პარლამენტმა საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა

© Sputnik / Vladimir Umikashviliმუშები მშენებლობაზე
მუშები მშენებლობაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანონის თანახმად, საქართველოში გაფორმდება მხოლოდ წერილობითი კონტრაქტი და აღარ იარსებებს ზეპირი შეთანხმების შესაძლებლობა.

თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები საქართველოს შრომის კოდექსში, რითიც კიდევ უფრო განამტკიცა შრომითი გარანტიები და დასაქმებულთა უსაფრთხოება.

ცვლილებებს 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

მესამე მოსმენით დეპუტატებმა მხოლოდ რედაქციული უზუსტობები შეასწორეს. ცვლილებები ძალაში შევა დოკუმენტზე პრეზიდენტის ხელმოწერისა და „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნების შემდეგ.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც გააუმჯობესებს შრომითი უფლებების თვალსაზრისით საქართველოში არსებულ მდგომარეობას და შეიქმნება ძლიერი ინსტიტუციური მექანიზმი, რომელიც შრომითი უფლებების დაცვას უზრუნველყოფს“, – განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა ირაკლი კობახიძემ.

კონტრაქტი, ზეგანაკვეთური სამუშაო და შვებულება

კანონის თანახმად, ამიერიდან საქართველოში მხოლოდ წერილობითი კონტრაქტი გაფორმდება და აღარ იარსებებს ზეპირი შეთანხმების დადების შესაძლებლობა, თუ საუბარია ერთ თვეზე მეტი ხანგრძლივობის სამუშაოზე. კონტრაქტის მოქმედების მინიმალური ვადა ერთი წელია, მაგრამ თუ საუბარია კონკრეტული სამუშაოს შესრულებაზე ან სეზონურ სამუშაოზე, ვადა შეიძლება ნაკლებიც იყოს.

მუშები მშენებლობაზე - Sputnik საქართველო
დისკრიმინაცია, შვებულება და უსაფრთხოება: შრომის კოდექსი კარდინალურად იცვლება

თუ კონტრაქტის ვადა აღემატება 30 თვეს, ის უკვე უვადოდ ითვლება. უვადო იქნება ასევე შეთანხმება, თუ ის რამდენჯერმეა გაგრძელებული და მისი მოქმედების საერთო ვადა 30 თვეს აღემატება. კონტრაქტი გაფორმდება ორივე მხარისთვის გასაგებ ენაზე ან რამდენიმე ენაზე, ამასთან, კონტრაქტის პირობებში მითითებული იქნება, რომელ ენაზე გაფორმებული კონტრაქტი მიიჩნევა პრიორიტეტულად.

კონტრაქტში, ჩვეულებრივი ნორმების გარდა, უნდა გაიწეროს დანამატები, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი, ანაზღაურებადი და უხელფასო შვებულების ვადები.

კონტრაქტი გამოსაცდელი ვადის შემთხვევაში გაფორმდება არანაკლებ ექვსი თვის ვადით და მხოლოდ წერილობით, იქნება ანაზღაურებადი. ანაზღაურების ოდენობა კი დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შეთანხმების საფუძველზე განისაზღვრება.

სიახლეები სტაჟირებასაც შეეხო. ამიერიდან სტაჟიორები თანამშრომლებს ვეღარ ჩაანაცვლებენ. აუნაზღაურებელი სტაჟირების ვადა ექვსი თვე, ანაზღაურებადი სტაჟირებისა კი ერთი წელი იქნება. ამასთან, უხელფასო სტაჟირების გავლას კონკრეტული ადამიანი კონკრეტულ კომპანიაში მხოლოდ ერთხელ შეძლებს. სტაჟიორთან ასევე წერილობითი კონტრაქტი გაფორმდება.

მუშები მშენებლობაზე - Sputnik საქართველო
რა იცვლება შრომის კანონმდებლობაში, ანუ დეპუტატების ხედვა გარჯაზე

ახალი წესების თანახმად, მივლინებით გამგზავრება შესაძლებელი იქნება არაუმეტეს 45 დღის ვადით. რაც შეეხება სამუშაო საათებს, მართალია, დრო უცვლელი დარჩა – 40 საათი კვირაში ჩვეულებრივი ორგანიზაციებისთვის და 48 საათი დაწესებულებებისთვის, სადაც დღეში 8 საათზე მეტი სამუშაო რეჟიმი მოქმედებს, გაჩნდა ახალი დათქმა, რომ ყოველი თანამშრომელი უნდა ისვენებდეს ცვლებს შორის არანაკლებ 12 საათს.

კანონპროექტში მითითებულია, რომ დღეში 6 საათზე მეტი სამუშაო გრაფიკის პირობებში დასაქმებულებს უფლება აქვთ ისარგებლონ არანაკლებ ერთსაათიანი შესვენებით. დამსაქმებელი ვალდებულია ორი კვირის განმავლობაში ზედიზედ ორი დღით დაასვენოს დასაქმებული.

გიორგი გახარია ტყიბულელებს ახალ „შრომის კოდექსზე“ ესაუბრა>>

მშრომელი არ უნდა მუშაობდეს ზედიზედ ორი ცვლის განმავლობაში, ერთი ცვლიდან მეორეზე გადასვლის შემთხვევაში კი დამსაქმებელი ვალდებულია ათი დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული.

ზეგანაკვეთური სამუშაო არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 4 საათს და დღეში 2 საათს. ამასთან, ანაზღაურება უნდა იყოს საათში ჩვეულებრივი ხელფასის 125%, მაგრამ მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ დამატებითი დასვენების შესაძლებლობაზე.

ოფიციალურ დასვენების დღეებში მუშაობა ზეგანაკვეთურად ითვლება და სათანადოდ ანაზღაურდება.

Обувь для новорожденных - Sputnik საქართველო
საქართველოში მამები დეკრეტულ შვებულებაში გასვლას შეძლებენ

ცვლილებები შვებულების უფლებასაც არეგულირებს. მშრომელთათვის ის წელიწადში კვლავ 24 სამუშაო დღე იქნება. ხოლო დეკრეტული შვებულების პირობები შეიცვალა. ახლა კანონმდებლობაში გაჩნდა ორი ცნება. ორსულობისა და მშობიარობის შვებულება, რომელიც შეადგენს 126 დღეს. დღეების გადანაწილება დასაქმებულს შეუძლია სურვილისამებრ ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდზე.

ამას ემატება 604-დღიანი შვებულება ბავშვის მოსავლელად. აქედან ანაზღაურებადია 57 დღე. ასეთი შვებულების აღება შეუძლია როგორც ბავშვის დედას, ისე მამას, ასევე მორიგეობით, თუ დედას თავისი შვებულება სრულად არ გამოუყენებია. ბავშვის მოსავლელად შვებულების აღების შესახებ საჭიროა დამსაქმებლის ორი კვირით ადრე გაფრთხილება.

ეს შვებულებები ანაზღაურდება ბიუჯეტიდან, თუმცა დამსაქმებელს შეუძლია ასევე დამატებითი თანხის გამოყოფა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
არა დისკრიმინაციას სამსახურში - ახალი წესები დასაქმებულთათვის

ანტიდისკრიმინაციული ცვლილებები და შრომის უსაფრთხოება

კოდექსით კატეგორიულად აიკრძალა ნებისმიერი ნიშნით დასაქმებულთა დისკრიმინაცია. თუ დასაქმებული იჩივლებს, დამსაქმებელი ვალდებულია თავად დაამტკიცოს, რომ დისკრიმინაცია არ მომხდარა.

შრომის კოდექსში გაჩნდა ასევე ახალი ჩანაწერი იმის შესახებ, რომ დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას შრომის უსაფრთხო პირობები და სისტემა უსაფრთხოების დარღვევის აღსაკვეთად.

მშრომელს უფლება აქვს უარი განაცხადოს სახიფათო სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც მის ჯანმრთელობას საშიშროებას უქმნის. ამასთან, დამსაქმებელი ვალდებულია აუნაზღაუროს დასაქმებულს მკურნალობის ხარჯი შრომითი საქმიანობისას მისი ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში. საზიანო და საშიში სამუშაოს შესრულებისას დამსაქმებელი თავად უზრუნველყოფს მშრომელთა სამედიცინო შემოწმებას.

ყველა ახალი ამბავი
0