ხელბორკილი

ბაჩალიაშვილის საქმე: პროკურატურამ დავით ფურცხვანიძე დააკავა

201
(განახლებულია 17:36 25.09.2020)
საქართველოს პროკურატურამ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების ექსპერტიზა უკვე ჩაატარა და ისინი გაყალბებულად ცნო.

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. პოლიციამ დააკავა დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები გადასცა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში თანამგზავრული ფოტოების თემა რამდენიმე ექსპერტიზის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ამოტივტივდა. როგორც ოჯახის ადვოკატი აცხადებდა, ე.წ. სატელიტური ფოტოები ადასტურებდა, რომ გოგონას ავტომობილი დანაშაულის ადგილზე მოგვიანებით მიიყვანეს. ექსპერტიზამ კი დაადგინა, რომ ფოტოები გაყალბებული იყო და წყაროს ძიება დაიწყო.

ფურცხვანიძის დაკავების დეტალებზე პროკურატურა ინფორმაციას არ ავრცელებს. ცნობილია მხოლოდ, რომ მიხეილ რამიშვილმა იგი ე.წ. სატელიტური ფოტოების წყაროდ დაასახელა. საქართველოს პროკურატურამ რამიშვილის ტელეფონიდან ამოიღო მონაცემები, რომლებიც ადვოკატისთვის ამ ფოტოების გადაცემას ეხებოდა. 

ფოტოების საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „მტკიცებულებების გაყალბებისა“ და „კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის“ მუხლებით.

23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების საქმეზე ცალკე გამოძიება მიმდინარეობს. პროკურატურაში ამტკიცებდნენ, რომ პარალელური გამოძიება რამიშვილს საადვოკატო საქმიანობაში ხელს არ შეუშლის.

რამიშვილი და გარდაცვლილის ოჯახი არ ეთანხმებიან გამოძიების ვერსიას შესაძლო სუიციდზე და ცდილობენ დაამტკიცონ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი მოკლულია.

თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს და ძირითადი ვერსიის – თვითმკვლელობის არ სჯერა. მათ მიაჩნიათ, რომ ეს მკვლელობა იყო, რომელიც თამარის სამსახურს უკავშირდება, რადგან მას ხელში გარკვეული კომპრომატი ჩაუვარდა.

სკანდალური ფოტოები, რომელთაც პროკურატურამ ყალბი და დამონტაჟებული უწოდა, ადვოკატმა რამიშვილმა პირველად ტელეკომპანია Formula-ს ეთერში სექტემბრის დასაწყისში გაასაჯაროვა.

201
საპარლამენტო არჩევნები 2020

ცესკო: ყველაზე მეტი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში დაფიქსირდა

90
(განახლებულია 23:01 31.10.2020)
ცესკო-ს ინფორმაციით, დღის განმავლობაში საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 289 საჩივარი, რომელთა უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება

თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ისევ მე-19 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში - 63.8 %, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა არის ისევ ქვემო ქართლის რეგიონში - 51 %,  განაცხადა ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.

ჯამში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 20:00 საათის მონაცემებით 56,11%-ს (1 970 540 ამომრჩეველი) მიაღწია.
რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის შექმნილ 127 სპეციალურ უბანს, 311-ვე გადასატანი საარჩევნო ყუთი 21:00 საათისთვის დაბრუნდა სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბნებზე.

მიქელაძის ინფორმაციით, დღეს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში 08:00 საათიდან 20:00 საათამდე  3 881 სატელეფონო ზარი და 574 ონლაინ შეტყობინება შევიდა. მათი დიდი ნაწილი ამომრჩევლების მიერ სიაში მონაცემების გადამოწმებას, საარჩევნო უბნის მისამართებისა და საარჩევნო პროცედურების დაზუსტებას შეეხებოდა.

ასევე, დღის განმავლობაში საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 289 საჩივარი. მათი უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება, როგორიცაა საკონტროლო ფურცლის არასრულყოფილი შევსება, მარკირებასთან დაკავშირებული წესების დარღვევა და ა.შ.

„საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, განსაკუთრებით მედია წარმომადგენლებს, საკუთარი საქმიანობის განხორციელების პროცესში, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას მშვიდ, სამუშაო ვითარებაში წარმართოს საქმიანობა, რათა ზუსტად აისახოს თითოეული ამომრჩევლის ნება და არ შეფერხდეს ხმის დათვლის პროცესი“,- განაცხადა ანა მიქელაძემ.

პრეს-სპიკერის თქმით, კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ, საუბნო შემაჯამებელი ოქმები მიეწოდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც უმოკლეს ვადებში ატვირთავენ საარჩევნო მართვის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში.

ცესკო საუბნო შემაჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე ეტაპობრივად განათავსებს სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge.

ამასთან, ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით, რომელიც 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს facebook-გვერდზე, Youtube-სა და ოფიციალურ ვებ-გვერდზე იქნება ხელმისაწვდომი.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით.

მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი იღებდა მონაწილეობას.

90
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020

როგორ აღნიშნეს "ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნების დასრულება - ვიდეო

126
საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. ეგზიტპოლების მონაცემებით, ლიდერობს „ქართული ოცნება“. როგორ აღნიშნეს არჩევნების დასრულება მმართველი პარტიისა და ოპოზიციური ნაცმოძრაობის მომხრეებმა, ჩვენს ვიდეოში იხილავთ

ტელეარხებმა შაბათს საღამოს, ხმის მიცემის დასრულების შემდეგ, გამოაქვეყნეს ეგზიტპოლების შედეგების სერია. ყველა მათგანში ლიდერობს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, მეორე ადგილზეა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

სულ საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში შვიდიდან ათ პარტიამდე შევა. გამსვლელი ბარიერი ამ არჩევნებზე 1%-ს შეადგენდა, ბლოკებისათვის კი - მასში შემავალი პარტიების რაოდენობას უდრიდა. მანამდე ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ახალი პარლამენტი მრავალპარტიული იქნებოდა.

126
ზაალ უდუმაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ იწყებს აქტიურ კონსულტაციებს მთავრობის ფორმირებაზე

0
ოთხივე ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ მოქალაქეების ყველაზე დიდი მხარდაჭერა მიიღო.

თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. ოპოზიციური ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ მთავრობის ფორმირებისთვის ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს, განაცხადა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ყველა ეგზიტპოლის შემაჯამებელი მონაცემები ცნობილია >>

ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისა და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ოთხმა ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა. ეგზიტპოლების მონაცემებით, ბლოკმა „ძალა ერთობაშია“, რომლის ლიდერია ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ამომრჩეველთა ხმების 24%-დან 33%-მდე მოიპოვა. ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ – 40%-დან 54%-მდე.

უდუმაშვილის თქმით, წინასწარი დათვლის შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს.

„არა მხოლოდ სანდო ეგზიტპოლებით, არამედ წინასწარი დათვლის შედეგებითაც უკვე ცნობილია, რომ „ქართული ოცნება“ არის უმცირესობაში და ოპოზიცია იმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში. ახლა მიმდინარეობს ბიულეტენების დათვლის პროცესი საარჩევნო უბნებზე და „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო გაყალბების მცდელობის მეორე ტალღა“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

მისი განცხადებით, ოპოზიცია იწყებს აქტიურ კონსულტაციებს მთელ ოპოზიციურ სპექტრთან, მათ შორის მთავრობის ფორმირებაზე.

ოთხივე ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ მოქალაქეების ყველაზე დიდი მხარდაჭერა მიიღო. თუმცა,  ოპოზიციური ტელეკომპანიების დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვების მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის ხმები მთავრობის ფორმირებისა და დამტკიცებისთვის.

მთავრობის ფორმირებისა და დამტკიცებისთვის „ქართულ ოცნებას“ ხმების არანაკლებ 50% სჭირდება,  წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციას თეორიულად შეუძლია შექმნას კოალიცია და მთავრობის ფორმირების უფლება მიიღოს, „ქართული ოცნება“ კი უმცირესობაში აღმოჩნდება.

არჩევნებში 55 პარტია მონაწილეობდა, მათგან შვიდი ორ ბლოკში – „ძალა ერთობაშია“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. პირველ ბლოკში გაერთიანებული იყო ხუთი პარტია, მეორეში ორი.

პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%–ს შეადგენდა, ბლოკებისთვის იმდენი პროცენტი, რამდენი პარტიაც შედის ბლოკში. ექსპერტები თავიდანვე ვარაუდობდნენ, რომ ახალი პარლამენტი მრავალპარტიული იქნება.

პარლამენტში 120 ადგილისთვის პროპორციული სისტემით პარტიებიდან და ბლოკებიდან 6 880 კანდიდატი იბრძვის – 1 ადგილზე 57 ადამიანია პრეტენდენტი.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით საკანონმდებლო ორგანოში სამი პარტია შევიდა.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020