თენგიზ ცერცვაძე

ტოვებს თუ არა კვალს კორონავირუსი ორგანიზმში: ცერცვაძის განმარტება

198
(განახლებულია 19:52 12.10.2020)
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განმარტებით, ჩატარებული კვლევების სიმცირის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე არაა მიზანშეწონილი ისეთი განცხადებების გაკეთება, რამაც მოსახლეობაში შეიძლება გარკვეული შეშფოთება გამოიწვიოს.

თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. ცალკეული კვლევების თანახმად, კორონავირუსი ხშირ შემთხვევაში მთლად უკვალოდ არ გადის და რაღაც ნეგატიურ კვალს ტოვებს. ამის შესახებ თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „მაესტროს" ეთერში ისაუბრა.

ცერცვაძემ კორონავირუსის დამარცხების შემდეგ ადამიანის ორგანიზმში მოსალოდნელ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცალკეული კვლევების მიხედვით, COVID-19 პაციენტის ორგანიზმში გრძელვადიან უკუშედეგებს ტოვებს.

„ახლახან გაჟღერდა ტერმინი LongCovid, ანუ გახანგრძლივებული კოვიდი, როდესაც ავადმყოფი გამოჯანმრთელდება, გაეწერება, ვირუსი აღარ აქვს, მაგრამ სიმპტომები უგრძელდება, განსაკუთრებით – ხველა, თავის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, სახსრების, კუნთების ტკივილი, დიარეა. ეს, შეიძლება, გაგრძელდეს დღეები, კვირები, თვეები. ამას ჰქვია გახანგრძლივებული კოვიდი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი განმარტებით, საბედნიეროდ, საქართველოში ასეთი შემთხვევები არ არის, ან ძალიან ცოტაა და ეს ადამიანები არ მიდიან ექიმებთან განმეორებითი ჩივილებით.

„არის მეორე ვარიანტიც: როცა პაციენტს ჩივილები აღარ აქვს, მაგრამ საკონტროლო გამოკვლევაზე თუ მოვიდა 3 თვის, 6 თვის, ერთი წლის შემდეგ, მაგალითად, კომპიუტერული ტომოგრაფიით, ჩანს გარკვეული ცვლილებები ფილტვებში. მაგალითად, ფიბროზული ცვლილებები რჩება ან, შეიძლება, დარჩენილი იყოს გულის კუნთის დაზიანება, ან დაზიანება თავის ტვინში“, – აღნიშნა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა.

თუმცა, როგორც ცერცვაძემ განმარტა, რადგან ასეთი კვლევები ძალიან ცოტაა ჩატარებული, ამ ეტაპზე არაა მიზანშეწონილი ამ საკითხზე ისეთი განცხადებების გაკეთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული შეშფოთება. მისი თქმით, ჯერჯერობით მაინც ითვლება, რომ კოვიდგადატანილი პაციენტი ჯანმრთელია.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 12 272 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6 538 ადამიანი, 93 პაციენტი კი გარდაიცვალა.

დღეს უკვე მერვე – საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა>>

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ-სასტუმროებში მყოფი პირების რაოდენობა 1393-ს შეადგენს.

198
თემები:
COVID-19 საქართველოში (2106)
ფოტოლენტა

საქართველოში ახალი საგანმანათლებლო პროექტი „ისტორია–კინო–ისტორია“ ჩაეშვა

13
(განახლებულია 08:32 20.10.2020)
პლატფორმის პრაქტიკაში გამოყენება მოხდება პროექტის პარტნიორ ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, პროექტ „კინოსკოლის“ ფარგლებში.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik.  საქართველოში ახალი საგანმანათლებლო პროექტი „ისტორია–კინო–ისტორია“ დაიწყო, რომელიც ხელს შეუწყობს ისტორიის კინოჩვენებების დახმარებით შესწავლას, იუწყება საქართველოს კინემატოგრაფის ეროვნული ცენტრი. 

წელს ეროვნული კინოცენტრის პროექტმა მედიაპროგრამის კონკურსში „შემოქმედებითი ევროპა“ გაიმარჯვა და გრანტის სახით  205 ათასი ევრო მოიპოვა.   ეს პირველი შემთხვევაა პროგრამასთან თანამშრომლობის მანძილზე, როდესაც საქართველომ, როგორც ლიდერმა ქვეყანამ გაიმარჯვა. კონკურსში სულ 23 პროექტი მონაწილეობდა, რომელთაგან მხოლოდ ხუთმა მიიღო უმაღლესი შეფასება და გამარჯვებულის სტატუსი.

 „ისტორია–კინო–ისტორია“ კინოხელოვნების საგანმანათლებლო პოტენციალის გამოყენების ახალ შესაძლებლობას იძლევა. პროექტის ფარგლებში მასალები შეიქმნება ორი მიმართულებით: მე-20 საუკუნის ევროპის ისტორიის სწავლება ფილმების გამოყენებით და კინოს, როგორც ხელოვნების ერთ-ერთი მიმართულების, ისტორიის სწავლება.

მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ევროპის ისტორიისა და ევროპული კინოს განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებს. სწავლის პროცესში გამოყენებული ფილმები თუ სხვა ვიზუალური მასალა გაუადვილებთ მათ ეპოქის აღქმას. 

თანამედროვე ეპოქაში ონლაინ–სივრცე და თხრობის აუდიოვიზუალური ფორმა ყველაზე ხშირად გამოიყენება ინფორმაციის მიღებისა და გავრცელებისთვის. ამ ფაქტის გათვალისწინებით, პროექტის ფარგლებში შექმნილ სასწავლო მასალებს ექნებათ ვიდეოლექციების სახე (თეორიულ მასალასთან და სავარჯიშოებთან ერთად), რაც განასხვავებს ახალ პორტალს აქამდე არსებული ამ ტიპის სხვა საგანმანათლებლო რესურსებისგან.

პლატფორმის პრაქტიკაში გამოყენება მოხდება პროექტის პარტნიორ ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, პროექტ „კინოსკოლის“ ფარგლებში.

ახალ კინოსაგანმანათლებლო პლატფორმაზე მუშაობა ნოემბერში დაიწყება და სამომავლოდ ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის.

პროექტი „ისტორია-კინო-ისტორია“ (History-Film-History) – ასე ჰქვია ახალ კინოსაგანმანათლებლო პლატფორმას, რომელიც ეროვნული კინოცენტრის ინიციატივითა და „შემოქმედებითი ევროპის“ მხარდაჭერით შეიქმნება.

13
თემები:
საქართველო და კულტურა
საარჩევნო ყუთი

კლინიკებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის 127 სპეციალური საარჩევნო უბანი შეიქმნა

12
(განახლებულია 08:06 20.10.2020)
სპეციალური საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნება, გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცედურა დაიწყება 08:00 საათზე და  20:00 საათამდე გასტანს.

 

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი პირებისთვის ხმის მიცემის უზრუნველსაყოფად, ბოლო მონაცემებით, 127 სპეციალური საარჩევნო უბანი შეიქმნა, განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე. 

არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა ცესკოს განცხადებით 26 ოქტომბრის 10:00 საათამდე უნდა მიმართონ.

როგორც ცესკოს პრეს–სპიკერმა აღნიშნა, უკვე გამოცხადებულია კონკურსი ზემოთაღნიშნული 127 საარჩევნო უბნის დაკომპლექტების თაობაზე.  სწორედ სპეციალური ჯგუფები უზრუნველყოფენ სტაციონარულ დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვითა და უსაფრთხოების სრული გარანტიით.

სპეციალური ჯგუფის თითოეული წევრი, ისევე როგორც საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილე აღჭურვილი იქნება შესაბამისი ეკიპირებით, კერძოდ, ერთჯერადი ხალათით, ნიღბით, ხელთათმანით, დამცავი ფარითა და სადეზინფექციო საშუალებებით. ამასთან, სპეციალური ჯგუფის წევრების მიერ ამომრჩევლებისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთისა და საარჩევნო ბიულეტენების გადაცემა მოხდება ამომრჩევლებთან ახლო კონტაქტის გარეშე არანაკლებ 1,5 მეტრი დისტანციის დაცვით.

მიქელაძის ინფორმაციით, სპეციალური საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნება, გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცედურა დაიწყება 08:00 საათზე და  20:00 საათამდე გასტანს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას იღებს 48 პარტია და 2 ბლოკი. ამომრჩევლებს მოუწევთ 150 დეპუტატის არჩევა – 120 აირჩევა პროპორციული სისტემით, ხოლო 30 – მაჟორიტარულით.

საქართველოში არჩევნები პანდემიის პირობებში პირველად ტარდება. ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 18663-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 8 338, გარდაიცვალა 143 პაციენტი.

პარალელურად ამავე დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს და რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები ჩატარდება. 

12
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
სამუელ პატის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია პარიზში

მოკლული მასწავლებლის საქმე: საფრანგეთში მეჩეთი იკეტება

0
(განახლებულია 09:54 20.10.2020)
გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი მასწავლებლის მკვლელი მოსკოვში დაბადებული წარმოშობით ჩეჩენი მამაკაცი იყო, რომელიც პოლიციამ მოკლა

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დერმანენმა მეჩეთის დახურვა მოითხოვა კომუნა პანტენში, რომლის Facebook–გვერდზეც მანამდე განთავსებული იყო ისლამისტის მამაკაცის მიერ მოკლული მასწავლებლის, სამუელ პატის წინააღმდეგ წამქეზებელი ვიდეო.

„მე ვთხოვე სენ–დენის პრეფექტს, დაკეტოს მეჩეთი პანტენში... დღეს ეს მეჩეთი დაიკეტება, დღეს საღამოსპრეფექტი ხელს მოაწერს აკრძალვას“, — განაცხადა დარმანენმა ტელეარხ TF1–ის ეთერში.

მინისტრის განმარტებით, მეჩეთის მმართველმა მანამდე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ადგილობრივი სკოლის მოსწავლის ერთ–ერთი მშობელი მოუწოდებდა ხალხს, დაეშინებინათ ისტორიის პედაგოგი სამუელ პატი.

გარდა ამისა, პოლიციამ დააკავა მეჩეთის იმამიც. სულ მკვლელობის გამოძიების პროცესში ამ დროისათვის 15 ადამიანია დაკავებული.

შეგახსნებეთ: 16 ოქტომბერს, სამუელ პატის ცხედარი თავმოკვეთილი იპოვეს პარიზის მეზობლად მდებარე კომუნა კონფლან–სენტ–ონორინში, სკოლის მახლობლად. როგორც ირკვევა, სამუელ პატიმ მანამდე გაკვეთილებზე სიტყვის თავისუფლებაზე მსჯელობისას წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები წარუდგინა მოსწავლეებს თვალსაჩინო მასალად. მოგვიანებით პოლიციამ დამნაშავე პარიზის მეზობელ კომუნაში მოკლა. 

შაბათს საფანგეთის ანტიტერორისტული პროკურატურის ხელმძღვანელმა ჟან-ფრანსუა რიკარმა განაცხადა, რომ თავდამსხმელი მოსკოვში 2002 წელს დაბადებული წარმოშობით ჩეჩენი მამაკაცი იყო, რომელსაც საფრანგეთში ლტოლვილის სტატუსი ჰქონდა.

პრეზიდენტმა მაკრონმა მასწავლებელზე თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა და განაცხადა, რომ „ისლამისტებს საფრანგეთში მშვიდი ძილი არ ეღირსებათ“.

კვირას პარიზის რესპუბლიკის მოედანზე და ასევე საფრანგეთის სხვა ქალაქებში ხალხმრავალი აქციები გაიმართა სამუელ პატის მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელშიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის სხვა წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს