ავტობუსი

აჭარაში 26 სექტემბრიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება იზღუდება

93
(განახლებულია 14:23 25.09.2020)
მიუხედავად რთული ვითარებისა, ხელისუფლება ქვეყანაში და, კერძოდ, ბათუმში საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის გამოცხადებას არ გეგმავს.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. აჭარაში 26 სექტემბრიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. 

ეპიდემიოლოგებმა აჭარას COVID-19-ის გავრცელების თვალსაზრისით „წითელი ზონა“ უწოდეს – ბოლო 24 საათში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში გამოვლინდა. რეგიონში სულ ინფიცირების ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა. 

აჭარა COVID-19-ის გავრცელების ეპიცენტრად ზაფხულში დამსვენებლების გაზრდილი ნაკადის გამო იქცა. მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან აჭარაში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, რესტორნები ღამის საათებში არ იმუშავებენ. რაც შეეხება 1 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესის სკოლებში განახლებას, რეგიონი გამონაკლისი აღმოჩნდა – აქ სასწავლო პროცესი ყველა საფეხურზე დისტანციურად გაგრძელდება.

გაბუნიას განცხადებით, სასწავლო პროცესის განახლება და ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა მაშინ მოხდება, როდესაც რეგიონში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასტაბილურდება. შეზღუდვები არის საბაზისო, რომელიც მობილობას გარკვეულწილად შეამცირებს, რაც აისახება ეპიდემიის გავრცელებაზე და სტაბილიზაციის ეფექტს მოგვცემს, აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. 

„სწორედ სოციალურ შეკრებებზე ხდება წესების დარღვევა. ამან შეიძლება მინიმალური დისკომფორტი გამოიწვიოს. სრულად დაკეტვის რისკი მაშინ დადგება, როცა ეპიდემია უკონტროლო ხასიათს მიიღებს. ტაქსით მგზავრობა უფრო კონტროლირებადია, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტით", – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 259-ით გაიზარდა და 4399-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1705 ადამიანი, გარდაიცვალა 26 პაციენტი.

მიუხედავად რთული ვითარებისა, ხელისუფლება ქვეყანაში და, კერძოდ, ბათუმში საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის გამოცხადებას არ გეგმავს.

ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, მეორე ლოკდაუნი არ იქნება, რადგან ეკონომიკა ასეთ რყევას ვეღარ გაუძლებს, და ამ ეტაპზე მხოლოდ გარკვეული შეზღუდვებით შემოიფარგლება.

93
თემები:
COVID-19 საქართველოში (2154)
საკლასო ოთახი

კორონავირუსის გამო დახურულ ზოგიერთ სკოლაში სასწავლო პროცესი უკვე განახლდა

9
მოქმედი რეგულაციების თანახმად, წერტილოვანი შეზღუდვები იმ სკოლებში წესდება, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება.

თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. ორ სკოლაში, რომელიც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამო დაიკეტა, სასწავლო პროცესი უკვე განახლდა, განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

საკლასო ოთახებში სწავლის განახლების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი საქართველოს მასშტაბით უკვე არაერთ სკოლაში დაფიქსირდა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, პროცესებზე დაკვირვება და სკოლების მონიტორინგი ყოველდღიურად მიმდინარეობს.

„სკოლები, რომლებიც დაიხურა ათი დღის განმავლობაში, დღეს უკვე დაუბრუნდა სასწავლო პროცესს. სკოლებში ვნახეთ აბსოლუტურად შერეული მოდელი, სადაც მოსწავლეები გაკვეთილებს ესწრებიან, თუმცა არიან მოსწავლეები, რომელთაც შეუძლიათ დისტანციური სწავლება და შეიძლება ითქვას, რომ საგანმანათლებლო პროცესი სკოლებში შერეული ფორმატით მიმდინარეობს“, - განაცხადა დგებუაძემ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეგულაციების თანახმად, რომელიმე სკოლაში კორონავირუსით ინფიცირების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, საჭიროებიდან გამომდინარე, პედაგოგები და მოსწავლეები (იქნება ეს კლასი, ესა თუ ის სართული, მთლიანად სკოლა და ა.შ.) თვითიზოლაციაში გადადიან, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გრძელდება. ასევე სკოლას უტარდება დეზინფექცია.

ქვეყანაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სასწავლო პროცესი დისტანციურად დაიწყო.

საქართველოს ოთხ ქალაქში – თბილისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ქუთაისში, სადაც სკოლებში სწავლა 1 ოქტომბრიდან განახლდა. განათლების სამინისტრომ დაწყებითი კლასების მოსწავლეების მშობლებს არჩევანის საშუალება მისცა – ბავშვები სკოლაში ივლიდნენ ან ონლაინ–რეჟიმში გააგრძელებდნენ სწავლას. მეშვიდე და უფროსი კლასების მოსწავლეები დისტანციურ რეჟიმში სწავლობენ.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოში I-VI კლასების 130 ათასი მოსწავლიდან დაახლოებით 10 ათასმა მოსწავლემ სწავლის დისტანციური რეჟიმი აირჩია.

რაც შეეხება სკოლებში უსაფრთხოებას, ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იყო პირბადეებით, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერებით და სადეზინფექციო ხსნარებით.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში რეკორდულად – 1595-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 22803-ს მიაღწია, ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9401 ადამიანი, გარდაიცვალა - 178 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

9
თემები:
COVID-19 საქართველოში (2154)
სპეცოპერაცია ზუგდიდში

კვარაცხელია: თავდამსხმელი იყო აგრესიული, საუბრობდა ქართულად და მეგრულად

14
(განახლებულია 18:23 22.10.2020)
გუშინ  შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ზუგდიდში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ერთ–ერთ ფილიალზე.  შეიარაღებულმა პირმა 40–ზე მეტი ადამიანი მძევლაად აიყვანა.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. მამაკაცი, რომელიც ხელყუმბარითა და იარაღით ბანკში შეიჭრა, დაახლოებით 35-40 წლამდეა, განაცხადა ჟურნალისტებთან ყოფილმა მძევალმა ირაკლი კვარაცხელიამ.

კვარაცხელია ერთ-ერთი მათგანია, რომელიც შეიარაღებულმა პირმა ოთხშაბათს ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმისას მძევლად აიყვანა. 

მისი თქმით, შეიარაღებულ პირს მთელი ამ ხნის მანძილზე ნიღაბი არ მოუხსნია, ამიტომაც მისი სახე არავის დაუნახავს, თუმცა ხმით მისი ამოცნობა შეიძლება შეძლოს.

„მისი ხმა შეიძლება მივამსგავსო, მაგრამ ამოცნობა ნამდვილად არ შემიძლია. ძირითადად ქართულად საუბრობდა, ვეცადეთ, რომ კომუნიკაცია გვქონოდა და რამდენჯერმე მეგრულადაც გვიპასუხა", – განაცხადა კვარაცხელიამ.

მან ჟურნალისტებთან დეტალურად ისაუბრა ბანკში განვითარებული მოვლენების შესახებ.

„ბანკში ახალი პლასტიკური ბარათის ასაღებად მივედი, ავიღე ნომერი და რიგში ჩავდექი. შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. თავდამსხმელისგან საფრთხე რეალური იყო. ჩვენი მიზანი ის იყო, რომ გარეთ ცოცხალი გამოვსულიყავით“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

„იყვნენ სამნი, აქედან ორნი - „ფეიკ მძევალი“ - ნიკა გვარამია თავდასხმის დეტალებს ასაჯაროებს>>>

მისი თქმით, თავიდან გასროლა ქუჩიდან გაიგონა, შემდეგ კი ბანკში შეიარაღებული პირი შევარდა, რომელმაც ხელყუმბარა საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა.

„ჩემი თვალით დავინახე ეს ყველაფერი და მივხვდი რაც გვემუქრებოდა. შემდეგ ამ ადამიანმა ორჯერ გაისროლა იმ პირის მიმართულებით, ვინც გარედან ვიდეოს გვიღებდა. შემდეგ მან დაგვავალა დაგვერეკა 112-ში, ერთს კი „ტვ პირველში და გვაიძულებდა მხოლოდ ის ვეთქვა, რასაც თავად გვეუბნებოდა“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

როგორც ყოფილი მძევალი იხსენებს, გამტაცებელი თავიდან აგრესიული იყო და ეტყობოდა, რომ იარაღთან ურთიერთობის საკმაო გამოცდილება ჰქონდა.

„თავიდან აგრესიული იყო იმდენად,  რაც ხალხის შესაშინებლად და მათზე შთაბეჭდილების მოსახდენად იყო აუცილებელი. მაგრამ იმ 7 საათის განმავლობაში, რაც ჩვენ იქ გავატარეთ, იგი დამშვიდდა. ზოგიერთმა ხუმრობაც დაიწყო. ჩვენ ვცდილობდით მასთან ურთიერთობის დამყარებას... მას შემდეგ, რაც მან ფული აიღო, ორმა მძევალმა თავად გამოთქვა მზადყოფნა მასთან ერთად წასვლაზე იმ შემთხვევაში, თუ იგი მძევლებად ქალების წაყვანას დააპირებდა, მესამე კი მან თავად აირჩია“, – განაცხადა კვარაცხელიამ. 

მისი თქმით,  ჩანთა, რომელიც თავდამსხმელს მიუტანეს, მან მძევლების თვალწინ გახსნა, სადაც ხუთი შეკვრა იყო. თუმცა, რა იყო ჩანთაში, დაზუსტებით ამის თქმა არ შეუძლია.

ირაკლი კვარაცხელიას განცხადებით,  თავდამსხმელს სამართალდამცველებთან მძევლის ტელეფონით ჰქონდა კომუნიკაცია. მან სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროს ავთანდილ გალდავას მძევლების გათავისუფლებისთვის მადლობა გადაუხადა.

გუშინ  შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ზუგდიდში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ერთ–ერთ ფილიალზე.  შეიარაღებულმა პირმა 40–ზე მეტი ადამიანი მძევლაად აიყვანა.  ბოროტმოქმედი  ხელისუფლებისგან ნახევარ მილიონ დოლარს, ვერტმფრენს ან მანქანას, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. 

მძევლების აყვანის გახმაურებული შემთხვევები საქართველოში>>>

მძევლები გათავისუფლების სპეცოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, მძევლების გათავისუფლება სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ავთანდილ გალდავას დამსახურებით მოხდა, რომელიც ბოლო ეტაპზე მძევლებს ჩაენაცვლა. მოგვიანებით, ავთანდილ გალდავამ და სამმა მძევალმა თავდამსხმელთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ამ დროისთვის ყველა მძევალი გათავისუფლებულია, ბოროტმოქმედზე კი ძებნაა გამოცხადებული.

ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს.

14
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა
სპეცრაზმი ზუგდიდში

Lacasa de Zugdidi ანუ ბლოკბასტერები ისვენებენ! ზუგდიდის სპეცოპერაციამ სოცქსელები ააფეთქა

0
(განახლებულია 18:33 22.10.2020)
წაიკითხეთ Sputnik-საქართველოში, როგორი რეაქცია ჰქონდათ სოციალური ქსელების მომხმარებლებს ზუგდიდის სპეცოპერაციაზე

თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. უკვე მეორე დღეა მთელი საქართველო იხილავს ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს, სადაც თავდამსხმელმა „საქართველოს ბანკის“ ფილიალში რამდენიმე ათეული ადამიანი მძევლად აიყვანა. ავტომატითა და ხელყუმბარით შეიარაღებულმა ნიღბიანმა თავდამსხმელმა ნახევარი მილიონი დოლარი და უსაფრთხოების გარანტია მოითხოვა.

ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, რომელშიც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მონაწილეობდა, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა დამნაშავეს ფული გადასცეს. შედეგად დამნაშავემ სამი მძევლისა და შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მეთაურის, ავთანდილ გალდავას თანხლებით გვიან ღამით ბანკის შენობა დატოვა. ამჟამად ყველა მძევალი გათავისუფლებულია. სამი მათგანი დამნაშავემ ჩხოროწყუს რაიონში, სოფელ კირცხთან, ტყეში გაათავისუფლა და მიიმალა. მასზე ძებნაა გამოცხადებული.

 „სპექტაკლი და მეტი არაფერი!“

სოციალური ქსელების მომხმარებლებს შორის არცთუ ცოტა სკეპტიკოსი მოიძებნა - ბევრმა მომხდარს დადგმული სპექტაკლი უწოდა. მხოლოდ ვინ და რა მიზნით გაითამაშა იგი - ამაზე უნდა ვიმკითხაოთ.

 „არცერთი წამით არ მჯერა. ნახევარი მილიონის მოტეხვა უნდოდათ და მოტეხეს კიდეც. ვერასდროს ვერ იპოვიან, საუკუნის ძარცვა კი ყველას დაავიწყდება“, - ფიქრობს თამარა ტომა.

„სპექტაკლი დადგეს... კომედია და მეტი არაფერი...“ - წერს Eleonora Zechadse.

„ეჰ, მეჩვენება, რომ ეს უბრალოდ კარგი სპექტაკლია, ვიღაცამ ძალიან კარგი ფული შეჭამა“, - დარწმუნებულია Dimitri Polenin.

ინტერნეტის ზოგიერთი მომხმარებელი თემის განხილვას იუმორით მიუდგა და თავდამსხმელი ჰოლივუდური ბლოკბასტერების მთავარ გმირებს შეადარა.

„ესაა რემბოც, შვარცნეგერიც, ბრიუს უილისიც ერთ ფლაკონში!“ - წერს ნანა სირაძე.

„ზორო გამოჩნდა, იქნებ ღარიბების დახმარება გადაწყვიტა!“ - ხუმრობს დაჯი ჩუტკერაშვილი.

ცხარე დისკუსიების მოყვარულმა ზოგიერთმა მომხმარებელმა კი მომხდარი ქართული პოლიტიკური ასპარეზის ორ მთავარ მეტოქეს - ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს - დაუკავშირა. რა თქმა უნდა, ხუმრობით.

„უეჭველი მიშა იყო, ფული გაუთავდა და ბანკში მივიდა“, - წერს Roini Gvilava.

„წყეული ბიძინა, რომ გაიძულა ეს  ყველაფერი მოგეფიქრებინა“, - წერს Maka Maka.

ყველაფერი სერიოზულადაა

რა თქმა უნდა, ზოგიერთი თემას სერიოზულად მიუდგა და გვერდი აუარა სამართალდამცავი ორგანოებისა და პოლიტიკური სისტემის კრიტიკას.

„საჭიროა უმკაცრესად დასჯა! ასეთი საქმეები - სახუმარო არ არის! ასეთი უპასუხისმგებლობით უამრავი ადამიანი საფრთხეში აღმოჩნდა“, - წერს თეიმურაზ ქუთათელაძე.

„ყოჩაღ, მადლობა სამართალდამცავ ორგანოებს! როგორი უბედურება აიცილა თავიდან ქვეყანამ, თანაც ასეთ რთულ პერიოდში შიგნით და მის ფარგლებს გარეთ“, - წერს Marika Chikovani.

 „ვერ გავიგე, სად გაქრა ამ ფულით და ჩაკეტილ საზღვრებში? ეს რა იყო? საწყალი ხალხი, როგორი საათები გადაიტანეს იქ...“ - წერს Anna Lomidze.

საინტერესოა, რომ სოციალურ ქსელებში ისეთებიც მოიძებნენ, ვინც თავდამსხმელის ქცევა გაამართლა. მომხდარის შედეგად ხომ არავინ დაშავებულა, თავდამსხმელმა კი თავისას მიაღწია.

„რაც მან მოიპარა... ჩემი აზრით, არ მოუპარავს... რაც ეკუთვნოდა, ის აიღო... პლუს-მინუს რამდენიმე ასეული, არა აქვს მნიშვნელობა... თუ მართლა სამხედროა, დაფიქრდით, იქნებ ისეთები გადაიტანა, რომ ეს ფულიც ცოტაა. იქნებ მეტიც ეკუთვნოდა, ასე რომ, ნუ განსჯით და არ განისჯებით“, - ასეთი უჩვეულო აზრი გამოთქვა ნონა გაბრელიანმა.

Lacasa de Zugdidi

ამერიკული პლატფორმის Netflix-ის მოყვარულებმა ზუგდიდში მომხდარი ამბავი ცნობილ ესპანურ სერიალ „ქაღალდის სახლს“ (Lacasa de papel) შეადარეს.

სერიალი ესპანეთის სამეფო ხაზინის ძარცვის შესახებ მოგვითხრობს. ადამიანების ჯგუფს, რომლებიც ერთმანეთს მიმართავენ ქალაქების სახელებით - ტოკიო, მოსკოვი, ბერლინი, დენვერი, ოსლო, ჰელსინკი, რიო და ნაირობი - ინკოგნიტო პირის ხელმძღვანელობით, ზედმეტსახელად „პროფესორი“, მძევლებად აჰყავს რამდენიმე ათეული მოქალაქე და ხაზინაში რამდენიმე დღის განმავლობაშია დაბანაკებული. ბოლოს ისინი ათავისუფლებენ ყველა მძევალს, თან მიაქვთ რამდენიმე მილიარდი ევრო და გაურკვეველი მიმართულებით იმალებიან.

სერიალის ახალი სეზონის პრემიერა 2021 წელსაა დაგეგმილი, მაგრამ ადგილობრივები ხუმრობენ, რომ საქართველოში ახალი სეზონი უფრო ადრე ნახეს, ვიდრე მთელ მსოფლიოში.

ფეისბუქის მომხმარებლებმა 21 ოქტომბრის მოვლენებს ხუმრობით Lacasa de Zugdidi უწოდეს. ზოგიერთმა „ფან-არტიც“ კი გააკეთა - სერიალის მთავარ გმირებს გაუნაწილა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ქალაქების სახელები - ზუგდიდი, ფოთი, სენაკი, ხობი, აბაშა, მარტვილი და ჩხოროწყუ.

მომხმარებლებს არც „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი უგულავას საქციელი გამორჩენიათ, რომელიც შემთხვევის ადგილზე მივიდა და მძევლებთან ადგილის გაცვლა შესთავაზა. „ქაღალდის სახლის“ მოყვარულებმა ის სერიალის გმირ არტურიტოს შეადარეს - ესაა უარყოფითი პერსონაჟი, სამეფო ხაზინის დირექტორი, რომელიც ცდილობს მძარცველებს ხელი შეუშალოს, მაგრამ არაფერი გამოსდის. ამით ის კიდევ უფრო ართულებს მძევლების მდგომარეობას.

კიდევ ერთი პარალელი სერიალთან - დიდი ბრიტანეთის ელჩის ქალიშვილი - მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი მძევალია. შეგახსენებთ, რომ ზოგიერთმა მასმედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ბანკის ფილიალში თავდასხმის დროს ზუგდიდის მერის ოჯახის წევრი იმყოფებოდა.

0