ბათუმი

გაბუნია: აჭარაში სტაბილიზაციის ტენდენცია იკვეთება

68
(განახლებულია 14:04 09.10.2020)
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ტექნოლოგიურად ძალიან კარგად არის მომზადებული, აპარატურა ახალია, გრძელდება ექიმების მობილიზების პროცესი.

თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. აჭარაში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვითარების სტაბილიზაციის ტენდენცია შეინიშნება და ეს პრევენციული და შემზღუდავი ღონისძიებების შედეგად მივიღეთ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან ბათუმში აჭარის მთავრობის ოპერატიული შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ.

გაბუნიას თქმით, ასეთი ტენდენცია მოსალოდნელი იყო, რადგან ბოლო დაახლოებით ათი დღეა რეგიონში გარკვეული რეგულაციები ამოქმედდა. მისი აზრით, ეს ტენდენცია შენარჩუნდება.

გაბუნიას განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მძიმე შემთხვევები შესაბამისად იმართოს. ამისთვის ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, სადაც ყველაზე მეტი მძიმე პაციენტი ხვდება, ტექნოლოგიურად ძალიან კარგად არის მომზადებული.

„აპარატურა ახალია, ექიმების მობილიზების პროცესი გრძელდება. ამ კვირის განმავლობაში ასევე მოხდება სხვადასხვა კლინიკიდან დამატებით ექიმების მობილიზება და განსაკუთრებული აქცენტი კვლავაც მძიმე და კრიტიკული შემთხვევების მართვაზე იქნება“, – განაცხადა გაბუნიამ.

მსუბუქ შემთხვევებში პაციენტების მკურნალობა ბინაზე ხდება, აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მან აჭარაში გარდაცვალების შემთხვევების მატებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ინფიცირების მომატებულ შემთხვევებს უკავშირდება.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში, შესაძლოა, კარანტინი გამოცხადდეს>>

„ის, რომ აჭარაში გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, უკავშირდება იმას, რომ შემთხვევების რაოდენობაც მაღალი იყო. თუმცა, რეგიონში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი არ შეინიშნება. ყველაფერი შედარებითია. ზოგადად, ქვეყანა ლეტალობის მაჩვენებლით ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში“, – განაცხადა გაბუნიამ.

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. შემთხვევების უმეტესობა აჭარაზე მოდის. ბოლო რამდენიმე დღეა, რეგიონში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ კლება დაიწყო, თუმცა გაიზარდა მაჩვენებლები თბილისში.

გუშინდელი მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 472-ით გაიზარდა და 10225-ს მიაღწია. ახალი 472 შემთხვევიდან აჭარაში 230 გამოვლინდა. ეს მაჩვენებელი წინა დღეს 259 იყო.

პანდემიის დაწყებიდან სულ გამოჯანმრთელდა 5553 ადამიანი, გარდაიცვალა – 66, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5574, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1338 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

68
თემები:
COVID-19 საქართველოში (2176)
ნინო ნადირაძე

„3 თაობა“- ნინო ნადირაძე დედამთილთან და ქალიშვილთან ერთად პოზირებს - ოჯახური პორტრეტი

30
ცნობილმა ტელესახემ გუგა კუზანოვის დედასთან და ბაია კუზანოვთან ერთად გადაღებული თბილი ფოტო გამოაქვეყნა. „3 თაობა“ - წერს ნინო ნადირაძე. ოჯახური იდილია ერთ სურათზე...

ბაია კუზანოვის დაოჯახებისა და დედობის შემდეგ, კუზანოვი-ნადირაძეების ოჯახი განსაკუთრებულად გაერთიანდა. პატარა შვილიშვილს ყველა ერთად უვლის, რადგან ბაია სწავლასა და შვილის მოვლის პარალელურად ქირურგ მამასთან და ბაბუასთან ერთად ოპერაციებს ესწრება. როგორც ნინოს გვერდიდან ირკვევა, უკვე თავადაც არის ოპერაციების გაკეთებაში აქტიურად ჩართული.

View this post on Instagram

ოჯახური პორტრეტი ინტერიერში❤

A post shared by nino (@ninonadiradze) on

საქართველოში კუზანოვების ოჯახი პროფესიიდან გამომდინარე ძალიან პოპულარულია. მათი ოჯახის თითოეულ წევრს უამრავი ადამიანი იცნობს. ექიმების ოპერაციების შესახებ ლეგენდები დადის. ოჯახის უმცროსი წევრებიც ბაბუის ნაბიჯებს მიჰყვებიან და მომავალი ექიმები არიან. მათ შორის არის ბაია კუზანოვიც, გუგას და ნინოს ქალიშვილი.

ნინო ნადირაძემ მორიგი ოჯახური ფოტო გამოაქვეყნა, რომლითაც გუგა კუზანოვის დედამ განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. ნინოს გვერდით გუგა კუზანოვის დედა ზის. რამდენიმე თვის წინ ნინომ მშვენიერი დედის სურათიც გამოაქვეყნა და ასე დაასათაურა: „ჩემი ყველაზე მკაცრი ცენზორი“. მიუხედავად იმისა, რომ დედა-შვილს საკმაოდ მეგობრული დამოკიდებულება აქვთ, ნინოს ყველაზე დიდი გულშემატკივარი და კრიტიკოსიც მისი დედაა. დედამთილთან კი, წლების მანძილზე თბილი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა.

View this post on Instagram

ჩემი ბრილიანტები🥰🥰🥰

A post shared by nino (@ninonadiradze) on

„3 თაობა“- ასე დაასათაურა ნინომ უახლესი სურათი, რომელზეც კარდიოლოგი, მისი დედამთილი და მომავალი პლასტიკური ქირურგი და ახალბედა დედა არიან გამოსახულნი. გოგონები საღამოს იდილიით ტკბებიან და ერთმანეთს დღის მიმდინარე მოვლენებს უზიარებენ.

30
თემები:
სელებრითების ცხოვრება
ციხის დერეფანი

პენიტენციური სისტემის ყველა თანამშრომელი PCR ტესტირებას კვირაში ერთხელ გაივლის

51
დღეს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი N8 პენიტენციური დაწესებულების საკარანტინო-საიზოლაციო სივრცეში მოთავსებულ ორ ბრალდებულს დაუდასტურდა

თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. პენიტენციური სისტემის ყველა თანამშრომელი PCR-ტესტირებას ნაცვლად ორკვირიანი შუალედისა, კვირაში ერთხელ გაივლის, ხოლო ანტიგენ-ანტისხეულზე სწრაფი ტესტით ყოველ 72 საათში ერთხელ შემოწმდება, ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

აღნიშნული ცვლილება კიდევ ერთი პრევენციული ზომაა იმისთვის, რომ პენიტენციურ სისტემაში განთავსებული ბრალდებულ/მსჯავრდებულები გარედან ვირუსის იმპორტისგან იყვნენ დაცულები, აცხადებენ უწყებაში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი N8 პენიტენციური დაწესებულების საკარანტინო-საიზოლაციო სივრცეში მოთავსებულ ორ ბრალდებულს დაუდასტურდა.

შეგახსენებთ, პენიტენციური დაწესებულებების ის თანამშრომლები, რომლებიც მიმდინარე წლის 29 მარტიდან ყაზარმულ რეჟიმში მუშაობენ, ყაზარმული რეჟიმით დაწესებულებებში შესვლამდე PCR ტესტით მოწმდებიან. ჯამში მაისის ბოლოდან სექტემბრის ჩათვლით პენიტენციურ სისტემაში 13 253 PCR-ტესტი გაკეთდა. ამიერიდან კი ყველა თანამშრომელისთვის ტესტირების ახალი სისტემა ამოქმედდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1941-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 26503-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 10163 ადამიანი, გარდაიცვალა – 193, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4180, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3571 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1848 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

51
თემები:
COVID-19 საქართველოში (2176)