საბავშვო ბაღი

დღეს თბილისის საბავშვო ბაღებმა მუშაობა განაახლეს

65
(განახლებულია 14:43 12.10.2020)
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით სასწავლო–სააღმზრდელო პროცესი გადავადდა მხოლოდ რამდენიმე საბავშვო ბაღში, სადაც ვირუსით ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა.

თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის საბავშვო ბაღებმა დღეს აღსაზრდელების მიღება დაიწყეს. მუშაობას არ განაახლებს მხოლოდ ოთხი საბავშვო ბაღი, იუწყება „რუსთავი 2".

მანამდე „პირველი არხი“ თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ფუნქციონირებას არ იწყებს მხოლოდ სამი ბაღი.

ქუთაისის 37 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესის განახლება ერთი კვირით გადაიდო>>

სასწავლო–სააღმზრდელო პროცესი იწყება საბავშვო ბაღების უმეტესობაში, ხოლო რამდენიმე სკოლამდელ დაწესებულებაში სწავლის პროცესი გადაიდო, რადგან აქ უშუალოდ ბაღის თანამშრომელთა შორის კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა.

გასულ დღეებში იყო შემთხვევები, როდესაც საბავშვო ბაღების პერსონალში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირებულებთან კონტაქტები. ასეთი შემთხვევა თბილისის 40-ზე მეტ ბაღში დაფიქსირდა, თუმცა მუშაობას მხოლოდ რამდენიმე საბავშვო ბაღი არ განაახლებს.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ეს გადაწყვეტილება დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით მიიღეს.

საბავშვო ბაღებში სასწავლო–აღმზრდელობითი პროცესი 14 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ქვეყანაში ეპიდემიური ვითარების გართულების გამო ხელისუფლებამ ბაღების გახსნა ჯერ 1 ოქტომბრამდე, შემდეგ კი 12 ოქტომბრამდე გადადო.

65
თემები:
განათლება საქართველოში (337)
გადასატანი ყუთი

ცესკო: გადასატანი საარჩევნო ყუთის მიტანა 900-მდე ამომრჩეველმა მოითხოვა

88
თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, გადასატანი საარჩევნო ყუთის მომსახურებით მხოლოდ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრისთვის მომართვის შემთხვევაში ისარგებლებენ.

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს უკვე 900-მდე ამომრჩეველმა მიმართა, თუმცა ზარების გარკვეული რაოდენობა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის კრიტერიუმებს არ შეესაბამებოდა, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საარჩევნო კომისიის ცნობით, იმისათვის, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა იმ საქართველოს მოქალაქეებმა, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, შეძლონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, მეორე დღეა  სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი მოქმედებს.

თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების ზარებს სატელეფონო ცენტრში დილის 10:00 საათიდან 22:00 საათამდე სპეციალურად გადამზადებული 25 ოპერატორი პასუხობს.

„თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ აწარმოა აქტიური საინფორმაციო კამპანია. ამ დრომდე, ცესკომ შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით რეგისტრირებულ 3000-მდე ამომრჩეველს გაუგზავნა სატელეფონო შეტყობინებები და გრძელდება სმს-ების დაგზავნის პროცესი აღნიშნულ ყველა მოქალაქესთან“, - ნათქვამია ცესკოს ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც რეგიონულ და ადგილობრივ მედიაში, ისე სოციალური ქსელების საშუალებით ვრცელდება საინფორმაციო ვიდეორგოლები თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ინფორმირებისთვის.

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ასევე შეძლებენ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული ამომრჩევლებიც.

31 ოქტომბრის არჩევნებზე ამ დაწესებულებებში გადასატან ყუთს სპეციალურად შექმნილი კომისიის წევრები მიიტანენ.

სპეციალურ ჯგუფების წევრებს ჩვეულებრივ საარჩევნო უბნებთან ფიზიკური კონტაქტი არ ექნებათ. ხმების დათვლა კი განხორციელდება ცალკე, სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბნებში.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას იღებს 48 პარტია და 2 ბლოკი. ამომრჩევლებს მოუწევთ 150 დეპუტატის არჩევა – 120 აირჩევა პროპორციული სისტემით, ხოლო 30 – მაჟორიტარულით.

საქართველოში არჩევნები პანდემიის პირობებში პირველად ტარდება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 28431-ს მიაღწია. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4112, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3766 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში- 2268 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

88
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
თურქეთის დროშა

კორონავირუსუს გამო საქართველოში თურქეთის საკონსულო მუშაობას აჩერებს

118
დიპლომატიური მისია თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში საკონსულოს ცხელ ხაზს დაუკავშირდნენ.

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის ზრდის გამო თურქეთის საკონსულო მუშაობას აჩერებს, აღნიშნულია თურქეთის საელჩოს Facebook-გვერდზე. 

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დღე-ღამური მაჩვენებელი ორი ათასს უახლოვდება. ეპიდემიოლოგების პროგნოზებით, ნოემბერში ახალი შემთხვევების რაოდენობა სამ-ოთხ და ხუთი ათასსაც კი მიაღწევს დღე-ღამეში.

თურქეთის დიპლომატიური მისია აცხადებს, რომ საკონსულოში ოპერაციები აღარ განხორციელდება მანამ, სანამ ამის შესახებ ხელალხალი განცხადება არ გაკეთდება. საელჩო მიმართავს თავის მოქალაწქეებს, შესაძლო გადაუდებელი საკონსულო ოპერაციების განხორციელების მიზნით დაუკავშირდნენ საკონსულოს ცხელ ხაზს. 

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 28431-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 10767 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4112, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3766 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2268 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

118
თემები:
COVID-19 საქართველოში
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი

ალიევი: ურთიერთობები საქართველოსთან აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის სამაგალითო გახდება

0
რატომ არ შეუძლიათ სომხებსა და აზერბაიჯანელებს ერთად ცხოვრება მთიან ყარაბაღში, როგორც ისინი ამას აკეთებენ საქართველოში, რუსეთსა და უკრაინაში, განაცხადა პრეზიდენტმა

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ურთიერთობები საქართველოსთან მომავალში მაგალითი გახდება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული ურთიერთობებისთვის, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში.

„ახლა რთულია პროგნოზის გაკეთება, როდის რა მოხდება. ეს მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული, რადგან ომს მხოლოდ ერთი ქვეყანა არ აწარმოებს. ეს არ არის ცალმხრივი პროცესი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, როგორი რეგიონის ნახვა მსურს. მსურს სამხრეთკავკასიური რეგიონის ღრმა ინტეგრაცია, მსურს ვიხილო, რომ ოდესღაც მომავალში ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყანასთან - საქართველოსთან გარკვეულწილად მაგალითი გახდება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული ურთიერთობებისთვის. რადგან ყველა ომი ოდესღაც მთავრდება და მშვიდობა ისადგურებს“, - განაცხადა ალიევმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზა ჯერ კიდევ არსებობს და უახლესი ისტორიიდან რამდენიმე მაგალითი მოიყვანა.

„ამაში სავსებით დარწმუნებული ვარ. მაგრამ ეს იქნება დამოკიდებული სომხური მხარის ნებაზე. რა მოხდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. გერმანია და აშშ ერთმანეთს კლავდნენ. საბჭოთა კავშირი და გერმანია კლავდნენ ერთმანეთს. ათობით მილიონი ადამიანი იყო მოკლული. ახლა შეხედეთ, ეს აღარავის ახსოვს. ეს მტრობისკენ არ უბიძგებს. რატომ არ შეუძლიათ სომხებსა და აზერბაიჯანელებს ერთად ცხოვრება მთიანი ყარაბაღის რეგიონში ისე, როგორც ისინი ამას აკეთებენ საქართველოში, რუსეთში, უკრაინაში და ბევრ სხვა ქვეყანაში?“ - განაცხადა მან.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს. 

მოგვიანებით რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს მთიან ყარაბაღში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ვლადიმირ პუტინმა, დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა მოუწოდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში და აღადგინონ მოლაპარაკებები. მოწოდებას შეუერთდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც. თურქეთმა კი განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ნებისმიერი სახის დახმარებას გაუწევს, რომელიც მას დასჭირდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.

9 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები — სერგეი ლავროვი, ზოგრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვდნენ მთიანი ყარაბაღის თემაზე მოსალაპარაკებლად. დაახლოებით ათსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ცეცხლის ჰუმანიტარულ რეჟიმში შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ძალაში 10 ოქტომბრის დღის 12 საათზე შევიდა. მიუხედავად ამისა, საომარი მოქმედებები არ შემწყდარა, რაშიც კონფლიქტის მხარეები კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. 

ჰუმანიტარული დაზავების მორიგი მცდელობა მხარეებს 18 ოქტომბრის ღამით ჰქონდათ, თუმცა უკვე რამდენიმე საათის შემდეგ ბაქომაც და ერევანმაც კვლავ გაავრცელეს განცხადებები შეთანხმების დარღვევის შესახებ, რაშიც ერთმანეთს სდებენ ბრალს.

0
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020