საკლასო ოთახი

როდის განახლდება სწავლა სკოლებში მთავრობის გადაწყვეტილება

275
(განახლებულია 19:21 24.09.2020)
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 4399 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1705  პაციენტი.

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის I-VI კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებს 1 ოქტომბრიდან დაუბრუნდებიან, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის გარდა ყველა რეგიონს ეხება. 

„ყველგან, სადაც დღეს დისტანციური სწავლება მიმდინარეობს, აჭარის რეგიონის გარდა, 1 ოქტომბრიდან  I-VI კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან. ეს ეხება თბილისს, ქუთაისს, რუსთავსა და ზუგდიდს. რაც შეეხება ფოთსა და გორს, 1 ოქტომბრიდან სკოლებს ყველა კლასის მოსწავლე დაუბრუნდება. გარდა ამისა, მშობლებს დისტანციური სწავლების მეთოდის შერჩევის საშუალება ექნებათ“, – განაცხადა მეზრიშვილმა.

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, ამ ეტაპზე სწავლა დისტანციურად გაგრძელდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სკოლაში სწავლა 2 მარტს შეწყდა, მეცადინეობები დისტანციურად წარიმართა. სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ქვეყნის რიგი ქალაქების – თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ქობულეთის, ფოთის, რუსთავის, ზუგდიდის, გორის, ასევე კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის ზოგიერთი სოფლის სკოლებში სწავლა ორი კვირის განმავლობაში, 1 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება. ქვეყნის მასშტაბით არსებულ დანარჩენ სასწავლო დაწესებულებაში სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში დაიწყო.

საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 259-ით გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 4399 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1705 პაციენტი, გარდაიცვალა 26 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

275
ლაბორატორია

სამეგრელო–ზემო სვანეთში ინფიცირების 151 შემთხვევა გამოვლინდა

3
(განახლებულია 16:49 29.10.2020)
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 47 პაციენტი, საკარანტინო სივრცეში კი იმყოფება 146 ადამიანი.

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 451 ნიმუშებიდან 151-ზე დადებითი პასუხია, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი. 

რეგიონში დღეს გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 87 დაფიქსირდა ზუგდიდში. 11  შემთხვევა ფოთში, 9 – ხობში, 6 – წალენჯიხაში, 3 – სენაკში და 1 ჩხოროწყუში. ინფიცირებულთა უმეტესობა დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია, დანარჩენი კი ცხელებით შესული პაციენტები არიან.  

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 127 კოვიდ-პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდ-პაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 47 პაციენტი.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება 146 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 35567-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 16904 ადამიანი, გარდაიცვალა – 273, კარანტინის რეჟიმშია 3324, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4209 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2346 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

3
თემები:
COVID-19 საქართველოში
სპეცოპერაცია ზუგდიდში

„გამოდი შვილო, ჩაბარდი პოლიციას“: ბადრი ესებუას მამა შვილს მიმართავს

19
ამ დროისთვის სამართალდამცველები ესებუას ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს განაგრძობენ

თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული პირის, ბადრი ესებუას მამა შვილს მიმართავს და სთხოვს, პოლიციას ჩაბარდეს. ვიდეომიმართვას საინფორმაციო სააგენტო „კვირა“ ავრცელებს.

„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი ამ დროისათვის იდენტიფიცირებულია. პირი, რომელსაც ბანკის ზუგდიდის ფილიალში მძევლების აყვანა ედება ბრალად, 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მისი ვინაობის დადგენა თავდასხმის ღამესვე მოხდა.

„შვილო, ბადრი, გელოდებოდით გუშინ, არ ჩამოხვედი, სად ხარ? არ ვიცით შენი ადგილსამყოფელი. გამოდი, შვილო, ჩაბარდი პოლიციას და გაირკვევა ყველაფერი ნორმალურად. ამას გთხოვთ, მეტი სათქმელი არაფერი მაქვს. გამოდი, დაგვიკავშირდი ან ჩაბარდი პოლიციას“, – მიმართავს ტარიელ ესებუა შვილს.

შსს-ს ცნობით, პოლიცია ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.

21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და მიმალვა მოახერხა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

ბადრი ესებუას მამა ისევ პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს>>

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკზე თავდასხმის ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

19
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა