საქართველოს ფოსტის კურიერი

„საქართველოს ფოსტა“ ქართული სტუმარმასპინძლობის პოპულარიზაციას იწყებს

85
(განახლებულია 22:11 06.10.2020)
ყველა მსურველი სპეციალური პლატფორმიდან უცხოელისთვის, რომელსაც საქართველო ენატრება, ქართული სტუმარმასპინძლობის პატარა ნაწილის გაგზავნას შეძლებს

თბილისი, 6 ოქტომბერი - Sputnik. „საქართველოს ფოსტა“ იწყებს კამპანიას Georgia By Post, რომელიც ყველა მსურველს უკეთ გააცნობს ქართულ სტუმარმასპინძლობას, ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის Facebook-ზეა განთავსებული.

ხვალიდან ხუთი ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას კარანტინის გარეშე შეძლებენ >>

ასეთი გადაწყვეტილება „საქართველოს ფოსტამ“ მიიღო იმის გამო, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყნის საზღვრები დაკეტილია და ტურისტებს არ აქვთ საშუალება ჩამოვიდნენ საქართველოში და გაეცნონ ქვეყნის სამზარეულოს ან ისტორიას.

„სწორედ ამიტომ, საქართველოს ფოსტის უშუალო საქმიანობიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე საინტერესო გამოსავალს მივაგენით და გადავწყვიტეთ ქართული სტუმართმოყვარეობა ჩავდოთ ამანათში, შევფუთოთ და გავუგზავნოთ მათ, ვინც ვერ ჩამოვიდა. ამ იდეის განსახორციელებლად შეიქმნა კამპანია - „გააგზავნე საქართველო ფოსტით!“, - აღნიშნავენ კომპანიაში.

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პლატფორმა georgiabypost.com, სადაც უცხოელები, რომლებიც არიან საქართველოთი დაინტერესებული ან ენატრებათ ჩვენი ქვეყანა, აზიარებენ ვიდეორგოლებს და გვიყვებიან, რა მოსწონთ ყველაზე მეტად საქართველოში, რა ენატრებათ, რისი გაგება სურთ. ჩვენ მოქალაქეებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა სრულიად უფასოდ „გაუგზავნონ“ მათ საქართველოს პატარა ნაწილი.

„მოუსმინე საქართველოს უცხოელ მეგობრებს და აჩვენე როგორი მასპინძლობა ვიცით“, - აცხადებენ „საქართველოს ფოსტაში“.

კამპანიაში მონაწილეობის მიღება საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია. ამისათვის უნდა ეწვიონ პლატფორმას georgiabypost.com, გაეცნონ ადრესატებს, მოუსმინონ მათ და შეარჩიონ ერთ-ერთი მათგანი და მოიფიქრონ, როგორ განათავსონ ინფორმაცია საქართველოს შესახებ ერთ ამანათში. „პატარა საქართველოს“ ადრესატი მას „საქართველოს ფოსტის“ დახმარებით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მიიღებს.

კამპანიაზე „საქართველოს ფოსტასთან“ ერთად იმუშავა სარეკლამო სააგენტო „რედბერმა“. მსურველებს კამპანიის შესახებ ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ „საქართველოს ფოსტის“ Facebook, Instagram და Twitter-ის გვერდებზე, ასევე „საქართველოს ფოსტის“ საინფორმაციო პარტნიორის - Spend 4 Seasons in Georgia-ს არხებზე.

85
თემები:
ტურიზმი საქართველოში (286)
ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფო

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 93 შემთხვევა გამოვლინდა

17
(განახლებულია 14:09 25.10.2020)
რეგიონში დადასტურებული შემთვევების უმრავლესობა ზუგდიდში გამოვლინდა, ყველაზე მეტი პაციენტები რუხის კლინიკაში მკურნალობს

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 276 ნიმუშებიდან 93-ზე დადებითი პასუხია, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას გამცხადებით, აქედან 59 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში. 10 შემთხვევა - ფოთში, 7 შემთხვევა - წალენჯიხაში. ასევე 7 შემთხვევა ჩხოროწყუში, 6 შემთხვევა  სენაკში, 3 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, 1 ოკუპირებული აფხაზეთის ტეროტორიიდან. მათი ნაწილი უკვე დადასტურებული კონტაქტები არიან, ხოლო ნაწილი კი ახალი შემთხვევებია და ისინი ცხელებით შესული პაციენტები არიან.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 119 კოვიდ პაციენტი, აქედან 15-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 9 პირი, მათ შორის 5 რუხის კლინიკიდან და 4 ფოთის კლინიკაში მკურნალობდა. (3 ზუგდიდი, 3 ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან, 1 წალენჯიხა, 1 სამტრედია, 3 ქუთაისი).

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება - 174 ადამიანი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1928-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 28 431-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რიცხვს 604 ადამიანი შეემატა, გარდაიცვალა 8 ადამიანი.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 10767 ადამიანი, გარდაიცვალა – 201, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4112, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3766 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2268 ადამიანი იმყოფება.

„დაბურული მინის“ ნიშანი : რა ცვლილებები აღმოაჩნდათ უსიმპტომო პაციენტებს >>

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

17
თემები:
COVID-19 საქართველოში
ბათუმის კლინიკაში

რა თანმხლები დავადებები ჰქონდათ აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტებს

28
(განახლებულია 13:53 25.10.2020)
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით სულ 8 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა ინფორმაცია გარდაცვლილ პაციენტებზე  ჯერჯერობით მხოლოდ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გაასაჯაროვა.

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების სამი შემთხვევიდან ორი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ერთი კი სამედიცინო ცენტრში დაფიქსირდა, იუწყება საქართველოს პირველი არხი.

ტელეკომპანიის ცნობით, გარდაცვლილები არიან 66, 72 და 90 წლის პაციენტები.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 90 წლის ქალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 12 ოქტომბერს შეიყვანეს და მას კორონავირუსის გარდა, პნევმონია, ქრონიკული გასტრიტი და კონვერსიული აშლილობა უფიქსირდებოდა.

რესპუბლიკური საავადმყოფოში გარდაცვლილ მეორე პაციენტს - 66 წლის ქალს, რომელიც  კლინიკაში 20 ოქტომბერს მოათავსეს,  COVID-19-თან ერთად ასევე ჰქონდა პნევმონია, შაქრიანი დიაბეტი და იყო დიალიზდამოკიდებული.

მესამე პაციენტი კი 72 წლის ქალია, რომელიც  გარდაიცვალა ბათუმის სამედიცინო ცენტრში, კლინიკაში 14 ოქტომბერს, COVID-19-ის, გულის უკმარისობისა და სუნთქვის მწვავე უკმარისობის დიაგნოზით შეიყვანეს. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით სულ 8 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა ინფორმაცია გარდაცვლილი პაციენტების შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გაასაჯაროვა.

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 551-ით გაიზარდა.  ამ დროისთვის რეგიონში 75 მძიმე პაციენტია, მათგან 25 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. ამ დროისთვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4000-ს აჭარბებს, თვითიზოლაციაშია 12 000-მდე პირი. გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 271 კოვიდდადებითი პაციენტი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა აჭარაში 6 624-ს აღწევს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროცესში 10 სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული, აქედან ოთხი კლინიკა პაციენტების მიღებას ე.წ. ჰიბრიდული მეთოდით ახორციელებს.

„ანტისხეულები დამიფიქსირდა“ – მომღერალი აცხადებს, რომ კორონა ერთხელ უკვე გადაიტანა >>

პანდემიის დაწყებიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოში სულ 28 431 ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილთა რიცხვმა საქართველოს მასშტაბით 201-ს მიაღწია. ინფიცირების დღე-ღამური მაჩვენებელი ორი ათასს უახლოვდება. ეპიდემიოლოგების პროგნოზებით, ნოემბერში ახალი შემთხვევების რაოდენობა სამ-ოთხ და ხუთი ათასსაც კი მიაღწევს დღე-ღამეში.

28
თემები:
COVID-19 საქართველოში
შსს-ს შენობა

შსს: ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია

32
შსს მიმართავს მედიასაშუალებებსა და საზოგადოების ყველა წევრს, თუ სხვადასხვა წყაროთი მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ აღნიშნული ინფორმაცია

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. ზუგდიდში, 21 ოქტომბერს „საქართველოს ბანკზე“ მომხდარ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დადგინდა და ის იდენტიფიცირებულია, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

„პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირის ადგილსამყოფელის დადგენისა და მისი დაკავების მიზნით, სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მედიასაშუალებებსა და საზოგადოების ყველა წევრს, თუ სხვადასხვა წყაროთი მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ აღნიშნული ინფორმაცია, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს.

21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 40-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. 

მძევლების გათავისუფლების ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მძევლების გათავისუფლება მოხდა, მათ სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. ფულის მიღების შემდეგ თავდამსხმელმა ავთანდილ გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა მძევლები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, თავად კი მიიმალა. საბოლოოდ ყველა მძევალი გათავისუფლდა, ბოროტმოქმედზე კი ძებნაა გამოცხადებული.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს.

ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით გრძელდება, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.

 

32
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა