საკლასო ოთახი

გურიაში შესაძლოა სკოლებში სწავლა ონლაინ-რეჟიმზე გადავიდეს

211
(განახლებულია 17:36 27.09.2020)
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ განაცხადა, რომ საკითხი ჯერ დაზუსტებული არ არის. ამასთან, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ოზურგეთში შესაძლოა სკოლები სწავლის ონლაინრეჟიმზე გადავიდნენ, ამის შესახებ გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ ისაუბრა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 294-ით გაიზარდა. გურიაში დღეს კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონში შემთხვევების რაოდენობა 90-ს უახლოვდება. ორი დღის წინ კორონავისუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში გადაადგილება შეიზღუდა.

ნასარაიას თქმით, საკითხი ჯერ დაზუსტებული არ არის. ამასთან, ზურაბ ნასარაიას განმარტებით, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

„ვამუშავებთ სქემას, რომ ოზურგეთის სკოლები ნელ-ნელა გადავიდნენ ონლაინ სწავლებაზე, თუმცა ეს ჯერ დაზუსტებული არ არის და საჭიროებს შეთანხმებას შესაბამის უწყებასთან. ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სკოლებში სწავლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. რაც შეეხება სოფელ ლაითურს, იქ შეზღუდვები კვლავაც გრძელდება, მაგრამ გადაადგილების შეზღუდვა არ ვრცელდება არც სადისტრიბუციო კომპანიებზე და არც იმ პირებზე, რომლებიც სხვაგან არიან დასაქმებული“, – განაცხადა გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ.

ქვეყანაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო რვა ქალაქის – თბილისი, ბათუმი, ქობულეთი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ასევე კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის ზოგიერთი სოფლის სკოლების მოსწავლეები და სტუდენტები იძულებული არიან, ორი კვირის განმავლობაში, 1 ოქტომბრამდე დისტანციურად ისწავლონ. სხვა ქალაქებსა და სოფლებში სასწავლო დაწესებულებები გაიხსნა.

სასწავლო პროცესის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 21 სექტემბერს კორონავირუსი დაფიქსირდა სამ სკოლაში - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურში, შრომაში და სენაკში. იქ COVID-19 რამდენიმე პედაგოგსა და მოსწავლეს დაუდგინდა. აღნიშნული სკოლები დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.

დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სასწავლო პროცესი განახლდება ზუსტად იმ რეჟიმში, როგორც იყო გამოცხადებული.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 5254-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1906 ადამიანი, გარდაიცვალა – 28, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5674, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 800 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

211
თემები:
COVID-19 საქართველოში (2107)
თბილისის ინფექციური საავადმყოფო

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსთან ყოველდღიური ბრიფინგები აღარ გაიმართება

16
როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ინფიცირებულთა ბოლო მონაცემებთან დაკავშირებით, განმარტებები საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსთან ყოველდღიური ბრიფინგები აღარ გაიმართება.

ინფიცირებულთა ბოლო მონაცემებთან დაკავშირებით, განმარტებები საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება.

როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შეხვედრებს დღეიდან ყოველდღიურ რეჟიმში გამართავს. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის გიორგი ბერიძის განცხადებით, საზოგადოება ინფიცირებულთა რაოდენობასთან დაკავშირებით ინფორმაციას მთავრობის დილის სხდომის შემდეგ მიიღებს.

„დღეიდან სტატისტიკის შესახებ განცხადებებს მთავრობა გააკეთებს. თემის აქტუალურობის შესაბამისად, ინფექციონისტები და კლინიკის ხელმძღვანელობა ბრიფინგებს პერიოდულად გამართავს", – განაცხადა ბერიძემ.

19 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1186-ით გაიზარდა და 18 663-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 8338 ადამიანი, გარდაიცვალა – 143.

16
თემები:
COVID-19 საქართველოში (2107)
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 20 ოქტომბერს

12
(განახლებულია 18:07 19.10.2020)
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 20 ოქტომბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩოს და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, გელოვანის, გოძიაშვილის, იასამნის და ბროწეულის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიმიტრი გულიას, რიჩარდ ჰოლბრუკის, იორის და იუნკერთა ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

12
თემები:
თბილისი დღეს