თბილისი

ამირან გამყრელიძე: თბილისში კორონავირუსის ინფექცია აქტიურად არ ცირკულირებს

93
(განახლებულია 19:22 28.09.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 298-ით გაიზარდა და 5552-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 2054 ადამიანი, გარდაიცვალა 31 პაციენტი.

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. თბილისში ამჟამად კორონავირუსის ინფექცია აქტიურად არ ცირკულირებს, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. 

გამყრელიძის განცხადებით, თბილისის იუსტიციის სახლთან კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩასატარებლად მოწყობილ სპეციალურ სივრცეში, რომელიც 23 სექტემბერს გაიხსნა, PCR–ტესტი 990-მდე ადამიანს ჩაუტარდა და პასუხი მხოლოდ შვიდ შემთხვევაში იყო დადებითი.

ტესტირების მიზანი თბილისში კორონავისურის ინფექციის გავრცელების ინტენსივობის გაზომვა იყო.

გამყრელიძის განმარტებით, მიუხედავად დღეს არსებული ეპიდვითარებისა, აჭარის მსგავსად სხვა რეგიონებში კარვების განთავსება არ იგეგმება.

„თბილისში იუსტიციის სახლთან ტესტის ჩატარება სამი დღის განმავლობაში ნებისმიერ პირს შეეძლო. ტესტი 988 ადამიანს ჩაუტარდა და მხოლოდ შვიდ შემთხვევაში მივიღეთ დადებითი პასუხი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისში ჯერჯერობით ინფექციის აქტიური ცირკულაცია არ გვაქვს. რაც შეეხება 1,8 ათას პედაგოგს, რომელთაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდათ, ვირუსი 14 მასწავლებელს აღმოაჩნდა. ყველაზე მეტი შემთხვევა კი გურიის რეგიონში დაფიქსირდა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, აჭარის ტერიტორიის გარეთ დაფიქსირებული შემთხვევების უმეტესობა რეგიონებთან არის დაკავშირებული.

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევიდან 175 აჭარას უკავშირდება. რაც შეეხება სხვა რეგიონებს, მაჩვენებლები ასეთია: 32 – იმერეთი, 32 – თბილისი, 16 – გურია, 14 – სამეგრელო–ზემო სვანეთი, 11 – სამცხე-ჯავახეთი, 7 – ქვემო ქართლი, 4 – კახეთი, 1 – შიდა ქართლი.

ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 5552-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 2054 ადამიანი, გარდაიცვალა 31 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

93
თემები:
COVID-19 საქართველოში (2188)
სასწრაფო დახმარება

საქართველოში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა

9
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 28431 -ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 10767 ადამიანი

 

თბილისი, 26 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში, კლინიკა „ჯერარსში"  კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი“.

კლინიკის ინფორმაციით, მედპერსონალი მათი თანამშრომელი არ არის და ის ერთ-ერთი რეგიონიდან უმძიმეს მდგომარეობაში გადმოიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი „სასწრაფო დახმარების“ ექიმია. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 28431 -ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 10767 ადამიანი, გარდაიცვალა – 201, კარანტინის რეჟიმშია 4112, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3766 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2268 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

9
თემები:
COVID-19 საქართველოში (2188)
საკლასო ოთახი

თბილისის №161 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადის

20
(განახლებულია 09:00 26.10.2020)
ქვეყანაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

თბილისი, 26 ოქტომბერი  — Sputnik. თბილისის №161 სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავის 2“.

გავრცელებული ინფორმაციით, პედაგოგთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი ამ დროისთვის თვითიზოლაციაშია გადასული, სკოლის შენობაში კი სადეზინფექციო ღონისძიებები  ჩატარდება. 

სკოლის ადმინისტრაციის განმარტებით, პედაგოგი შეუძლოდ ხუთშაბათს გახდა, მოგვიანებით კი ვირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სკოლა სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადადის.

„მასწავლებელმა გუშინ საღამოს მაცნობა რომ დაუდასტურდა ვირუსი და  კოვიდ–სასტუმროში შვილთან ერთად გადაიყვანეს. ინფორმაცია ვაცნობე დირექტორს. გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მთელი სკოლა გადავა დისტანციურ სწავლებაზე“, – განაცხადა სკოლის დირექტორის მოადგილე როზა კაკულიამ.

ქვეყანაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

საქართველოში ბოლო მონაცემებით, ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ  28431-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 10767 ადამიანი, გარდაიცვალა – 201.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

20
თემები:
COVID-19 საქართველოში (2188)
ლევან მატიაშვილი

ქართველმა ძიუდოისტებმა ბუდაპეშტში ორი მედალი  მოიპოვეს

0
(განახლებულია 10:22 26.10.2020)
„დიდი სლემის“ ტურნირზე ბუდაპეშტში გამართულ ტურნირზე საქართველოს ნაკრები ექვსი ძიუდოისტით იყო წარმოდგენილი.

თბილისი, 26 ოქტომბერი  – Sputnik.  ქართველმა ძიუდოისტებმა ლევან მატიაშვილმა და გელა ზაალიშვილმა  ბუდაპეშტში გამართულ „დიდი სლემის“ სერიის ტურნირზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ორივე სპორტსმენმა +100 კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავეს. მატიაშვილმა ისრაელის წარმომადგენელ ორ სასონს სძლია, ზაალიშვილმა კი ნიდერლანდების წარმომადგენელი იურ  სპიკერსი დაამარცხა. 

ბუდაპეშტში გამართულ ტურნირზე საქართველოს ნაკრები ექვსი ძიუდოისტით იყო წარმოდგენილი. სამწუხაროდ, ბაგრატ ნინიაშვილმა (-66 კგ), ფრიდონ გიგანმა, ლაშა შავდათუაშვილმა (ორივე -73 კგ) და ავთო ჭრიკიშვილმა (-90 კგ)  საპატიო კვარცხლბეკზე ასვლა ვერ მოახერხეს.

საერთოგუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მერვე ადგილი დაიკავა. გამარჯვებულები გახდნენ რუსეთის(ხუთი ოქროს და ოთხი ვერცხლის მედალი) წარმომადგენლები.

კორონავირუსის პანდემიის გამო IJF–ის ეგიდით ძიუდოში შეჯიბრებები მიმდინარე წლის მარტის დასაწყისიდან არ ჩატარებულა. მოსალოდნელია, რომ წლის ბოლომდე „დიდი სლემის“ სერიიდან კიდევ ერთი ტურნირი  ჩატარდება, რომელიც ტოკიოში 11–13 დეკემბრის პერიოდშია დაგეგმილი.

0
თემები:
სპორტის ამბები