ცენტრ Delta–ს ჯანშანმანქანა Didgori MedEvac

თავდაცვის ძალებს ქართული „დელტას“ წარმოების ჯავშანმანქანები გადაეცა

43
(განახლებულია 19:54 08.10.2020)
„დელტას“ მიერ წარმოებული ჯავშანმანქანები სამხედრო ქვედანაყოფებს განაწილების გეგმის შესაბამისად, ეტაპობრივად გადაეცემა.

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული 40-მდე ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორი“, მათ შორის „დიდგორი მედევაკი“ და მრავალფუნქციური დანიშნულების სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანები გადაეცა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

უწყების ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თავდაცვის ძალები ადგილობრივი წარმოების ჯავშანმანქანებით აღიჭურვა.

ჯავშანმანქანა „დიდგორის“ ქვედანაყოფებისთვის გადაცემის ღონისძიებას ირაკლი ღარიბაშვილი ნატო–საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დაესწრო.

მინისტრის განცხადებით, ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარების მაქსიმალური მხარდაჭერა და თავდაცვის ძალების ეროვნული წარმოების სამხედრო ტექნიკით აღჭურვა უწყებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 40-მდე „დიდგორის” ტიპის სამედიცინო და მრავალფუნქციური დანიშნულების ჯავშანმანქანა თანამედროვე და მაღალი სტანდარტების მიხედვით არის აწყობილი. სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ სამედიცინო დანიშნულების, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასაყვანად და ტრანსპორტირების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად არის შექმნილი. „დიდგორის“ სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანები კი მრავალფუნქციური დაჯავშნული სამხედრო-სატრანსპორტო საშუალებებია, რომელიც ბრძოლის ველზე პირადი შემადგენლობის გადასაყვანად და სადაზვერვო ოპერაციების ჩასატარებლად არის განკუთვნილი.

„დელტას“ მიერ წარმოებული ჯავშანმანქანები სამხედრო ქვედანაყოფებს განაწილების გეგმის შესაბამისად, ეტაპობრივად გადაეცემა.

საქართველოში სამხედრო ქარხანა „დელტას“ ისტორია სათავეს 60-იანი წლების დასაწყისიდან იღებს. ამჟამინდელი სახით ცენტრი 2010 წლიდან არსებობს. ის აერთიანებს ექვს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და თბილისის საავიაციო ქარხანას, იმყოფება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში.

„დელტა“ აწარმოებს ჯავშანმანქანებს, ნაღმმტყორცნებს, უნივერსალურ საბრძოლო მოდულებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, პისტოლეტებს, შაშხანებს, ჯავშანჟილეტებსა და სხვ. სამხედრო ცენტრს თავისი პროდუქცია უკვე გააქვს ექსპორტზე საზღვარგარეთ.

43
თემები:
საქართველოს თავდაცვა (102)
ავადმყოფი კლინიკაში

„თუ ასეთი სიმპტომები გაქვთ, აუცილებლად უნდა მოხვდეთ საავადმყოფოში“ - ექიმი

6
(განახლებულია 12:29 20.10.2020)
სოციალურ ქსელში ექიმი სოფო ბერიძე იმ სიმპტომებსა და დაავადებებზე წერს, რა შემთხვევაშიც პაციენტი კლინიკაში აუცილებლად უნდა მოხვდეს

თბილისი, 20 ოქტომბერი - Sputnik. ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის ფონზე, სოციალურ ქსელში ექიმ სოფო ბერიძის მიმართვა ვრცელდება, სადაც ჩამოთვლილია ის ჯგუფები, რომლებსაც დადასტურებული დაავადების დროს, ყოველგვარი სიმპტომების გარეშეც კი, ესაჭიროებათ საავადმყოფოში მკურნალობა.

ექიმი წერს, რომ თუ სიმპტოპებიანი პაციენტი 60 წლისმ ან მეტი ასაკისაა, აქვს შაქრიანი დიაბეტი, მკვეთრად გამოხატული სიმსუქნე, თირკმლის ქრონიკული დაავადება (თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ჰემოდიალიზი), ღვიძლის ქრონიკული დაავადება (ციროზი, ჰეპატიტი და ა.შ.), გულის ქრონიკული დაავადება (გულის იშემიური დაავადება, გადატანილი ინფარქტი სტენტირება, შუნტირება, გულის უკმარისობა), ფილტვის ქრონიკული დაავადება (ასთმა, ფქოდი), არის ე.წ. იმუნოკომპრომიტებული პირი, რაც ნიშნავს, რომ აქვს სუსტი იმუნიტეტი სხვადასხვა მიზეზის გამო – უხშირესად ეს მიზეზებია: ონკოლოგიური დაავადება, ჰორმონების ხანგრძლივი მოხმარება, ქიმიოთერაპია, აივი, შიდისი, თამბაქოს მოხმარება და სხვა, აუცილებლად უნდა მოთავსდეს კლინიკაში.

ასევე საავადმყოფოში დაუყოვნებელი მოთავსება ესაჭიროება ყველა პირს, რომელსაც აღენიშნება: ძლიერი ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაში ან მკვეთრად გაძნელებული სუნთქვა; ჰემოფტიზი (სისხლიანი ხველა); სახის, ან ტუჩების ციანოზი(სილურჯე); შემცივნება ფერმკრთალი ნამიანი ან აჭრელებული კანის ფონზე; სინკოპე (გულის წასვლა); მწვავე კონფუზია(მწვავედ განვითარებული დაბნეულობა, დროსა და სივრცეში გაურკვევლობა); ძილიანობა და შეფხიზლების გაძნელება; შარდის გამოყოფის შემცირება ან არარსებობა.

„თუ მიეკუთვნებით ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე ჯგუფს, გამოიყენეთ ყველა შესაძლო ბერკეტი საავადმყოფოში დროულად მოსახვედრად! გახსოვდეთ – კარგი გამოსავალი პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოხვდებით კლინიკაში – იქ ექიმები ყველაფერს გააკეთებენ თქვენს გადასარჩენად“, - წერს ექიმი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1194-ით გაიზარდა და 19857-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 8666 ადამიანი, გარდაიცვალა – 158, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6407, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2862 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1420 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

6
თემები:
COVID-19 საქართველოში
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო კოვიდ–კლინიკად გადაკეთდა

17
(განახლებულია 12:27 20.10.2020)
საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის დევი ტაბიძის განცხადებით, კლინიკა დღეიდან ცხელების სიმპტომების მქონე  არცერთ პაციენტს აღარ მოემსახურება.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის  ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა -„რესპუბლიკური საავადმყოფო“  20 ოქტომბრიდან მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“. 

ქვეყანაში სექტემბრის დასაწყისიდან  ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესდა. ინფიცირებულთა დღეღამურმა მაჩვენებელმა უკვე ოთხნიშნა ციფრს მიაღწია. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობა 1194-ით გაიზარდა, აქედან თბილისში ინფიცირების 425 შემთხვევა დაფიქსირდა.

საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის დევი ტაბიძის განცხადებით, კლინიკა დღეიდან ცხელების სიმპტომების მქონე  არცერთ პაციენტს აღარ მოემსახურება.

„რესპუბლიკური საავადმყოფო მთლიანად დაიცალა და კვლავ კოვიდ–ცენტრად გადავკეთდით.  მივიღებთ მხოლოდ ინფიცირებულ პაციენტებს და მათი მკურნალობის მხრივ, ალბათ, უფრო ქმედითი ღონისძიებები გატარდება. მსუბუქი სიმპტომების პაციენტების მკურნალობა კოვიდ–სასტუმროებშიც შესაძლებელია. კლინიკებს კი უნდა მიეცეთ საშუალება, იმუშაონ  საშუალო და მძიმე პაციენტებთან“, – განაცხადა ტაბიძემ.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 19857-ს მიაღწია,  სულ გამოჯანმრთელდა 8666 ადამიანი, გარდაიცვალა – 158, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6407, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2862 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1420 ადამიანი იმყოფება.

 

17
თემები:
COVID-19 საქართველოში