სასტუმროები აჭარაში

საპროტესტო აქციები და შიმშილობა საქართველოს რეგიონებში - რას ითხოვენ მომიტინგეები

83
(განახლებულია 01:07 08.10.2020)
სოციალური საპროტესტო აქციების ასეთი სიმრავლე საქართველოში დიდი ხანია არ ყოფილა - კორონავირუსმა ადამიანები გადარჩენის გზების ძიებაში ქუჩაში გამოიყვანა

თბილისი, 6 ოქტომბერი - Sputnik. ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გამართეს კაზინოებისა და რესტორნების თანამშრომლებმა, ასევე კორონავირუსამდე თურქეთში მომუშავე მოქალაქეებმა - ისინი საბანკო კრედიტებზე საშეღავათო პერიოდს და პროცენტების შემცირებას, სახელმწიფო კომპენსაციის გაზრდას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას მოითხოვენ.

მოიხსნება თუ არა შეზღუდვები აჭარაში: ეპიდემიოლოგების პასუხი >>

აჭარა კორონავირუსის გავრცელების კუთხით საქართველოს წითელ ზონას წარმოადგენს. რეგიონში ყოველდღიურად რამდენიმე ასეული ახალი შემთხვევა ვლინდება. ამის გამო მთავრობამ რამდენიმე შეზღუდვა დააწესა, მათ შორის აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა.

აქციის შვიდმა მონაწილემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა დაიწყო.

აქციის მონაწილეებს შეხვდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. მისი თქმით, მთავრობა მზადაა აწარმოოს მოლაპარაკებები აქციების მონაწილეებთან და შეძლებისდაგვარად დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნები.

ანალოგიური აქცია მესტიაში გაიმართა. აქციის ორგანიზატორები იყვნენ კერძო და საოჯახო ტიპის სასტუმროების მფლობელები. მათი ძირითადი მოთხოვნაა - საბანკო კრედიტების გადავადება პროცენტების დარიცხვის გარეშე.  

აქციის მონაწილეთა თქმით, კორონავირუსის გამო სვანეთში ტურისტული სეზონი ჩავარდა და მათ სესხების დაფარვის საშუალება არ აქვთ. ბანკები კი ვალის სანაცვლოდ სახლების წართმევით ემუქრებიან. აქციის მონაწილეები არ გამორიცხავენ, რომ მსგავსი აქციები პერმანენტული გახდება.

მათ საპროტესტო აქციები უკვე ორჯერ გამართეს და ცენტრალური გზაც კი გადაკეტეს. მაშინ მათ შეხვდნენ ეკონომიკის სამინისტროს და საბანკო სექტორის წარმომადგენლები, თუმცა რაიმე კონკრეტული ღონისძიებები არ გატარდა.

კიდევ ერთი აქცია გაიმართა ქუთაისში - ქუჩაში ტურისტული სფეროს წარმომადგენლები გავიდნენ. პარლამენტის ყოფილ შენობასთან შეიკრიბნენ გიდები, ტუროპერატორები და სატრანსპორტო საშუალებების მფლობელები. მათაც საბანკო კრედიტებზე გადახდის გადავადება მოითხოვეს. აქციის მონაწილეებმა აქციაზე მიიყვანეს მანქანა, რომელიც ტურისტების მომსახურებისთვის გამოიყენებოდა და განაცხადეს, რომ უკვე რვა თვეა ავტობუსები გაჩერებულია.

ამასობაში კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ქვეყანაში სექტემბრიდან მკვეთრად გაუარესდა - ყოველდღიურად ახალი შემთხვევების რაოდენობა 500-ს აჭარბებს.

83
თემები:
COVID-19 საქართველოში (2190)
არჩევნები

31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვა დღეს დასრულდება

3
(განახლებულია 11:37 26.10.2020)
ბიულეტენების ბეჭდვა უსაფრთხოების ნორმების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს. პროცესს ადგილობრივი ორგანიზაციების 16 დამკვირვებელი აკვირდება.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის თბილისის შვიდ სტამბაში საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა ორშაბათს დასრულდება. 

ბიულეტენების ბეჭდვის პროცესს, რომელიც სამი დღეა გრძელდება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებთან ერთად სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებიან. არჩევნებისთვის სულ 7 102 600 ბიულეტენი დაიბეჭდება.

საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო, საკრებულოების შუალედური, მერების რიგგარეშე და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება. ბოლო მონაცემებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 032 ადამიანია რეგისტრირებული.

3 160,9 ათასი ბიულეტენი განკუთვნილია პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის (პარტიული სიები და ბლოკები), 3 097,8 ათასი კი მაჟორიტარულისთვის, 584 ათასი აჭარის უმაღლესი საბჭოს, 40,1 ათასი საკრებულოს შუალედური, 219,8 ათასი კი მერების არჩევნებისთვის.

საარჩევნო ბიულეტენები თანმიმდევრობით დაინომრება და 50-50 ცალად აიკინძება ბლოკნოტების სახით.

ბიულეტენები 3 725 საარჩევნო უბანზე განაწილდება. აღსანიშნავია, რომ ბიულეტენები ასევე იბეჭდება ეთნიკური უმცირესობების ენებზე: აქედან ქართულ-აზერბაიჯანული ბიულეტენები მიეწოდება 213 საარჩევნო უბანს, ხოლო ქართულ-სომხური - 135 საარჩევნო უბანს. საოლქო საარჩევნო კომისიები კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უზრუნველყოფენ ბიულეტენების მიწოდებას საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის. 

ამასთან, თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების 39 საარჩევნო უბანზე, მოქალაქეები მიიღებენ 3 ბიულეტენს: პროპორციული, მაჟორიტარული არჩევნებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (საკრებულო) არჩევნებისთვის.
კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში, ჯამში 255 საარჩევნო უბანზე, სადაც მერების არჩევნები იმართება, ამომრჩეველი სამი სახის ბიულეტენს მიიღებს.

რაც შეეხება აჭარას, სადაც საპარლამენტო არჩევნების პარალელურად აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ტარდება, ამომრჩეველი ოთხი სახის ბიულეტენს მიიღებს.

ბიულეტენების ბეჭდვა უსაფრთხოების ნორმების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს. პროცესს ადგილობრივი ორგანიზაციების 16 დამკვირვებელი აკვირდება.

3
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
საავადმყოფო

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა

21
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1872-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 30303-ს მიაღწია

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რაოდენობა 215-მდე გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1872-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 30303-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 11370 ადამიანი, გარდაიცვალა – 215, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3769, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3832 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში  2249 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

21
თემები:
COVID-19 საქართველოში (2190)