კლინიკა

ქვეყნის მასშტაბით 18 მძიმე პაციენტია ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით

178
(განახლებულია 17:14 24.09.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 259-ით გაიზარდა და 4399-ს მიაღწია.

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარას უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ. 

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, მაჩვენებლები ასეთია: 34 – თბილისი, 22 – იმერეთი, აქედან 15 შემთხვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 3 წყალტუბოში და 1–1 თერჯოლასა და საჩხერეში, 15 – სამეგრელო–ზემო სვანეთი, 1–1 შემთხვევა უკავშირდება გორს, მარნეულსა და მცხეთას, 5 შემთხვევა კი „იმპორტირებულია“.

ენდელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირებული პაციენტებიდან 18-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

„ამჟამად ქვეყანაში არის 18 კრიტიკული პაციენტი. მათი მდგომარეობის შესახებ ჯერჯერობით პროგნოზს ვერ ვაკეთებთ. ზოგადად, ყველაზე მეტი კრიტიკული პაციენტი - რვა არის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ორ–ორი – თბილისში, გორსა და საჩხერეში, ქუთაისში კი სამი კრიტიკული პაციენტია“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში სულ 32 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამი მძიმე პაციენტია. მისი განმარტებით, ინფიცირებულთა შორის ერთი სამი თვის ბავშვია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 259-ით გაიზარდა და 4399-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1705 ადამიანი, გარდაიცვალა 25 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

178
თემები:
COVID-19 საქართველოში (2149)
სპეცოპერაცია ზუგდიდში

რა ხდება ზუგდიდში „საქართველოს ბანკთან“, სადაც მძევლები აიყვანეს

22
(განახლებულია 11:57 22.10.2020)
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა სამი მძევალი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, თავად კი მიიმალა

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ერთ–ერთი ფილიალის შენობაში, სადაც გუშინ შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა, საგამოძიებო ღონისძიებები დასრულდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“. 

მედიის წარმომადგენლებსა და გადამღებ ჯგუფებს ბანკის შენობასთან მისვლის საშუალება მხოლოდ დღეს დილით მიეცათ. გუშინ ტერიტორია სპეციალური ლენტით იყო შემოსაზღვრული. გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

ამ დროისთვის ბანკის ფილიალი კლიენტებისთვის დაკეტილია. მათ მხოლოდ  შენობის შესასვლევთან განთავსებული ბანკომატითა და სწრაფი გადახდის აპარატებით  სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ.  ცენტრალური კარი დალუქულია.

21 ოქტომბერს, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ერთ–ერთ ფილიალზე თავდასხმა მოხდა. შეიარაღებულმა პირმა ბანკში მძევლები აიყვანა. იგი ხელისუფლებისგან ნახევარ მილიონ დოლარს, ვერტმფრენს ან მძევლებთან ერთად მანქანით გასვლას ითხოვდა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

შსს: ყველა მძევალი გათავისუფლებულია>>>

შსს–ს ცნობით, შეიარაღებულ პირს მძევლად 43 ადამიანი ჰყავდა აყვანილი. უწყების ინფორმაციით, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, მძევლების გათავისუფლება სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ავთანდილ გალდავას დამსახურებით მოხდა, რომელიც ბოლო ეტაპზე მძევლებს ჩაენაცვლა. მოგვიანებით, ავთანდილ გალდავამ და სამმა მძევალმა თავდამსხმელთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. საბოლოოდ ყველა მძევლის გათავისუფლება დილისთვის გახდა შესაძლებელი.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა მძევლები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის  სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, თავად კი მიიმალა. მასზე ძებნაა გამოცხადებული.

22
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა
მამაკაცი მკერდზე გადაჯვარედინებული ხელებით

მარტოხელა მამაკაცი: განაჩენი თუ... დასახელდა დაოჯახებისთვის კრიტიკული ასაკი

22
არის თუ არა განაჩენი 40 წელს გადაცილებული მამაკაცისთვის მარტოხელობა და რამდენად დიდია მისი დაქორწინების შანსი - ფსიქოლოგი განმარტავს

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. არის თუ არა მარტოხელობა 40 წლის ასაკში და აქვს თუ არა ამ ასაკში მამაკაცს დაოჯახების შანსი, ამის შესახებ რადიო Sputnik-თან ინტერვიუში ოჯახის ფსიქოლოგმა ნატალია პანფილოვამ ისაუბრა.

მისი თქმით, ორმოც წელზე მეტი ხნის მარტოხელა მამაკაცები იშვიათად ქორწინდებიან. მაშინაც კი, თუ მათ ცხოვრების თანამგზავრი ჰყავთ, ისინი არ ჩქარობენ ოჯახურ მარწუხებში მოქცევას.

„საშუალოდ 35 წლის შემდეგ ჰორმონალური ფონი თანდათან იცვლება. მამაკაცები მოწიფულობას ერგებიან და ამას თავისი შედეგები მოაქვს. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ადამიანები უფრო რიგიდულნი ხდებიან, მათ აღარ სურთ ექსპერიმენტები“, — აღნიშნა ნატალია პანფილოვამ.

ფსიქოლოგის განმარტებით, 35 წლამდე ასაკის მამაკაცები შეცდომებს უფრო ადვილად ეგუებიან, ხვდებიან, რომ მათი გამოსწორების შესაძლებლობა არსებობს. ასაკის მატებასთან ერთად კი გადამწყვეტი ნაბიჯებისა ეშინიათ, არ სურთ შეცვალონ კომფორტული და ჩვეული ცხოვრების წესი, რომელიც ამ დროისთვის ჩამოუყალიბდათ.

„მამაკაცს, რაც უფრო ახლოს არის 40 წელთან, მით უფრო ნაკლები შეცდომის დაშვება სურს. მას უკვე აღარ უნდა არანაირი ექსპერიმენტი. ამ ასაკში ადამიანს უკვე აქვს ჩვევები, რომლისგან თავის დაღწევაც  რთულია და ის არც ცდილობს მათ მოშორებას. თუ ქალი თანახმაა, მოერგოს ამ მამაკაცის ცხოვრებას, მაშინ ის მასთან ერთად იცხოვრებს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი დაქორწინდებიან“, — ამბობს პანფილოვა.

ამასთან ირკვევა, რომ იგივე ასაკის ქალბატონებსაც ნაკლებად აინტერესებთ 40 წელს გადაცილებული მამაკაცები.

რაც შეეხება ახალგაზრდა გოგონებს, ხშირად დიდი სიამოვნებით იწყებენ ურთიერთობას უფროს კაცებთან, მაგრამ როგორც კი აღმოაჩენენ, რომ მასთან გამუდმებით მორგებაა საჭირო, ხოლო მამაკაცი ურთიერთობებში უფრო შორს  წასვლას არ აპირებს, ისინიც მაშინვე კარგავენ ინტერესს.

22
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება