თენგიზ ცერცვაძე

ცერცვაძე: შესაძლოა სასწავლო პროცესის კიდევ ორი კვირით გადადების საკითხზე მსჯელობა დაიწყოს

140
(განახლებულია 16:18 23.09.2020)
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 4140 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1643 პაციენტი.

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. თუ მომდევნო დღეებში ინფიცირებულთა რაოდენობა 200-ის ფარგლებში იქნება, სკოლებსა და ბაღებში სწავლა 1 ოქტომბერს განახლდება, განაცხადა თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ. 

ცერცვაძის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება დღეს არსებული მდგომარეობის შენარჩუნება, შესაბამისი ორგანოები სასწავლო პროცესის კიდევ ორი კვირით გადადებას განიხილავენ.

„თუ ქვეყანაში ეპიდვითარება ისე განვითარდება, რომ ინფიცირებულთა რიცხვი 200-ს გადასცდება, როგორც ბოლო დღეებში ფიქსირდება, ალბათ განათლების სამინისტრო და შესაბამისი სტრუქტურები სასწავლო პროცესის კიდევ ორი კვირით გადადების საკითხზე მსჯელობას დაიწყებენ. თუმცა, ამ ვერსიაზე საუბარი საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე არ მიმდინარეობს“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სკოლაში სწავლა 2 მარტს შეწყდა, მეცადინეობები დისტანციურად წარიმართა. სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ქვეყნის რიგი ქალაქების – თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ქობულეთის, ფოთის, რუსთავის, ზუგდიდის, გორის, ასევე კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის ზოგიერთი სოფლის სკოლებში სწავლა ორი კვირის განმავლობაში, 1 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება. ქვეყნის მასშტაბით არსებულ დანარჩენ სასწავლო დაწესებულებაში სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში დაიწყო.

საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 227-ით გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 4140 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1643 პაციენტი, გარდაიცვალა 25 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

140
თემები:
COVID-19 საქართველოში (2186)
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 26 ოქტომბერს

17
(განახლებულია 19:16 25.10.2020)
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 26 ოქტომბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის (ნაწილობრივ) და ნუცუბიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

17
თემები:
თბილისი დღეს
ბათუმის სტადიონი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალი სტადიონების გახსნას გეგმავს

22
(განახლებულია 09:25 26.10.2020)
ამ  დროისთვის რამდენიმე სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს – ვაკეში, სპორტის აკადემიის ტერიტორიაზე, ნუცუბიძის პლატოზე და დიდ დიღომში

 

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. ქართული ფეხბურთის მომავლისთვის აუცილებელია ახალი სტადიონების არამარტო თბილისში, არამედ ქვეყნის რეგიონებშიც გახსნა, განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა. 

მისი თქმით, დედაქალაქის ცენტრალურ რაიონებსა და მის შემოგარენში უკვე ხორციელდება კონკრეტული პროექტები. მშენებლობას აფინანსებს სფფ და ფიფა.

განხორციელებულ პროექტებს შორისაა გლდანსა და ვარკეთილში საფეხბურთო ცენტრები.

„ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი ასეთი პროექტის განხორციელება, რათა იყოს მეტი სტადიონი, რომელზეც უფრო მეტი ბავშვი ივარჯიშებს, ვიდრე დღეს. ჩვენ უკვე ვახორციელებთ კონკრეტულ პროექტებს ვაკეში, სპორტის აკადემიის სტადიონის ტერიტორიაზე, ნუცუბიძის პლატოზე და დიდ დიღომში“, – განაცხადა კობიაშვილმა პირველი არხის ეთერში.

მომავალ კვირაში დაგეგმილია სპორტის აკადემიის სტადიონის გახსნა.

ზაფხულში დასრულდა ბათუმის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა.  უეფას IV კატეგორიის სტანდარტებით აშენებული არენა 20000 მაყურებელზეა გათვლილი.

ახალი სტადიონის საძირკველი 2018 წლის დასაწყისში ჩაიყარა. პროექტის ღირებულება თითქმის 100 მილიონ დოლარს შეადგენს. სტადიონი მდებარეობს ბათუმის ცენტრალურ ადგილას, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე.

22
თემები:
სპორტის ამბები
ვითარება მთიან ყარაბაღში

ამჯერად აშშ-ში: ბაქო და ერევანი დაზავებაზე კიდევ ერთხელ შეთანხმდნენ

0
(განახლებულია 10:25 26.10.2020)
მთიან ყარაბაღში ბაქოსა და ერევანს შორის ცეცხლის შეწყვეტის ახალი, რიგით მესამე რეჟიმი ძალაში 26 ოქტომბრის 08:00 საათზე შევიდა

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. აზერბაიჯანისა და სომხეთს საგარეო საქმეთა მინისტრები ჯეიჰუნ ბაირამოვიდა ზოგრაბ მნაცაკანიანი აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანთან შეხვედრაზე მთიან ყარაბაღში მორიგ ჰუმანიტარულ დაზავებაზე შეთანხმდნენ.

ერთობლივი განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზეა გამოქვეყნებული.

ცეცხლის შეწყვეტის მორიგი რეჟიმი ძალაში 26 ოქტომბრის 08:00 საათზე შევიდა. აღსანიშნავია, რომ ეს ბაქოსა და ერევნის მორიგების რიგით მესამე მცდელობაა. წინა ორი შეთანხმება მათი ძალაში შესვლიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ დაირღვა, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.

აღსანიშნავია, რომ ახალი დაზავების ამოქმედებიდან მცირე ხნის შემდეგ ბაქომ და ერევანმა კვლავ გაავრცელეს ურთიერთმბრალდებელი განცხადებები და ერთმანეთი ტერიტორიების დაცხრილვაში დადანაშაულეს. 

ამასთან ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნები (აშშ, საფრანგეთი, რუსეთი) და აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები 29 ოქტომბერს ჟენევაში შეხვედრაზე შეთანხმდნენ. შეხვედრაზე განხილული იქნება მთიან ყარაბაღში სამშვიდობო დარეგულირებისთვის აუცილებელი ყველა ზომა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

9 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები — სერგეი ლავროვი, ზოგრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვდნენ მთიანი ყარაბაღის თემაზე მოსალაპარაკებლად. დაახლოებით ათსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ცეცხლის ჰუმანიტარულ რეჟიმში შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ძალაში 10 ოქტომბრის დღის 12 საათზე შევიდა. მიუხედავად ამისა, საომარი მოქმედებები არ შემწყდარა, რაშიც კონფლიქტის მხარეები კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. 

ჰუმანიტარული დაზავების მორიგი მცდელობა მხარეებს 18 ოქტომბრის ღამით ჰქონდათ, თუმცა უკვე რამდენიმე საათის შემდეგ ბაქომაც და ერევანმაც კვლავ გაავრცელეს განცხადებები შეთანხმების დარღვევის შესახებ, რაშიც ერთმანეთს სდებენ ბრალს.

 

0
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020