა 8338 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6407, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1420 ადამიანი იმყოფება.

ახალი კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა.

165
თემები:
COVID-19 საქართველოში (2106)