პოლიცია

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში, შესაძლოა, კარანტინი გამოცხადდეს

80
(განახლებულია 18:33 08.10.2020)
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 10225-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 5553 ადამიანი.

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში კორონავირუსი შუახნის მამაკაცს დაუფიქსირდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

პაციენტს დღეს თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანენ. ინფიცირებულ მამაკაცს კონტაქტი, სავარაუდოდ, სოფლის მცხოვრებლების უმეტესობასთან ჰქონდა, რის გამოც სოფელში, შესაძლოა, კარანტინი გამოცხადდეს. 

სპეციალისტებმა ინფიცირებულ მამაკაცთან შემხებლობაში მყოფი პირების ბიოლოგიური ნიმუში გამოსაკვლევად უკვე გაგზავნეს. სწორედ ტესტის პასუხების შემდეგ გახდება ცნობილი, გამოცხადდება თუ არა საკარანტინო ზონად სოფელი ერისიმედი.

ამასთან, კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში დადასტურდა. ინფიცირებული სამარშრუტო ტაქსის მძღოლია.

ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსის 74 შემთხვევაა დაფიქსირებული.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 10225-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 5553 ადამიანი, გარდაიცვალა – 66, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5574, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1338 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

80
თემები:
COVID-19 საქართველოში (2181)
კორონავირუსის ეპიდემია. ხალხი ქუჩაში

„დაბურული მინის“ ნიშანი : რა ცვლილებები აღმოაჩნდათ უსიმპტომო პაციენტებს

29
(განახლებულია 13:27 25.10.2020)
უსიმპტომო ინდფიცირებული ვერ გრძნობს ტემპერატურას და გამოხატულ სუბიექტურ სიმპტომებს. ამიტომაცაა ეს საყურადღებო, აცხადებს ცნობილი ექიმი

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. უსიმპტომო პაციენტების, რომლებიც კორონავირუსით არიან ინფიცირებულები, ფილტვებში გარკვეული ცვლილებები აღენიშნებათ, განაცხადა იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მისი თქმით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ვირუსის მატარებელი ადამიანებიდან დაახლოებით 40% უსიმპტომოა, რაც თავის თავად საკმაოდ ბევრია, თუმცა მათაც გარკვეული ცვლილებები აღმოაჩნდათ.

„როდესაც ე.წ. „უსიმპტომო“ პაციენტები გამოიკვლიეს, აღმოჩნდა, რომ, კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღების შემდეგ, ამ პაციენტების 50%-ს ფილტვში მაინც ჰქონდა ე.წ. „დაბურული მინის“ ნიშანი ანუ ანთებისთვის დამახასიათებელი ცვლილებები. ინფიცირებული უსიმპტომოა, ვერ გრძნობს ტემპერატურას და გამოხატულ სუბიექტურ სიმპტომებს. ამიტომაცაა ეს საყურადღებო“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მისი თქმით, ასეთი ადამიანები ამ დროს ავრცელებენ ინფექციას და სწორედ მათზე მოდის ინფექციის ელვისებური თუ ცეცხლისებური გავრცელების უზარმაზარი პროცენტი.

ამ დროისათვის მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 42 641 728 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 1 150 157. ამ მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

რაც შეეხება საქართველოს, ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1928-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 28431-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რიცხვს 604 ადამიანი შეემატა, გარდაიცვალა 8 ადამიანი.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 10767 ადამიანი, გარდაიცვალა – 201, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4112, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3766 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2268 ადამიანი იმყოფება.

COVID-19-ის გეოგრაფია საქართველოში: თბილისში შემთხვევების რიცხვმა იკლო >>

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯანმომ კორონავირუსის აფეთქება პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

29
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
წინასაარჩევნო სიმბოლიკა

საქართველოს წამყვანმა პარტიებმა არჩევნებზე 21,6 მილიონი „გამოიმუშავეს“

52
(განახლებულია 10:55 25.10.2020)
არჩევნებში მონაწილე ცხრა წამყვანი პარტიის შემოსავლები და შემოწირულობები თითქმის ათჯერ აღემატება დანარჩენი 41 პარტიის შემოსავლებსა და შემოწირულობებს

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ცხრა ყველაზე რეიტინგულმა პარტიამ 1 სექტემბრიდან 12 ოქტომბრამდე წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში 21,6 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს, ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.

წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყო. არჩევნებში სულ 48 პარტია და ორი ბლოკი იღებს მონაწილეობას.

პარტიის შემოსავალი მოიცავს მიზნობრივ დაფინანსებას, საბიუჯეტო დაფინანსებას და შემოწირულობებს. რეიტინგში წარმოდგენილი ცხრა პარტიიდან სახელმწიფო დაფინანსებას სულ ოთხი პოლიტიკური ძალა იღებს:  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", „ერთიანი ეროვნული მოძრაობა“ (ბლოკი „ძალა ერთობაშია"), „ევროპული საქართველო - თავისუფლების მოძრაობა" და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი". დანარჩენი პარტიები ჯერდებიან მიზნობრივ დაფინანსებას და შემოწირულობებს.

შემოსავლების მიხედვით ლიდერია „ქართული ოცნება“, რომელმაც წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან 10,4 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, მეორე ადგილზეა „ლელო საქართველოსთვის“ 2,6 მილიონი ლარით. მესამე ადგილი დაიკავა „ძალა ერთობაშიამ“ 2,4 მილიონი ლარის შემოსავლით.

რაც შეეხება შემოწირულობებს, რეიტინგულმა პარტიებმა წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან სულ 20,8 მილიონი ლარი მიიღეს. პირველ ადგილზეა კვლავ „ქართული ოცნება“, რომელსაც 10,1 მილიონზე მეტი ჩაურიცხეს, მეორე ადგილზეა „ლელო“ 2,58 მილიონი ლარის შემოწირულობებით, მესამე ადგილს იკავებს „ძალა ერთობაშია“ – 2,57 მილიონი ლარი.

შედარებისათვის, არჩევნებში მონაწილე ცხრა წამყვანი პარტიის შემოსავლები და შემოწირულობები თითქმის ათჯერ აღემატება დანარჩენი 41 პარტიის შემოსავლებსა და შემოწირულობებს.

პარტია    

ჯამური შემოსავალი

შემოწირულობები

 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 10 355 211 ლარი 2 257 655 ლარი
„ერთიანი ეროვნული მოძრაობა“ (ბლოკი „ძალა ერთობაშია") 2 432 830 ლარი 2 257 655 ლარი
„ევროპული საქართველო - თავისუფლების მოძრაობა" 1 758 842 ლარი 1 620 743 ლარი
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" 2 034 846 ლარი 1 886 805 ლარი
„ლელო საქართველოსთვის" 2 599 290 ლარი 2 586 590 ლარი
„სტრატეგია აღმაშენებელი" 2 042 317 ლარი  2 015 504 ლარი
„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" 175 956 ლარი 145 300 ლარი
„საქართველოს ლეიბორისტული პარტია" 224 041 ლარი 123 986 ლარი
„გირჩი" 0 ლარი 0 ლარი

   

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 24 ოქტომბერს ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2202 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

საქართველოში 31 ოქტომბერს არჩევნები გაიმართება. ამ დღეს საქართველოს მოსახლეობა აირჩევს პარლამენტის დეპუტატებს, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს, ასევე რამდენიმე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. საბოლოო მონაცემებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 032 ადამიანია.

52
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020