ღამის კლუბი ბათუმში

„დაგვიბრუნეთ სამსახურები“, „გახსენით სკოლები“ - ბათუმში დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს

434
(განახლებულია 19:05 26.09.2020)
დღეიდან აჭარაში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, რესტორნები ღამის საათებში არ იმუშავებენ. რეგიონში სასწავლო პროცესი ყველა საფეხურზე დისტანციურად გაგრძელდება.

თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. ბათუმში, ევროპის მოედანზე მოქალაქეთა ნაწილმა რეგიონში ეპიდსიტუაციის გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აჭარა COVID-19-ის გავრცელების ეპიცენტრად ზაფხულში დამსვენებლების გაზრდილი ნაკადის გამო იქცა. მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან აჭარაში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, რესტორნები ღამის საათებში არ იმუშავებენ. რაც შეეხება 1 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესის სკოლებში განახლებას, რეგიონი გამონაკლისი აღმოჩნდა – აქ სასწავლო პროცესი ყველა საფეხურზე დისტანციურად გაგრძელდება.

„გახსენით სკოლები“, „აღადგინეთ ფრენები“, „დაგვიბრუნეთ სამსახურები“, „გახსენით სამორინეები“, – ამ და სხვა შინაარსის ლოზუნგებით აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ შეზღუდვების გამო მათ ფაქტობრივად დაკარგეს სამსახურები და უმუშევრობა უფრო მეტ საფრთხეს უქმნის, ვიდრე ვირუსი.

აქციის მონაწილეთა შორის დიდი ნაწილი რესტორნებისა და სამორინეების თანამშრომლები იყვნენ.

„ვმუშაობდი რესტორანში მუსიკოსად, ათი საათის მერე რომ აიკრძალა მუშაობა, ფაქტობრივად დავრჩი სამსახურის გარეშე. რომც იყოს სამუშაო, როგორ უნდა მივიდე, ტრანსპორტი არაა, ტაქსის ფული რომ მქონდეს, რაღად მინდა სამსახური. რა მნიშვნელობა აქვს, უმუშევრობა უფრო მეტ საფრთხეს მიქმნის, ვიდრე „კოვიდი“, უკვე მეორედ დავრჩი უმუშევარი“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეთა ნაწილი იღებს 200-ლარიან კომპენსაციას, თუმცა ისინი ამბობენ, რომ ეს ბანკის ვალების დასაფარადაც არ არის საკმარისი. ისინი პროცენტის შემცირებასა და კვლავ საშეღავათო პერიოდს ითხოვენ.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან აჭარაში - 166. აჭარაში დიდი ხანია კლასტერებს აღარ ითვლიან. დღეს საქართველოში კორონავირუსით 28-ე პაციენტი გარდაიცვალა. ის ბათუმიდან იყო.

რეგიონის რვა კლინიკაში 484 პირი მკურნალობს, კოვიდსასტუმროებში რჩება 902 ინფიცირებული, ბინაზე კი 350 პაციენტი მკურნალობს. ინფიცირებულთაგან 100-მდე არასრულწლოვანია. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკებში თავისუფალია 92 ადგილი.

ბათუმში სამმა კოვიდინფიცირებულმა იმშობიარა: აღმოაჩნდათ თუ არა ვირუსი ჩვილებს >>

საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 4960-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1819 ადამიანი, გარდაიცვალა – 28, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5584, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 781 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

434
თემები:
COVID-19 საქართველოში (2173)
ამირან გამყრელიძე

თუ გვაქვს სიმპტომები და არ ვიცით ოჯახის ექიმის ვინაობა - გამყრელიძის რეკომენდაცია

21
თუ მოქალაქემ არ იცის მისი ოჯახის ექომის ვინაობა, ოჯახის ექიმთან მას „112“-ის ოპერატორი გადაამისამართებს. თავის მხრივ ოჯახის ექიმი პაციენტის მართვას იწყებს

თბილისი, 24 ოქტომბერი - Sputnik. კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების - ცხელების, ხველის, სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში მოქალაქე უნდა დაუკავშირდეს საკუთარი ოჯახის ექიმს, ან დარეკოს „112“-ზე, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, უწყებათაშორისი საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„თითოეული ამ სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდაცია გახლავთ მარტივი – თითოეულმა ჩვენგანმა იცოდეს თავისი ოჯახის ექიმის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი. როდესაც ეს სიმპტომი ჩნდება, აუცილებელია ის დარჩეს სახლში, იყოს რაც შეიძლება იზოლირებული, დაურეკოს თავის ოჯახის ექიმს და ექიმი ეტყვის, როგორ მოიქცეს. თუ არ იცის, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი, ის რეკავს „112“-ზე, რომელიც გადაამისამართებს ოჯახის ექიმთან, რომ ექიმის დანიშნულებით ეს ყველაფერი იმართოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრაზე მსოფლიოში, რეგიონსა და საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილეს.

„ეპიდსიტუაცია გლობალურად დაიძაბა განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, ევროპაში, სადაც დაახლოებით 200 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. მსოფლიომ კი უკვე გადააჭარბა 42 მილიონ ინფიცირებულს, დღეს კი მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 490 000 შემთხვევა გამოვლინდა, რაც ანტირეკორდია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, საქართველოში ცხელ წერტილებად კვლავ სამი რეგიონი რჩება, თბილისი სადაც ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - 1034 ახალი შემთხვევა, აჭარა სადაც 320 შემთხვევა იყო და იმერეთი, სადაც ვირუსი 258 ადამიანს გამოუვლინდა.

ასევე მნიშვნელოვნად იმატებს რიცხვები ქვემო ქართლში, გამყრელიძის მტკიცებით, ეს კვლავ დიდ შეკრებებს უკავშირდება.

„იყო საქორწილო სუფრა ერთ-ერთ სოფელში, სწორედ ამან გამოიწვია ეპიდაფეთქება და შესაბამისად მისი გავრცელება სასწავლო დაწესებულებებში“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, დაიცვან რეკომენდაციები: ეს არის დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება დახურულ და ღია სივრცეებშიც, სადაც დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება.

„უმორჩილესად გთხოვთ, დავემორჩილოთ რეგულაციებს, რაც დაწესებულია სახელმწიფოს მიერ, რადგან სხვანაირად პანდემია უკან არ იხევს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველო ფაქტობრივად უკვე გადავიდა ისეთ რეჟიმში, როდესაც ინფიცირებულთა ყოველი მომდევნო სტატისტიკა რეკორდულია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1 941-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 26 503-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 10 163 ადამიანი, გარდაიცვალა – 193, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4180, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3571 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1848 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

21
თემები:
COVID-19 საქართველოში (2173)
კახა მამულაშვილი ნიკოლოზ მამულაშვილი

„მე მგონი დროა ავიყვანოთ“- „მამულიჩას“ და ლელას შვილიშვილი სინთეზატორზე დაკვრას ცდილობს

106
კახა მამულაშვილმა სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა. ლელა წურწუმიას გერს ერთი ვაჟი ჰყავს, რომელსაც მუსიკალური ნიჭი გამოუვლინდა. ნახეთ მხიარული ვიდეო „მამულიჩას“ Instagram- ის გვერდიდან

კახა მამულაშვილს პირველი შვილიშვილი 48 წლის ასაკში შეეძინა. ლელა წურწუმია და მამულიჩა საუკეთესო ბებია და ბაბუა აღმოჩნდნენ. კონცერტების გარდა, მათ ცხოვრების უმეტესი ნაწილი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მამულაშვილს დაუთმეს. კახა ბაბუა თავისუფალ დროს შვილიშვილს უთმობს და პოზიტიურ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. როგორც კომენტარებიდან ირკვევა, პატარა ბიჭს ბევრი მაყურებელი ჰყავს. აი, რას წერენ ისინი: „ალეს უფრო ხანგრძლივი ვიდეოები რომ დადოთ არ შეიძლება? ვერ ვძღები მისი ყურებით...“; „ვაიმე, რა სიცოცხლე ხარ!“; „როგორც საინტერესო სერიალის სერიებს, ისე ველოდები ალეს გამოჩენას. უსაოცრესი ბიჭია“.

View this post on Instagram

ალე❤️

A post shared by Kakhi Mamulashvili.Mamulicha (@mamulicha888) on

2 წლის ალექსანდრე სინთეზატორზე დაკვრას მოხერხებულად ცდილობს და რაც ყველაზე მთავარია, ამით მეგობარ ბაბუის ყურადღება მიიქცია. „მე მგონია დროა ავიყვანოთ“, - წერს მამულიჩა Instagram-ზე. ალექსანდრე მამულაშვილი კი, თავის მხრივ სახლში ან ძაღლთან თამაშით, ან მუსიკალური ინსტრუმენტებით ერთობა. როგორც ჩანს, პროდიუსერის ოჯახში მორიგი მუსიკოსი იზრდება.

კახა მამულაშვილს ორი შვილი ჰყავს. პირველი ქორწინებიდან უფროსი ვაჟი და ქალიშვილი ლელა წურწუმიასგან. ქართველი პოპ-დივა და მისი პროდიუსერი მრავალი წელია დაქორწინებული არიან.

View this post on Instagram

A post shared by Kakhi Mamulashvili.Mamulicha (@mamulicha888) on

ალექსანდრე მამულიჩას უფროს ვაჟს ნიკოლოზ მამულაშვილს შეეძინა, რომელიც პროდიუსერს პირველი მეუღლისგან ჰყავს. „09.08.2018 ალექსა¬დრე ნიკოლოზის ძე მამულაშვილი. ამ ქვეყანას პატარა მამულიჩა მოევლინა“, – წერდა კახა მამულაშვილი. ალექსანდრეს მოფერებით ალეს ეძახიან.

106
თემები:
სელებრითების ცხოვრება
სპეცოპერაცია ზუგდიდში

როგორ გამოისყიდეს ნახევარმილიონის ფასად ზუგდიდელი მძევლები - ვრცელდება ვიდეო

0
კადრებში ჩანს, რომ ადამიანი, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, ავთანდილ გალდავას ჰგავს, აწვდის თანხას და მძევლების ხელშეუხებლობას ითხოვს

თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. კადრები, სადაც, სავარაუდოდ, ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელისთვის გამოსასყიდის გადაცემის მომენტია დაფიქსირებული, დღეს აქტიურად ვრცელდება Facebook-ის ქართულ სეგმენტში.

საუბარია გასულ ოთხშაბათს, ზუგდიდში მომხდარ მოვლენებზე. 21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 40-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. მძევლების სიცოცხლის გადასარჩენად მისი ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილეს, თავად დამნაშავე კი მძევლების გათავისუფლების შემდეგ ფულთან ერთად მიიმალა.

ვიდეოზე, რომელიც, სავარაუდოდ, მობილური ტელეფონითაა გადაღებული, ადამიანი, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, ავთანდილ გალდავას ჰგავს, თანხას გადასცემს.

თავდამსხმელი კადრებზე მხოლოდ ზურგიდან ჩანს. გალდავა ხსნის ჩანთას, საიდანაც იღებს ფულის შეკვრებს და იატაკზე აწყობს. ამის შემდეგ ისმის დიალოგი, რა დროსაც გალდავა მოუწოდებს თავდამსხმელს არ დახოცოს მძევლები, რაზეც ის პასუხობს, რომ არ გააკეთებს ამას, თუ პოლიციის მხრიდან პროვოკაცია არ მოხდება.

მძარცველი: ვთქვათ გავუშვი ესენი და წავედი მე მარტო, სისულელეა!

გალდავა: მარტო არ გეუბნები-მეთქი. წამიყვანე მე და სადამდეც გინდა იქამდე მიდი, ძმაო.

მძარცველი: სისულელეა!

გალდავა: რა გინდა? რას მთავაზობ?

მძარცველი: არაფერს, შემოიტანე ფული და დადე აქ.

შემდეგ კადრებში ჩანს, თუ როგორ იღებს გალდავა ჩანთიდან ფულის რამდენიმე შეკვრას და იატაკზე ალაგებს.

გალდავა: პროსტა გთხოვ რა, ცოდვას ნუ დაიდებ ჩემი შვილებისას.

მძარცველი: მე გითხარი, მე არაფერს გავაკეთებ, თქვენ თუ არ გააკეთებთ.

გალდავა: მე არ გავაკეთებ-მეთქი არაფერს, ძმაო.

სწორედ გალდავა მოგვიანებით ჩაბარდა მძევლად, მანვე გააშვებინა დამნაშავეს მძევლების უმრავლესობა. ბოლო მომენტამდე ბოროტმოქმედს მძევლად ჰყავდა გალდავა და კიდევ სამი პირი, რომლებსაც ფარად ამოეფარა. გამთენიისას, როდესაც დარწმუნდა, რომ დევნა არ ხორციელდებოდა, მძევლები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გაათავისუფლა და მიიმალა. პოლიცია სამძებრო ღონისძიებებს ახორციელებს.

შსს-ს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ადრე სამართალდამცავმა ორგანოებმა არაერთხელ მოუწოდეს მედიას, არ გაევრცელებინათ კადრები და ინფორმაცია, რაც გამოძიების მსვლელობას ხელს შეუშლიდა.

0
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა