საბავშვო ბაღი

სტიკერები და „ჩეკლისტები“: ბაღებში ბავშვების მიყვანისა და გაყვანის წესები განისაზღვრა

267
(განახლებულია 21:38 09.10.2020)
რეგულაციების მიხედვით, სააღმზრდელო პროცესის დროს თანამშრომლები პირბადით იქნებიან, ოთახები კი ყოველ ორ საათში ერთხელ განიავდება.

თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი რეგულაციების მიხედვით განაახლებენ მუშაობას, განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ორშაბათს, 12 ოქტომბერს იწყება. გვანცელაძემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, თუ როგორ ემზადებიან დაწესებულებები და როგორია ბაღებისთვის შემუშავებული პროტოკოლი.

გვანცელაძის განმარტებით, საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელის მიყვანისა და დაწესებულებიდან გაყვანის წესი რეგულაციების მიხედვით განისაზღვრა.

„შეიძლება ითქვას, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ამ რეგულაციებიდან გამომდინარე – როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე მეთოდური მიმართულებით. უპირველეს ყოვლისა, გეტყვით, რაც ყველაზე აქტუალურია ამ ეტაპზე – ეს გახლავთ ბავშვების მიღებისა და გაყვანის წესი. როდესაც მშობლებს მოჰყავთ ბავშვები ბაღში, ეზოში ხვდებათ მარკირებები, სტიკერები, სადაც განსაზღვრულია, სად უნდა დადგეს მშობელი ბავშვთან ერთად“, – განმარტა გვანცელაძემ.

სტიკერზე ან მონიშვნაზე დახატულია ასაკობრივი ჯგუფი – ორიდან სამ წლამდე, სამიდან ოთხ წლამდე, ოთხიდან ხუთ წლამდე, ხუთიდან ექვს წლამდე. მშობელი სწორედ იმ ადგილზე უნდა დადგეს, სადაც მისი ბავშვის ასაკი არის განსაზღვრული. ამის შემდეგ გამოდის აღმზრდელი შენობიდან ეკიპირებული ხალათით, ხელთათმანითა და პირბადით, ბავშვს უტარებს თერმოსკრინინგს და შეჰყავს შენობაში. საბავშვო ოთახში მას დახვდება აღმზრდელის თანაშემწე, რომელიც იტოვებს ბავშვს.

გვანცელაძის განმარტებით, უკვე არსებობს ე.წ. ჩეკლისტები, ანუ განრიგი, რომლის მიხედვითაც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, რომელ საათზე უნდა მიიყვანოს ბავშვი ბაღში. ანალოგიურია გაყვანის წესიც. კერძოდ, წინასწარ განსაზღვრულია დრო – როდის უნდა გაიყვანოს ბავშვი ამა თუ იმ ჯგუფში მყოფი ბავშვის მშობელმა.

იმ შემთხვევაში, თუ მშობელს ადრე სურს ბავშვის ბაღიდან გაყვანა, მან ათი წუთით ადრე უნდა მიმართოს აღმზრდელს.

„ვიმედოვნებ, ასეთი შემთხვევები იქნება ერთეული და მინდა ვთხოვო მშობლებს, სწორედ ამ კუთხით იზრუნონ, რათა მსგავსი შემთხვევები იყოს ერთეული, რადგან ეს თუ მასობრივი იქნება, ძალიან დაარღვევს ყველანაირ წესსა და რეგულაციებს“, – აღნიშნა გვანცელაძემ.

თუ ბავშვს გამოუვლინდა ტემპერატურა ბაღში მიყვანის დროს, მშობელს ეცნობება, რომ გაიყვანოს ბავშვი და მიმართოს 112-ს. ხოლო თუ დღის განმავლობაში გამოუვლინდა ტემპერატურა, უკვე აღმზრდელს გადაჰყავს ე.წ. დაყოვნების, ანუ საიზოლაციო ოთახში ბავშვთა ეკიპირებულ ექთანთან.

„მივმართავთ მშობელს, გონივრულ ვადაში გაიყვანოს ბავშვი და მიმართოს 112-ს. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ძალიან დაიგვიანებს, მივმართავთ 112-ს და ინდვიდუალური შემთხვევები ცალ-ცალკე განიხილება“, – განაცხადა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა.

ამასთან, შეიცვალა ბაღებში სათამაშოების გამოყენების წესიც. კერძოდ, აღარ გამოიყენება ისეთი სათამაშოები, რომლებიც გარეცხვას ან დეზინფექციას რთულად ექვემდებარება. სადეზინფექციო ხსნარები განთავსდა ყველა ოთახთან. ასევე შეიცვალა ჭურჭლის რეცხვის, თეთრეულის გარეცხვის, დისტრიბუციის წესიც. სააღმზრდელო პროცესის დროს თანამშრომლები პირბადით იქნებიან, ოთახები კი ყოველ ორ საათში ერთხელ განიავდება.

საბავშვო ბაღებში სასწავლო–აღმზრდელობითი პროცესი 14 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ქვეყანაში ეპიდემიური ვითარების გართულების გამო ხელისუფლებამ ბაღების გახსნა ჯერ 1 ოქტომბრამდე, შემდეგ კი 12 ოქტომბრამდე გადადო.

267
თბილისის ბოტანიკური ბაღი

როგორი ამინდი იქნება თბილისში 23 ოქტომბერს

7
(განახლებულია 11:13 21.10.2020)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს პარასკევს შემოდგომის თბილი და მზიანი ამინდი ელოდებათ – ჰაერი 21 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში პარასკევს, 23 ოქტომბერს თბილი დ უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. 

მზე 07:22 საათზე ამოვა და 18:06 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 10, დღისით მაქსიმალური კი პლუს 21 გრადუსია მოსალოდნელი.

 

7
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
პოლიცია ბაზარში პირბადეების ტარებას აკონტროლებს

შსს ბაზრებსა და ბაზრობებზე Covid-19-ის პრევენციისთვის მონიტორინგს ახორციელებს

16
(განახლებულია 11:04 21.10.2020)
სექტემბრიდან მოყოლებული საქართველოში ეპიდემიური ვითარება  მკვეთრად გაუარესდა. ინფიცირებულთა რაოდენობამ თითქმის 20 ათასს მიაღწია

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. შსს-ს თანამშრომლები COVID–19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს აგრარული ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცახდებაში.

უწყების ცნობით, პატრულირება  დედაქალაქსა და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში არსებული აგრარული ბაზრების, აგრეთვე ბაზრობების ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

კერძოდ, სამართალდამცველები ბაზრებისა და ბაზრობების შესასვლელებთან, ასევე, შიდა პერიმეტრზე - სავაჭრო სივრცეში მოქალაქეების მიერ პირბადეების სწორად ტარებას და კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მოქმედი წესების დაცვას აკონტროლებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვან სოციალური დისტანცია, სწორად ატარონ პირბადე და დაემორჩილონ პოლიციელთა მითითებებს.

საქართველოს ყველა სასურსათო ბაზარსა და ბაზრობაზე ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზე მუშაობის განსაკუთრებული წესებია შემოღებული, რაც კორონავირუსის გავრცელების აღკვეთას ემსახურება. მოვაჭრეებს უნდა ჰქონდეთ პირბადეები, ხელთათმანები და მუშაობის დაწყების წინ გაიარონ თერმოსკრინინგი. ეს ყველაფერი დირექციამ წერილობით უნდა დაადასტუროს. ასევე მნიშვნელოვანია სოციალური დისტანციის დაცვა როგორც მომხმარებლებს, ისე მოვაჭრეებს შორის.

სექტემბრიდან მოყოლებული ეპიდემიური ვითარება საქართველოში მკვეთრად გაუარესდა. ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად, უკვე რამდენიმე დღეა, ათასს აჭარბებს. ასევე იზრდება გარდაცვლილთა რიცხვი.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კოროვავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 21 208-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9 003 ადამიანი, გარდაიცვალა – 172.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

16
თემები:
COVID-19 საქართველოში