ტესტირება ბათუმში

აჭარის მთავრობის აპარატის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

139
(განახლებულია 12:26 12.09.2020)
აღსანიშნავია, რომ  საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 158 შემთხვევიდან 87 სწორედ აჭარას უკავშირდება.

თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. აჭარის მთავრობის აპარატის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ნათქვამია აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ადმინისტრაციის ცნობით, ყველა პირი, ვისაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა, გადავიდა თვითიზოლაციაში და ჩაუტარდა ტესტირება.

ასევე, სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება აჭარის მთავრობის შენობა და სამუშაო სივრცეები.

„შენობაში შესვლისას ყველა პირი გადის თერმოკონტროლს. დაწესებულია მონიტორინგი პირბადის გამოყენებაზე. აჭარის მთავრობა განაგრძობს ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად“, -აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს აღნიშნულ პირთან ბოლო 10 დღის განმავლობაში არ ჰქონია კონტაქტი, თუმცა მთავრობის თავმჯდომარესაც და მთავრობის აპარატის თანამშრომლებს PCR-ტესტირება ჩაუტარდათ. მათ არ დაუდასტურდათ კოვიდინფექცია.

აღსანიშნავია, რომ  საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 158 შემთხვევიდან 87 სწორედ აჭარას უკავშირდება.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2075-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1363 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

139
თემები:
COVID-19 საქართველოში (1829)
ილია მეორე

საქართველოს პარტიარქი უკრაინაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს

11
(განახლებულია 11:38 28.09.2020)
„ვილოცებთ მათი უკვდავი სულებისთვის“ – წერს პატრიარქი უკრაინის პრეზიდენტისა და კიევის მეტროპოლიტისადმი გაგზავნილ სამძიმრის წერილებში

თბილისი, 28 სექტემბერი  — Sputnik.  საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ  ხარკოვის ოლქში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის სამძიმრის წერილი გაუგზავნა

26 სექტემბრის საღამოს სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ан-26 ხარკოვის ოლქში ქალაქ ჩუგუევთან ახლოს იმ დროს ჩამოვარდა, როდესაც სასწავლო ფრენას ახორციელებდა. ბორტზე იმყოფებოდა 27 ადამიანი - ეკიპაჟის 7 წევრი და 20 კურსანტი. 25 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ორმა კურსანტმა თვითმფრინავიდან გადმოსვლა მოახერხა, თუმცა, ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

„ჩვენ ვლოცულობთ მათი უკვდავი სულებისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი. გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი და თანადგომა გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, მთელ უკრაინელ ხალხს. დაშავებულთ კი ვუსურვებთ, ღვთის წყალობით, მალე გამოჯანმრთელებას", - ნათქვამია ილია მეორის წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

საპატრიარქოს განცხადებით, მსგავსი წერილი გაეგზავნა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს, მის უნეტარესობა ონოფრეს.

11
თემები:
საქართველოს საპატრიარქო
ტესტირება კორონავირუსზე

უსიმპტომო პაციენტები 12 დღის შემდეგ ტესტის გარეშე გამოჯანმრთელებულად ჩაითვლებიან

21
გაბუნიას თქმით, ჯანმომ განაცხადა, რომ სიმპტომების გამოვლენიდან რვა დღეში ადამიანი გადამდები აღარ არის. მიუხედავად ტესტის პასუხისა, სხვა ადამიანის დაინფიცირების შანსი, პრაქტიკულად, არ არსებობს ან ძალზე მინიმალურია.

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. პირი, რომელსაც დაუდასტურდა კორონავირუსი და ტესტირებიდან 12 დღის შემდეგ სიმპტომები არ აღენიშნება, გამეორებითი ტესტის გარეშე ჩაითვლება გამოჯანმრთელებულად და მას შეუძლია დაუბრუნდეს სოციალურ აქტივობას, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) განაცხადა, რომ სიმპტომების გამოვლენიდან რვა დღეში ადამიანი გადამდები აღარ არის. ტესტის პასუხი შეიძლება დადებითი იყოს, მაგრამ სხვა ადამიანის დაინფიცირების შანსი, პრაქტიკულად, არ არსებობს ან ძალზე მინიმალურია.

„მეთორმეტე დღეს პირი, რომელსაც ტესტირების დღიდან გაუვიდა მეთორმეტე დღე და სიმპტომები არ აღენიშნება, ჩაითვლება, როგორც გამოჯანმრთელებული და მას შეუძლია დაუბრუნდეს სოციალურ აქტივობას, ტესტირების, პოლიმელაზურ-ჯაჭვური ტესტის განმეორებით ჩატარების გარეშე“, – აღნიშნა გაბუნიამ.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც სიმპტომები აღენიშნებათ და მოთავსებული არიან საავადმყოფოებში, გამოჯანმრთელებამდე მინიმალური ხანგრძლივობა არის 13 დღე. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, აქედან 10 დღე სიმპტომების პერიოდი და სამი დღე – უსიმპტომო.

„ეპიდემიური რისკების თვალსაზრისით, ასეთი პაციენტებიც მეთოთხმეტე, მეთხუთმეტე დღიდან, თუ სამი დღე არის სიმპტომებისგან თავისუფალი, ითვლება, რომ აღარ წარმოადგენენ რისკს“, – განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 31–მდე გაიზარდა>>

საქართველოში ბოლო პერიოდში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო დღე-ღამეში მათი რაოდენობა 298-ით გაიზარდა და 5552-ს მიაღწია, სულ გამოჯანმრთელდა  2054  ადამიანი, გარდაიცვალა 31 პაციენტი.

21
თემები:
COVID-19 საქართველოში (1829)