აქცია პარლამენტთან

მოძრაობა „შემახე ამნისტიას“ ორგანიზებით პარლამენტის შენობამდე მსვლელობა გაიმართა

273
აქციის მონაწილეები ფართომასშტაბიანი ამნისტიის გამოცხადებას მოითხოვენ. მათი თქმით, პარლამენტში საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონპროექტი უკვე შეტანილია

თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. მოძრაობა „შემახე ამნისტიას“ წევრების ორგანიზებით ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტის შენობამდე საპროტესტო მსვლელობა გაიმართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

აქციის მონაწილეები ფართომასშტაბიანი ამნისტიის გამოცხადებას მოითხოვენ.

მათი თქმით, პარლამენტში საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონპროექტი უკვე შეტანილია. ისინი აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვენ.

მოძრაობა „შემახე ამნისტიას“ რამდენიმე წევრი, მათ შორის პატიმრების მშობლები, უკვე ათ დღეზე მეტია, პარლამენტის შენობის წინ შიმშილობენ.

აქციის მონაწილეები მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.

პატიმართა დედებმა პარლამენტის წინ შიმშილობა 8 სექტემბერს დაიწყეს.

2020 წლის მაისის ბოლოს არსებული მონაცემებით, საქართველოს ციხეებში 341 ქალი და დაახლოებით 9 ათასი მამაკაცია.

პატიმართა უმრავლესობის ასაკი 26-დან 49 წლამდეა. საპატიმროებში ორი არასრულწლოვანი გოგონა და 45 ყმაწვილია. დანარჩენები 18 წელს ზემოთ ასაკისა არიან.

პატიმართა ნახევარზე მეტი სასჯელს ნახევრად დახურული ტიპის დაწესებულებებში იხდის. მათთვის ნებადართულია კამერის დატოვება, მუშაობა, ეზოში გასვლა. კიდევ დაახლოებით 1,7 ათასი ვადას დახურული ტიპის დაწესებულებებში იხდის. 176 პატიმარი კი მაღალი რისკის დაწესებულებაშია, სადაც მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს.

273
ნინო ლომჯარია

მძევლის დისკრედიტირება დაუშვებელია: სახალხო დამცველმა განცხადება გააკეთა

37
როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, ახლა მნიშვნელოვანია მძევლების, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების სიცოცხლე და უსაფრთხოებაა

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დაიცვა მძევალი, რომელიც მასმედიას დაუკავშირდა შეიარაღებული დამნაშავის ბრძანებით, რომელმაც დღეს ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ 17 პირი აიყვანა მძევლად.

ზუგდიდში თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლა >>

ომბუდსმენის თქმით, ახლა მისი პოლიტიკურ კუთვნილებაზე საუბრის დრო არაა.

„მძევალი, რომელიც მედია საშუალებებთან კონტაქტზე გამოვიდა, ყველაზე მოწყვლადია ამ ურთულეს სიტუაციაში, რადგან სწორედ მას იყენებს შეიარაღებული პირი საკომუნიკაციოდ, მის მიმართ სხვაზე მეტი "ინტერესი" აქვს. შეიარაღებული პირის ფსიქოპორტრეტი, მისი რეალური მიზნები არავინ იცის, ამიტომ ძალიან სახიფათოა, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მძევლის დისკრედიტაციის წამოწყებული კამპანია და მის პოლიტიკურ კუთვნილებაზე აქცენტირება“, - დაწერა თავის Facebook -გვერდზე ლომჯარიამ.

როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მძევლების, სამართალდამცველების სიცოცხლე და უსაფრთხოება. მისი აზრით, მოვლენების არასწორ გაშუქებას, არასწორი აქცენტების გაკეთებას მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

„ვიყოთ სოლიდარულები უდანაშაულო ადამიანების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ზუგდიდში უკვე ექვს საათზე მეტია, უცნობ შეიარაღებულ პირს „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლები ჰყავს აყვანილი. იგი ხელისუფლებისგან ნახევარ მილიონ დოლარსა და ვერტმფრენს ითხოვს. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრება.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიასაშუალებებს მიმართავს >>

შსს-ს მონაცემებით, მასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. ტელეარხ „ფორმულას“ მტკიცებით, შენობაში ოთხი მძევალი რჩება. ეს ინფორმაცია შსს-ს ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

ხელისუფლებამ მასმედიას მიმართა თხოვნით, არ გადასცენ პირდაპირი ეთერით სპეცოპერაციის კადრები და თავშეკავება გამოიჩინონ.

37
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა 19 ადამიანი მძევლად აიყვანა
ციხის დერეფანი

პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი ქსნის არც ერთ საპატიმროში არ გამოვლენილა

31
(განახლებულია 22:14 21.10.2020)
სამსახურმა უარყო ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია პენიტენციურ დაწესებულებებში COVID-19-ის გამოვლენის თაობაზე.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უარყო „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ციხეებში კორონავირუსის გამოვლენის და პატიმრების დაავადების შესახებ.

როგორც სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეს არის სიცრუე და ქსანში მდებარე არც ერთი დაწესებულების (N10 და N15) მაღაზიების თანამშრომლებში COVID-19 არ დაფიქსირებულა.

21 ოქტომბერს ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ქსნის ციხეში მაღაზიის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

„ტელეკომპანიის რესპონდენტი იყო ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე, რომელმაც ინტერვიუში განაცხადა, რომ მთელი დღეა ურეკავენ პატიმრები და ეუბნებიან, რომ ციხე არის ჩაკეტილი და შესვლა შეუძლებელია. და რომ კორონა დაუდასტურდა გამყიდველს, რომელიც იქ ყიდის სხვადასხვა პროდუქციას", – ნათქვამია განცხადებაში.

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს სიცრუეა, რომ ქსნის არც ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში (N10 და N15) მდებარე მაღაზიების თანამშრომლებს კორონავირუსი არ გამოუვლინდათ, ასევე სიცრუეა ის, რომ „ციხე დაიკეტა“.

„ქსნის პენიტენციურ დაწესებულებებში მხოლოდ ის შეზღუდვები მოქმედებს, რაც ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 5 მარტიდან პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული პირობების ამოქმედების შემდეგ ყველა დანარჩენ დაწესებულებაშია შემოღებული. კერძოდ, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, პატიმრებს შეჩერებული აქვთ ხანგრძლივი პაემნის უფლება, ხოლო ხანმოკლე პაემნები მინის ბარიერის გამოყენებით მიმდინარეობს. არანაირი განსაკუთრებული შეზღუდვა ქსნის პენიტენციურ დაწესებულებებში არ მოქმედებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ „მთავარმა არხმა“ ინფორმაცია პენიტენციურ სამსახურთან გადაამოწმა და მიიღო პასუხი, რომ ეს არის სიცრუე.

„ამასთან ტელეკომპანიამ ინფორმაცია გადაამოწმა კერძო კომპანიაშიც, რომელიც პენიტენციური დაწესებულებების მაღაზიებში ოპერირებს და კომპანიამაც არ დაუდასტურა ეს ფაქტი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც გაავრცელა ცრუ ინფორმაცია ადვოკატ კობაიძის ინტერვიუზე დაყრდნობით“, - ნათქვამია განცხადებაში.

პენიტენციური სამსახური ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელმაც პატიმრებისა და მათ ოჯახების შეშფოთება შეიძლება გამოიწვიოს.

 

31
თემები:
COVID-19 საქართველოში
დოლარები

თავდასხმა ბანკზე ზუგდიდში: მძევლის განცხადებით, თავდამსხმელს თანხა გადაეცა

47
(განახლებულია 22:55 21.10.2020)
ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, თავდამსხმელი სამ მძევალთან ერთად, სავარაუდოდ, იმ ადგილისკენ გაემართა, სადაც ვერტმფრენი დაეშვა, მანამდე კი თავდამსხმელმა სამის გარდა ყველა მძევალი გამოუშვა.

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლად აყვანილმა ერთ-ერთმა პირმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელს პოლიციამ თანხა გადასცა და სამის გარდა ყველა მძევალი თავისუფალია.

ეს პირი სწორედ ის მძევალია, რომელიც თავდამსხმელის მითითებით ტელეკომპანია „მთავარ არხს“ დაუკავშირდა და თავდამსხმელის მოთხოვნები პირდაპირ ეთერში გაახმოვანა. 

როგორც ცნობილია, თავდამსხმელი ნახევარმილიონ დოლარს და ვერტმფრენს მოითხოვდა.

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, თავდამსხმელი სამ მძევალთან ერთად, სავარაუდოდ, იმ ადგილისკენ გაემართა, სადაც ვერტმფრენი დაეშვა, მანამდე კი თავდამსხმელმა სამის გარდა ყველა მძევალი გამოუშვა. სავარაუდოდ, სწორედ დარჩენილ სამ მძევალთან ერთად დატოვა ბოროტმოქმედმა ბანკის შენობა და სავარაუდოდ, ვერტმფრენისკენ გაემართა.

ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ინფორმაციით, მძევლებთან ერთად მას ასევე სამხარეო სამმართველოს უფროსი ავთო გალდავა გაჰყვა.

ზუგდიდში უცნობ შეიარაღებულ პირს „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლები ჰყავდა აყვანილი. იგი ხელისუფლებისგან ნახევარ მილიონ დოლარსა და ვერტმფრენს ითხოვდა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმები. სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრში ცოტა ხნის წინ დასრულდა. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელა.

შსს-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. უწყების ცნობით, ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაახლოებით 14:21 საათზე შევიდა. პოლიციის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

47
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა 19 ადამიანი მძევლად აიყვანა