მარინა ეზუგბაია

ეზუგბაია: „სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ დაავადების გავრცელების შეჩერებას ვახერხებთ“

872
(განახლებულია 12:59 12.09.2020)
სამედიცინო დირექტორის თქმით, ბათუმში, რომელიც კორონავირუსის ერთ-ერთი ფართო კერაა, და ასევე ცაგერში უკვე ლოკალიზება შეინიშნება

თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 158 შემთხვევიდან 87 აჭარას უკავშირდება, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ. 

კორონავირუსითა და გრიპით ერთდროული ინფიცირება უკიდურესად საშიშია: ექიმის განმარტება >>

ეზუგბაიას განმარტებით, რაც შეეხება დანარჩენ ინფიცირებულებს, 28 შემთხვევა სამეგრელოს უკავშირდება, 19 - იმერეთს, 6 - გურიას, 18 კი თბილისს. 

მისი თქმით, შემთხვევების გამოვლენა ეპიდემიოლოგების აქტიური მუშაობის შედეგია.

„ასეთი მაჩვენებელი ქვეყანაში აქამდე არ ყოფილა, მაგრამ ეს რიცხვი პანიკის საფუძველს არ გვაძლევს. ძალიან სწრაფად მიმდინარეობს ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიება და მათი მყისიერი გამოკვლევა. ბათუმში თითქმის ლოკალიზაციისკენ მივდივართ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ დაავადების გავრცელების შეჩერებას ვახერხებთ და ბათუმი თითქმის ლოკალიზებულია, ისევე როგორც ცაგერი. ტარდება აქტიური ზომები იმერეთსა და სამეგრელოში. მიმდინარეობს კონტაქტების აქტიური კვლევა, და ამის კვალდაკვალ, რა თქმა უნდა, იზრდება დადასტურებული შემთხვევების რიცხვი, მაგრამ სწორედ ამას მივყავართ დაავადების ლოკალიზაციისკენ“, - აღნიშნა  ეზუგბაიამ.

ამასთან, მარინა ეზუგბაიას არ დაუკონკრეტებია, რამდენ შემთხვევაში ინფიცირების წყარო უცნობია.

რაც შეეხება ქუთაისს, სადაც ქალაქის ცენტრში კარავში მოქალაქეთა უფასო ტესტირება მიმდინარეობს, აქ 21 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. მისი თქმით, ორი დადებითი პასუხი კარავში აღებულმა PCR-ტესტმა აჩვენა. ისინი ქუთაისის N32 საჯარო სკოლის კონტაქტები არიან. მისივე თქმით, დღევანდელი 21-ვე შემთხვევა სკოლას უკავშირდება, მთლიანობაში - 66.

მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელების დინამიკა კლებისკენ მიდის.

„კარგია, რომ დინამიკა კლებისკენ მიდის, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სიტუაციას სრულად ვაკონტროლებთ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, თუ კიდევ ვინმეს ჰქონდა კონტაქტი ინფიცირებულ პედაგოგებთან, ჩაიტარონ ტესტები“, – განუცხადა პირველ არხს შალამბერიძემ.

საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. დღეს 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ასეთი მაღალი მაჩვენებელი აქამდე არ ყოფილა. ბოლო რამდენიმე დღეა ინფიცირების კუთხით ყოველდღე ანტირეკორდი მყარდება.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2075-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1363 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

872
თემები:
COVID-19 საქართველოში (1857)
დისტანციური სწავლება

თუ შვილის სკოლაში გაშვება არ გსურთ: განათლების სამინისტროს ინსტრუქცია მშობლებისთვის

280
(განახლებულია 19:14 30.09.2020)
ბოლო პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მომატების გამო, მშობლების ნაწილი შვილების სკოლებში გაშვებას უფრთხის

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. იმ მოსწავლეთა მშობლებმა, რომლებსაც არ სურთ შვილების სკოლებში გაშვება პანდემიის პირობებში და დისტანციური სწავლებით აპირებენ სარგებლობას, ან განაცხადი უნდა შეავსონ განათლების სამინისტროს საიტზე და ან სკოლას უნდა მიმართონ, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე.

საუბარია თბილისის, ზუგდიდის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლების I-VI კლასების მოსწავლეებზე.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, დისტანციური სწავლების გამოცდილება საქართველოს სკოლებში ჯერ კიდევ გასული სასწავლო წლიდან არსებობს. დისტანციური სწავლების შედეგად 600 ათასზე მეტ მოსწავლესა და 55 ათასზე მეტ მასწავლებელს უკვე გააქტიურებული აქვთ სპეციალური პროფილები საგანმანათლებლო ონლაინ–პროგრამებში.

სამინისტროს მხარდაჭერით, მათ აქვთ შესაძლებლობა, სრულად ისარგებლონ შეთავაზებული ონლაინ–ინსტრუმენტებით — Microsoft Office 365-ით, რომელიც აერთიანებს Microsoft TEAMS–ს, OneNote–სა და სხვა პროგრამებსა და დანართებს.

დისტანციური სწავლების კიდევ ერთი ძირითადი რესურსი საქართველოში არის „ტელესკოლა“. საგანმა ნათლებლო ტელეპროექტის ბადეში ყველა საფეხურის საგნები შედის. ამასთან მაქსიმალურადაა გათვალისწინებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეთა ინტერესებიც.     

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების I–VI კლასების მოსწავლეები სკოლებს 1 ოქტომბერს დაუბრუნდებიან.

280
თემები:
განათლება საქართველოში
ვინც პირბადიანია, ის დაცულია

ვინც პირბადიანია, ის დაცულია

82
(განახლებულია 20:47 30.09.2020)
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა დაიწყო. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი იმდენად უფრთხის დაავადებას, რომ პირბადეს ქუჩაშიც იყენებს.
ვინც პირბადიანია, ის დაცულია

პირბადეების დეფიციტი საქართველოში არ არის, ფასებიც, გაზაფხულთან შედარებით, შემცირდა. მიუხედავად ამისა, ყველას არ შეუძლია იმდენი ნიღბის ყიდვა, რომ რეგულარულად იცვალოს – დღეში რამდენჯერმე. ხშირად ადამიანები ერთსა და იმავე ნიღაბს რამდენიმე დღის განმავლობაში ატარებენ, ზოგი კვირების განმავლობაშიც. სპეციალისტების აზრით, პირბადეების ასეთი გამოყენება ადამიანს დაავადებისგან ვერ დაიცავს.

დაინფიცირების რისკის შესამცირებლად საჭიროა წესების დაცვა: პირველ რიგში, ორ საათზე მეტხანს ნუ ატარებთ ერთსა და იმავე ნიღაბს, ცვალეთ რეგულარულად და ნუ შეეხებით ნიღბის ზედაპირს, სადაც შესაძლოა ვირუსი იყოს.

82
ანჩისხატის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 1 ოქტომბერი

0
(განახლებულია 09:05 01.10.2020)
მართლმადიდებელი ეკლესია 1 ოქტომბერს 1661 წელს მოწამეობრივად აღსულებული კახეთის გმირების: ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების, ასევე ღირსი ევმენიოსის - გორტინელი ეპისკოპოსის, მოწამეების არიადნას, სოფიოს, ირინეს და კასტორის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან ისინი მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

ბიძინა ჩოლოყაშვილი და ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავები

კახეთის მთავარი ბიძინა ჩოლოყაშვილი და ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავები XVII საუკუნეში აღესრულენენ მოწამეობრივად.

შაჰ-აბას I-მა და მისმა ძემ, შაჰ-აბას II-მ განსაკუთრებული სისასტიკით კახეთი ააოხრეს., ათასობით ქართველi მშობლიური მიწიდან აყარეს  სპარსეთში  გადაასახლეს.

კახეთის მთავარმა, ბიძინა ჩოლოყაშვილმა არაგვისა და ქსნის ერისთავებთან ერთად თავს იდვა კახეთის გათავისუფლება თათართაგან.

ხანგრძლივი ფიქრისა და განსჯის შემდეგ ბიძინა ეახლა თავის მოყვარეს, არაგვის ერისთავს ზაალს და გულისნადები აუწყა. ზაალ ერისთავს მოიწონა განზრახვა და ქსნის ერისთავი ელიზბარიც მოიწვია შალვასთან ერთად.  ბიძინამ კახეთისათვის თავსდატეხილ ჭირზე მოუთხრო ერისთავებს, აუხსნა მათ, რომ უმოკლეს ხანში ამგვარივე განსაცდელში ქართლიც შეიძლებოდა ჩავარდნილიყო და მოუწოდა, ერთად ებრძოლათ მომხდურთა წინააღმდეგ:

ბიძინა კარგად ხედავდა ქართველთა შესაძლებლობებს, მაგრამ, ღვთის ნებას მინდობილს და სამშობლოს გამოხსნის აუცილებლობაში დარწმუნებულს, სჯეროდა გამარჯვებისა.

არაგვის ერისთავმა მეამბოხეებს საიდუმლოდ მცირეოდენი რჩეული მხედრები  მისცა, ხოლო ქსნის ერისთავებმა - ბიძა-ძმისწულმა - ქუდზე კაცს უხმეს. უმთვარო ღამეს მთა გადაიარეს, ახმეტას ჩავიდნენ და მოულოდნელად დაეცნენ თავს ბახტრიონის ციხეს, სადაც  უზრუნველად დაბანაკებული იყვნენ  თათრები.

იმავე დღეს, 1659 წლის ალავერდობის დღესასწაულზე მიუხდნენ ალავერდს მყოფ ყიზილბაშებს და ისე გაანადგურეს, რომ არდალანის სულთანმა სელიმ-ხანმა ძლივს მოასწრო გაქცევა, მიატოვა ცოლ-შვილი და სპარსეთს გაეშურა.

ქართველთა ძლევამოსილი მხედრობა მადლობას უხდიდა ღმერთს და ერის მფარველ წმიდა გიორგის.

თავისუფლად ამოისუნთქა კახეთმა, უზომოდ გახარებული თავს ევლებოდა თავის ერთგულ შვილებს... მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა სამშობლოს მხსნელი გმირების ნეტარება.

განრისხებულმა შაჰ-აბასმა ქართლის მეფეს, ვახტანგს, სპარსთაგან შაჰ-ნავაზად წოდებულს, უბრძანა, ქრისტეს ახოვანი მხედრები მასთან გაეგზავნა.

კახეთის მხსნელი გმირები უდრტვინველად გაემართნენ უკანასკნელ გზაზე. მათ იცოდნენ, რომ შაჰ-აბასისგან დანდობა არ ექნებოდათ, მაგრამ იცოდნენ ისიც, რომ დაყოვნება ქვეყანას ზიანს მოუტანდა.

ცბიერმა შაჰმა პატივით მიიღო ქართველი დიდებულები, მაგრამ შემდეგ სიმდიდრისა და პატივის საფასურად სარწმუნოების გამოცვლა მოსთხოვა. ქართველებმა სპარსეთის მბრძანებელს არდალანის სულთნის პირით უარი  შეუთვალეს ბევრს ეცადა არდალანის სულთანი, მაგრამ ვერავითარმა დაპირებამ ვერ მოხიბლა ქრისტეს ერთგული მსახურები. მაშინ შაჰის ბრძანებით კახეთის გმირები ჯერ სასტიკად აწამეს, ხოლო შემდეგ დახოცეს.

წმიდა მოწამეთა გვამები მთელი დღე ღია ცის ქვეშ ეყარა და მიახლოებას ვერავინ ბედავდა. ღამით მათ ნათელი დაადგა. ქრისტიანებმა ფარულად დაკრძალეს წმიდანთა ნეშტი.

მრავალი წლის შემდეგ შალვას მეუღლემ, ქეთევანმა და მისმა ძემ, დავითმა სარწმუნო კაცები წარგზავნეს წმიდანთა ნეშტის ჩამოსასვენებლად.

ქართლში ჩამოსვენებულ წმიდა ნაწილებს მრავალი მორწმუნე შეეგება თაყვანისცემითა და ამბორისყოფით. კახეთის მხსნელი გმირები პატივით და დიდებით დაკრძალეს იკორთის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში.

ღირსი ევმენიოსი

ღირსი ევმენიოსი კეთილმსახური ცხოვრებით გამორჩეული ქრისტიანი იყო. მან მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, თვითონ კი, ღვთის მოწყალებას მინდობილმა, ამსოფლიური საცდურებისაგან განრიდებული ფიცხელი მოღვაწეობა დაიწყო. ნეტარი მამა ჰორტინის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი კუნძულ კრეტაზე. წმიდა მღვდელმთავარი მტკიცედ იცავდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას იმჟამად აღმოცენებული მონოთელიტთა მწვალებლობისაგან. ერეტიკოსთა წინააღმდეგ დაუცხრომელი ბრძოლისთვის უღმრთოებმა იგი თებაიდაში გადაასახლეს, სადაც აღესრულა კიდეც VII საუკუნეში. უფლის რჩეულის ნეშტი ჰორტინაში გადაასვენეს და იქვე მიაბარეს მიწას.

წმიდა მოწამე არიადნა

წმიდა მოწამე არიადნა ქალაქ პრიმნისის (ფრიგია) უხუცესის, ტერტილუსის მხევალი იყო იმპერატორების, ადრიანესა (117-138) და ანტონინუს პიუსის (138-161) დროს. ერთხელ, როცა მისმა ბატონმა ძეობასთან დაკავშირებით წარმართული მსხვერპლშეწირვა მოაწყო, ქრისტიანმა არიადნამ უსჯულო ღრეობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ამისთვის იგი სასტიკად აწამეს, შემდეგ კი საპყრობილეში ჩააგდეს. მრავალგვარი ტანჯვისა და განსაცდელის შემდეგ წმიდა არიადნა გაათავისუფლეს. მან დატოვა ქალაქი და უდაბნოს მიაშურა, მაგრამ ტერტილუსმა მეომრები დაადევნა შესაპყრობად. მდევრების დანახვისას წმიდა არიადნამ ღმერთს სთხოვა შემწეობა და მოხდა სასწაული - მთა გაიპო და ქრისტეს მხევალი შიგნით მიიმალა.

წმიდა მოწამენი სოფიო და ირინე

წმიდა მოწამენი სოფიო და ირინე ქრისტეს აღსარებისთვის ეწამნენ იმპერატორ ადრიანეს (117-138) დროს. უსჯულოებმა მათ თავები მოჰკვეთეს.

წმიდა მოწამე კასტორი

წმიდა მოწამე კასტორი კერპთმსახურებმა შეიპყრეს და შიმშილით ამოხადეს სული.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

0
თემები:
საეკლესიო კალენდარი