შსს–ს შენობა

შსს: არ დავუშვებთ საარჩევნო პროცესის ძალადობრივი სცენარით განვითარებას

59
(განახლებულია 15:40 04.10.2020)
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება. არჩევნებში მონაწილეობისთვის ამ დროისთვის რეგისტრირებულია 57 პარტია და ორი ბლოკი.

თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. არ დავუშვებთ საარჩევნო პროცესის ძალადობივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ ნებისმიერი სამართალდარღვევის ფაქტზე, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ  დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

27 და 29 სექტემბერს ბოლნის სოფელ ნახიდურში და მარნეულის მუნიციპალიტეტში  ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" მომხრეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებზე   შსს–მ ოთხი პირი დააკავა.

ბორცვაძის განცხადებით,  სამინისტროს ამოცანაა მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა.

საქართველოში წინასაარჩევნო რბოლა ინციდენტების ფონზე მიმდინარეობს – არჩევნებამდე დარჩენილია 27  დღე და სიტუაცია თანდათანობით იძაბება. 

„ჩვენ არ დავუშვებთ საარჩევნო პროცესის ძალადობივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ ნებისმიერი სამართალდარღვევის ფაქტზე“,- აღნიშნა ბორცვაძემ.

ამასთან, მან მოუწოდა პარტიების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მშვიდ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში არჩევნების ჩატარება. 

„მოვუწოდებთ როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მშვიდ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში არჩევნების ჩატარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თითოეული სამართალდამრღვევი პასუხს აგებს კანონის მთელი სიმკაცრით, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად“, - აღნიშნა ბორცვაძემ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება. არჩევნებში მონაწილეობისთვის ამ დროისთვის რეგისტრირებულია 57 პარტია და ორი ბლოკი.

ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს. აქედან 120-ს პარტიული სიებით და 30-ს – მაჟორიტარულ ერთმანდატიან ოლქებში. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერია 1%. ხმის უფლება არჩევნებზე საქართველოს 3 501 931 მოქალაქეს აქვს როგორც ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ.

59
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (294)
ავტობუსის კონტროლიორი

თბილისში კორონავირუსი ავტობუსის კონტროლიორს დაუდასტურდა

12
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ ავტობუსის კონტროლიორი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში ავტობუსის კონტროლიორს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება თბილისის სატრანსპორტო კომპანია.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ ავტობუსის კონტროლიორი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

მათი თქმით, კონტროლიორს მგზავრებთან შეხება არ ჰქონია, ის ათი დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

„კონტროლიორები მუშაობენ განრიგით, ის არ მუშაობდა, როცა თავი იგრძნო შეუძლოდ, ათი დღის განმავლობაში იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. ამ პერიოდში მან ჩაიტარა ტესტირება და დაუდასტურდა ვირუსი. მას არ ჰქონია შეხება არც თანამშრომლებთან და არც მგზავრებთან. რამდენადაც ვიცი, მისი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია“, – აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო დღეებში ყოველდღიურმა მაჩვენებელმა თითქმის 2000-ს მიაღწია.

საქართველოში ბოლო დღე–ღამეში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 1824-ით გაიზარდა და 32127-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 12632 ადამიანი, გარდაიცვალა – 238.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

12
თემები:
COVID-19 საქართველოში
ცარიელი საკლასო ოთახი

კახეთის ერთ-ერთ სკოლაში კორონავირუსი სამ მოსწავლეს დაუდასტურდა

81
ამ დროისთვის კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 362-ია. რეგიონში Covid-19-ით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. ყვარლის ერთ-ერთი საჯარო სკოლაში კორონავირუსი სკოლის სამ მოსწავლეს დაუდასტურდა, იუწყება პირველი არხი.

სკოლა ხვალიდან დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან და ისინი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან.

ამ დროისთვის კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 362-ია. რეგიონში Covid-19-ით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

საკლასო ოთახებში სწავლის განახლების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი საქართველოს მასშტაბით უკვე არაერთ სკოლაში დაფიქსირდა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეგულაციების თანახმად, რომელიმე სკოლაში კორონავირუსით ინფიცირების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, საჭიროებიდან გამომდინარე, პედაგოგები და მოსწავლეები (იქნება ეს კლასი, ესა თუ ის სართული, მთლიანად სკოლა და ა.შ.) თვითიზოლაციაში გადადიან, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გრძელდება. ასევე სკოლას უტარდება დეზინფექცია.

ქვეყანაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

საქართველოს ოთხ ქალაქში – თბილისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ქუთაისში, სადაც სკოლებში სწავლა 1 ოქტომბრიდან განახლდა. განათლების სამინისტრომ დაწყებითი კლასების მოსწავლეების მშობლებს არჩევანის საშუალება მისცა – ბავშვები სკოლაში ივლიდნენ ან ონლაინ–რეჟიმში გააგრძელებდნენ სწავლას. მეშვიდე და უფროსი კლასების მოსწავლეები კი დისტანციურ რეჟიმში სწავლობენ.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოში I-VI კლასების 130 ათასი მოსწავლიდან დაახლოებით 10 ათასმა მოსწავლემ სწავლის დისტანციური რეჟიმი აირჩია.

რუსთავში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 21 წლის ბიჭი გარდაიცვალა >>

საქართველოში ბოლო დღე–ღამეში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 1824-ით გაიზარდა და 32127-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 12632 ადამიანი, გარდაიცვალა – 238.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

81
თემები:
COVID-19 საქართველოში