ჰასვი

საქართველოში შინაური ცხოველების ვაქცინაცია ცოფზე მიმდინარეობს

196
(განახლებულია 15:26 27.09.2020)
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარეს შინაური ბინადარი ცხოველების - ძაღლებისა და კატების უფასო ვაქცინაცია

თბილისი, 27 სექტემბერი  — Sputnik. ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 28 სექტემბერს ვაკის პარკის შესასვლელთან და დიღმის ტყე-პარკში შინაური ცხოველების - ძაღლების და კატების ანტირაბიული (ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო) ვაქცინაცია ჩატარდება, ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წელს უკვე ვაქცინირებულია 210 000 ცხოველი. გატარებული ღონისძიებების შედეგად ცხოველებში ცოფის გამოვლენის შემთხვევები 2012 წელთან შედარებით 63%-ით არის შემცირებული.

ანტირაბიული ვაქცინაცია და შემდეგ, ყოველწლიური რევაქცინაცია როგორც ძაღლებისა და კატებისათვის ცოფის მიმართ მდგრადი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისათვის, ასევე, ვირუსის პრევენციისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომლის მიზანს მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა წარმოადგენს.

ასევე, სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნა. სააგენტოს ვეტერინარებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარეს შინაური ბინადარი ცხოველების - ძაღლებისა და კატების უფასო ვაქცინაცია.

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივით 2007 წელს დაწესდა და ყოველწლიურად 28 სექტემბერს აღინიშნება (28 სექტემბერი ცნობილი მიკრობიოლოგის, ცოფის ვაქცინის შემქმნელის ლუი პასტერის გარდაცვალების დღეა). მისი მიზანია ცხოველებში ცოფით დაავადების შემთხვევების მინიმუმამდე შემცირება და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, რაც დაავადების პრევენციის წინაპირობაა.

საქართველო აღნიშნულ ინიციატივას 2013 წლიდან შეუერთდა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ყოველწლიურად აღინიშნება.

ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს.

სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად 260 ათასზე მეტ ცხოველს ცრის, ხოლო ცოფის დაფიქსირების შემთხვევაში დაავადების ამთვისებელ ცხოველებს ინფექციის კერაში იძულებითი ვაქცინაცია უტარდებათ.

აცრა ვაკის პარკის შესასვლელთან დაიწყება 12:00 საათზე, ხოლო დიღმის ტყე-პარკში 13:30 საათზე.

196
თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (228)
სასწრაფო დახმარება

საქართველოში კორონავირუსით სასწრაფო დახმარების ექიმი გარდაიცვალა

30
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსების რაოდენობა 1678-ს აღწევს - ეს COVID-19-ით დაავადებულთა საერთო რიცხვის 5,2%-ია. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის გამოვლენილ შემთხვევებს შორის მედიკოსების დაინფიცირების 90 შემთხვევა დაფიქსირდა,

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. ბაღდათში სასწრაფო დახმარების ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა, იუწყება პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 45 წლის ექიმია. კოვიდინფიცირებული მედიკოსი სამკურნალოდ თბილისში იყო გადმოყვანილი. ის გუშინ ღამით გარდაიცვალა.

„მედიცინის მუშაკებმა ყველაფერი გააკეთეს მის გადასარჩენად, თუმცა სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა. ქალბატონი იყო მძიმეწონიანი. სამწუხაროდ, სუნთქვის უკმარისობითა და დისტრესით გარდაიცვალა“, – განაცხადეს გადაუდებელი დახმარების ცენტრში.

რამდენიმე დღის წინ კორონავირუსით ახალქალაქის სასწრაფო დახმარების თანამშრომელიც გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსების რაოდენობა 1678-ს აღწევს - ეს COVID-19-ით დაავადებულთა საერთო რიცხვის 5,2%-ია. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის გამოვლენილ შემთხვევებს შორის მედიკოსების დაინფიცირების 90 შემთხვევა დაფიქსირდა, დღეს ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო დღეებში ყოველდღიურმა მაჩვენებელმა თითქმის 2000-ს მიაღწია.

საქართველოში ბოლო დღე–ღამეში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 1824-ით გაიზარდა და 32127-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 12632 ადამიანი, გარდაიცვალა – 238.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

30
თემები:
COVID-19 საქართველოში
ამირან გამყრელიძე

გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსით 1678 მედიკოსი დაინფიცირდა

40
საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღის დაწყებისთანავე სერტიფიცირებული სამედიცინო კადრების დეფიციტი შეიქმნა. ჯანდაცვის სამინისტრო  და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ კრიზისიდან გამოსავალს ეძებენ

თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსების რაოდენობა 1678-ს აღწევს - ეს COVID-19-ით დაავადებულთა საერთო რიცხვის 5,2%-ია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის გამოვლენილ შემთხვევებს შორის მედიკოსების დაინფიცირების 90 შემთხვევა დაფიქსირდა.

გამყრელიძის თქმით, მედიკოსები სისტემატურად გადიან ტრენინგებს ინფექციის კონტროლის კუთხით, რათა ექიმებს შორის ინფიცირების მატება არ მოხდეს.

„ჯანდაცვის სექტორმა უნდა გაუძლოს ამ დიდ გამოწვევას, ეს ჩვენი მოვალეობაა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება სიმპტომების მქონე პაციენტებს, ახლადინფიცირებულთა შორის 1469-ს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ.

გამყრელიძემ მოსახლეობას მოუწოდა, არ აყვნენ პანიკას.

„სამწუხაროდ, პანდემიების, ეპიდემიების დროს არის ხოლმე ფატალური გამოსავალი, მაგრამ უფრო მეტი ადამიანი ჯანმრთელდება“, - აღნიშნა ეპიდემიოლოგმა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 28 ათასი სერტიფიცირებული ექიმია.

„ანუ, იმ ექიმების რაოდენობა 7-8 ათასია, რომლებსაც აქვთ სამედიცინო განათლება, მაგრამ დღეს დასაქმებული არ არიან, თუმცა შესაძლებელია და არის საუბარი, რომ მიეხმარონ ჩვენს ჯანდაცვის სისტემას თუ ამის აუცილებლობა დადგა. სასურველია, მოხდეს მათი გადამზადება. ზოგიერთი მათგანი არის პენსიაში გასული, ზოგიერთი არ მუშაობს სხვადასხვა პირობის გამო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, ქვეყანაში დასაქმებულია დაახლოებით 19 ათასი ექიმი, რომელიც აქტიურ საექიმო საქმიანობას ეწევა, ასევე დაახლოებით 17 ათასი ექთანია.

„აქტიურად დაიწყო მეხუთე და მეექვსე სამედიცინო კურსების სტუდენტების გადამზადება. მათ უკვე ძირითადი თეორიული საგნები გაიარეს და ექიმის ასისტენტად მუშაობა თავისუფლად შეუძლიათ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მან ასევე თხოვნით მიმართა სასულიერო პირებს და მრევლს, მაქსიმალურად დაიცვან რეკომენდაციები - ატარონ პირბადეები, დაიცვან დისტანცია და თავი შეიკავონ ხალხმრავალი შეკრებებისგან.

„ჩვენ უნდა დავიცვათ დისტანცია, ვიყოთ პირბადით, იქნება ეს ეკლესიაში, თუ ეკლესიის გარეთ. მოგეხსენებათ, გვქონდა ინფიცირების შემთხვევები რამდენიმე ტაძარში, როგორც საეკლესიო მოღვაწეების, ისე თვითონ მრევლის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან ასევე უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყანაში საველე ჰოსპიტლების გახსნა იგეგმება. მისი თქმით, ამჟამად არსებული კლინიკების გაძლიერება იგეგმება, ხოლო საველე ჰოსპიტლების გახსნა დღის წესრიგში არ დგას.

 

40
თემები:
COVID-19 საქართველოში
საქართველოს პროკურატურა

ზუგდიდში პოლიციელმა მამაკაცს თავში რკინის ხელკეტი ჩაარტყა - დაწყებულია გამოძიება

0
პროკურატურის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. პროკურატურამ ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა ზუგდიდში, წმინდა ნინოს ქუჩაზე დღეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება ავტომობილის შეკეთების დროს დაიწყო და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინციდენტის დროს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ახალგაზრდა მამაკაცს თავში რკინის ხელკეტი ჩაარტყა.

პროკურატურის ცნობით, დაშავებული გამოძიების მიერ ცნობილია დაზარალებულად. მიღებული დაზიანების ხარისხის დასადგენად  დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ასევე, მიმდინარეობს მოწმეების გამოკითხვა.

უწყების ინფორმაციით, პოლიციელი შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.    

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში