სკოლა

თვითიზოლაციაში მყოფმა ოჯახმა ბავშვი სკოლაში გაუშვა რა მოხდა ზუგდიდში

559
(განახლებულია 20:08 03.10.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში კვლავ რეკორდულად, 471-ით გაიზარდა და 7564-ს მიაღწია.

თბილისი, 3 ოქტომბერი - Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ინფექციის დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან, ერთი მესამე კლასის მოსწავლეა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის ნინო გოგინავას განცხადებით, ინფიცირებული მოსწავლის ოჯახი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, თუმცა, მშობელმა ბავშვი სკოლაში მაინც მიიყვანა და ამის შესახებ სკოლის ადმინისტრაცია არ გააფრთხილა. 

„მშობელმა 1 ოქტომბერს ბავშვი სკოლაში მოიყვანა, თუმცა, არასრულწლოვანს თვითიზოლაციის რეკომენდაცია ჰქონია, მაგრამ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით და არც მშობელმა გაგვაფრთხილა. ბავშვს არ ჰქონდა სიცხე და არც ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. შემდგომ მშობელმა თავად დაგვირეკა და შეგვატყობინა, რომ ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა“, - განაცხადა გოგინავამ.

სკოლის დირექტორის განცხადებით,  ამ დროისთვის დაწესებულებაში სასწავლო პროცესი დისტანციისა და რეგულაციების დაცვით გრძელდება და ადმინისტრაცია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს ელოდება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში კვლავ რეკორდულად, 471-ით გაიზარდა და 7564-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა კიდევ 278 პაციენტი და საერთო რაოდენობა 3 992-ს შეადგენს, გარდაიცვალა 48.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

559
თემები:
COVID-19 საქართველოში (2133)
ტესტირება

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

17
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9003 ადამიანი, გარდაიცვალა – 172, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4462, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3071 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1772 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1351-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 21208-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9003 ადამიანი, გარდაიცვალა – 172, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4462, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3071 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1772 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

17
თემები:
COVID-19 საქართველოში (2133)
ქუთაისი

ქუთაისში 274 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემათ

8
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იმერეთის რეგიონში წლის ბოლომდე საცხოვრებელი ფართით 100-ზე მეტი დევნილი  ოჯახი დაკმაყოფილდება.

 

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. ქუთაისში 274 დევნილ ოჯახს ახლადაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელ ბინებს გადასცემენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2. 

იმისთვის, რომ დევნილებმა დაიკანონ ან მიიღონ ახალი ფართები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უნდა მიმართონ.

იმერეთის რეგიონში წლის ბოლომდე საცხოვრებელი ფართით 100-ზე მეტი დევნილი  ოჯახი დაკმაყოფილდება.

„ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში 274 ბინა ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობა უკვე მიმდინარეობს, რის შედეგადაც გამოვლინდება, კონკრეტულად რომელი ობიექტები დაიხურება ამ ეტაპზე“, – განაცხადა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 273,4 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია.

 

საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.

8
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში