საკლასო ოთახი

საქართველოში სკოლები იხურება - ოზურგეთში კორონავირუსი პედაგოგს დაუდგინდა

286
(განახლებულია 17:23 27.09.2020)
ლაითურში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ეპიდკვლევა. ბოლო მონაცემებით, გურიაში ჯამში კორონავირუსის 68 შემთხვევაა დადასტურებული

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში პედაგოგის დაინფიცირების გამო საჯარო სკოლამ დროებით შეწყვიტა სასწავლო პროცესი და ორი კვირით სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ლაითურში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ეპიდკვლევა. ბოლო მონაცემებით, გურიაში ჯამში კორონავირუსის 68 შემთხვევაა დადასტურებული.

საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 227-ით გაიზარდა.

დღეს თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ თუ მომდევნო დღეებში ინფიცირებულთა რაოდენობა 200-ის ფარგლებში იქნება, სკოლებსა და ბაღებში სწავლა 1 ოქტომბერს განახლდება. იმ შემთხვევაში კი, თუ ინფიცირებულთა რიცხვი 200-ს გადასცდება, სასწავლო პროცესი ორი კვირით გადაიდება, თუმცა, ცერცვაძის თქმით, ამ ვერსიაზე საუბარი საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე არ მიმდინარეობს.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სკოლაში სწავლა 2 მარტს შეწყდა, მეცადინეობები დისტანციურად წარიმართა. სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ქვეყნის რიგი ქალაქების – თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ქობულეთის, ფოთის, რუსთავის, ზუგდიდის, გორის, ასევე კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის ზოგიერთი სოფლის სკოლებში სწავლა ორი კვირის განმავლობაში, 1 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება. ქვეყნის მასშტაბით არსებულ დანარჩენ სასწავლო დაწესებულებაში სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში დაიწყო.

სასწავლო პროცესის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 21 სექტემბერს კორონავირუსი დაფიქსირდა ორ სკოლაში - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში და სენაკში. იქ COVID-19 რამდენიმე პედაგოგსა და მოსწავლეს დაუდგინდა. აღნიშნული სკოლები დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 4140 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1643 პაციენტი, გარდაიცვალა 25 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

286
თემები:
COVID-19 საქართველოში (2154)
იუსტიციის სახლი

ქორწინება და განქორწინება ონლაინ: სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესები იცვლება

29
საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოქალაქეებისთვის სერვისებით სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის მიღება მომავალი წლიდან ელექტრონული ფორმით გახდება შესაძლებელი, იუწყება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

დღეს მთავრობამ დაამტკიცა იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმად, 7 სახის სამოქალაქო აქტი ელექტრონული სახით დარეგისტრირდება და შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობები – დაბადების, მამობის დადგენის, ქორწინების, განქორწინების, შვილად აყვანის, სახელის/გვარის შეცვლის, გარდაცვალების – ელექტრონული სახით გაიცემა.

„მოქალაქემ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობები მისაღებად განაცხადი ელექტრონულად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში უნდა გააკეთოს, რის შემდეგაც ის მიიღებს უნიკალურ სარეგისტრაციო ნომერს და შესაბამის საიდენტიფიკაციო კოდს, რომლის მეშვეობითაც უკვე პორტალ www.my.gov.ge-ზე გამოქვეყნებული სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის ჩამოტვირთვა ადგილიდან გაუსვლელად ნებისმიერ დროს შეეძლება“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, მოქალაქეებს ასევე მნიშვნელოვნად გაუადვილდებათ საზღვარგარეთ წარსადგენი ელექტრონული დოკუმენტების შესაბამისი წესით დამოწმებაც, რაც მათ დაუზოგავს დროსა და ფინანსებს. დაინტერესებულ პირი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ადგილიდან გაუსვლელად შეძლებს ელექტრონული მოწმობის სააგენტოსთვის წარდგენას, მისი ელექტრონული აპოსტილით დამოწმებას და დოკუმენტის მიღებას (ჩამოტვირთვას).

კანონპროექტით გათვალისწინებული ძირითადი რეგულაციების ამოქმედება 2021 წლის 1 თებერვლიდან არის გათვალისწინებული.

შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა მატერიალური ფორმით მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, როდესაც ელექტრონული დოკუმენტის შექმნა ფორსმაჟორული გარემოებების ან/და ტექნიკური შეფერხების გამო იქნება შეუძლებელი, აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოქალაქეებისთვის სერვისებით სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

29
საკლასო ოთახი

კორონავირუსის გამო დახურულ ზოგიერთ სკოლაში სასწავლო პროცესი უკვე განახლდა

98
(განახლებულია 21:00 22.10.2020)
მოქმედი რეგულაციების თანახმად, წერტილოვანი შეზღუდვები იმ სკოლებში წესდება, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. ორ სკოლაში, რომელიც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამო დაიკეტა, სასწავლო პროცესი უკვე განახლდა, განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

საკლასო ოთახებში სწავლის განახლების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი საქართველოს მასშტაბით უკვე არაერთ სკოლაში დაფიქსირდა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, პროცესებზე დაკვირვება და სკოლების მონიტორინგი ყოველდღიურად მიმდინარეობს.

„სკოლები, რომლებიც დაიხურა ათი დღის განმავლობაში, დღეს უკვე დაუბრუნდა სასწავლო პროცესს. სკოლებში ვნახეთ აბსოლუტურად შერეული მოდელი, სადაც მოსწავლეები გაკვეთილებს ესწრებიან, თუმცა არიან მოსწავლეები, რომელთაც შეუძლიათ დისტანციური სწავლება და, შეიძლება ითქვას, რომ საგანმანათლებლო პროცესი სკოლებში შერეული ფორმატით მიმდინარეობს“, – განაცხადა დგებუაძემ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეგულაციების თანახმად, რომელიმე სკოლაში კორონავირუსით ინფიცირების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, საჭიროებიდან გამომდინარე, პედაგოგები და მოსწავლეები (იქნება ეს კლასი, ესა თუ ის სართული, მთლიანად სკოლა და ა.შ.) თვითიზოლაციაში გადადიან, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გრძელდება. ასევე სკოლას უტარდება დეზინფექცია.

ქვეყანაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სასწავლო პროცესი დისტანციურად დაიწყო.

საქართველოს ოთხ ქალაქში – თბილისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ქუთაისში, სადაც სკოლებში სწავლა 1 ოქტომბრიდან განახლდა. განათლების სამინისტრომ დაწყებითი კლასების მოსწავლეების მშობლებს არჩევანის საშუალება მისცა – ბავშვები სკოლაში ივლიდნენ ან ონლაინ–რეჟიმში გააგრძელებდნენ სწავლას. მეშვიდე და უფროსი კლასების მოსწავლეები კი დისტანციურ რეჟიმში სწავლობენ.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოში I-VI კლასების 130 ათასი მოსწავლიდან დაახლოებით 10 ათასმა მოსწავლემ სწავლის დისტანციური რეჟიმი აირჩია.

რაც შეეხება სკოლებში უსაფრთხოებას, ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იყო პირბადეებით, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერებით და სადეზინფექციო ხსნარებით.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში რეკორდულად – 1595-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 22803-ს მიაღწია, ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9401 ადამიანი, გარდაიცვალა - 178 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

98
თემები:
COVID-19 საქართველოში (2154)