შატილის გზა გაცილებით უსაფრთხო გახდა

გამოწერა
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ შატილის მიმართულებით გზის პარამეტრები გაუმჯობესდება, გაფართოვდება გზის სავალი ნაწილი, გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ჟინვალი–ბარისახო–შატილის გზაზე 18 კმ-იანი მონაკვეთის (33-51 კმ) რეაბილიტაცია დასრულდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

„ეს ერთადერთი საავტომობილო გზაა, რომელიც ცენტრალურ რეგიონს აკავშირებს შატილთან და პირიქითა ხევსურეთთან, ამიტომ ამ გზის კეთილმოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ მონაკვეთს 40 წელია არ ჩატარებია რეაბილიტაცია და გზა ძლიერ იყო დაზიანებული, რაც აფერხებდა ავტოტრანსპორტის გადაადგილებას. 

შატილი - Sputnik საქართველო
შატილამდე მისასვლელი გზა უსაფრთხო და კომფორტული გახდება

პროექტის ფარგლებში გაუმჯობესდა გზის ტექნიკური პარამეტრები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხელოვნურ ნაგებობებს და მოძრაობის უსაფრთხოებისთვის გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა, 10,2 მლნ ლარი შეადგინა.

„საავტომობილო გზის ამ მონაკვეთზე გრძელდება ცხრა ხიდის მშენებლობა, რომელთა ღირებულება 6 მილიონ ლარზე მეტია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შატილის მიმართულებით გზის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს გზის სხვა მონაკვეთებზეც. ამ დროისათვის აქტიურად მიმდინარეობს ჟინვალი–ბარისახო–შატილის გზის 16 კმ-იანი მონაკვეთის (16-32 კმ) რეაბილიტაცია, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს. პროექტის ღირებულება 13,3 მილიონ დოლარზე მეტია.

გარდა ამისა, აღნიშნული გზის ერთი მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომელიც სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის საავტომობილო გზის შემადგენელი ნაწილია, „მთის გზების“ პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

საერთო ჯამში შატილის მიმართულებით მშენებლობა–რეაბილიტაცია ჩაუტარდება 86 კმ გზას და 15 ხიდს. ამ პროექტების განხორციელებას 59 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება. 

საქართველოს სამხედრო გზაზე - Sputnik საქართველო
გზა შეცდომებს არ პატიობს - შატილში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა

პროექტის მიზანია შატილამდე მისასვლელ გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება გახდეს ბევრად უსაფრთხო, ვინაიდან არსებული გზა არის ვიწრო და გრუნტის, სადაც ხშირად ვითარდება მეწყრული პროცესები.

გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ შატილის მიმართულებით გაუმჯობესდება გზის პარამეტრები: გაფართოვდება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა ბაგიროვანი ზღუდარები და გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდება. შატილამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას და ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენებას.

შატილი შუა საუკუნეების ციხე-სოფელია, რომელიც 60-ზე მეტ კოშკს აერთიანებს, მდებარეობს ზღვის დონიდან 1400 მეტრზე. 2007 წლიდან შატილის კოშკები იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საცდელ ნუსხაშია შეტანილი.

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, შატილის თემში სულ 48 ადამიანია რეგისტრირებული, თავად შატილში კი 22 მცხოვრებია.

ყველა ახალი ამბავი
0