ტესტირება ბათუმში

მასწავლებლებს, რომლებიც აჭარაში იმყოფებოდნენ, კორონავირუსზე შეამოწმებენ

290
(განახლებულია 11:43 12.09.2020)
დღეს ცნობილი გახდა, რომ  დიდ ქალაქებში სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი  15 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება.

თბილისი, 11 სექტემბერი - Sputnik. მასწავლებლებს, რომლებიც ზაფხულში აჭარაში იმყოფებოდნენ, კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ, განაცხადა  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ზაფხულის სეზონზე აჭარაში ტურისტული ნაკადის გამო კორონავირუსით ინფიცირების საკმაო რაოდენობა დაფიქსირდა. გამყრელიძის თქმით, ბოლო თვეებში რეგიონში დაახლოებით 2,1 ათასი მასწავლებელი იმყოფებოდა. 

„ეს სიები მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ჯანდაცვას აქვს. ჩვენ განათლების სამინისტროსთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, რომ მივიღოთ სიები – ვინ იყო ზღვისპირეთში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ასევე  შემუშავებულია 45 ათასი მასწავლებლის შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ლაბორატორიულად გამოკვლევის სტრატეგია.

„დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ მასწავლებელი, რომელიც სკოლაში მიდის, არ არის ინფიცირების სტადიაში. ასეთივე სტრატეგია შემუშავდა მსხვილ დამსაქმებლებთან მიმართებით“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დიდ ქალაქებში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება.  მანამდე მსგავსი შეზღუდვები დაწესდა ბათუმსა და ქობულეთში, სადაც ინფიცირების მნიშვნელოვანი შემთხვევები დაფიქსირდა.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ბოლო კვირაში საქართველოში ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი გახდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს ქვეყანაში ვირუსის დაფიქსირების დღიდან ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

290
თემები:
COVID-19 საქართველოში (1805)
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 25 სექტემბერს

21
(განახლებულია 20:56 24.09.2020)
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 25 სექტემბერს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის (ნაწილობრივ) და ავთო ვარაზის ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეივნის დასახლების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

21
თემები:
თბილისი დღეს
ბლოკპოსტი

ამჯერად გურია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითური ჩაიკეტა

38
(განახლებულია 08:51 25.09.2020)
სპეციალურად დაბა ლაითურის მოსახლეობისთვის, სადაც კორონავირუსი რამდენიმე მოსწავლეს და მასწავლებელს დაუდასტურდა, გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ამოქმედდა ცხელი ხაზი.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. კორონავისუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში გადაადგილება შეიზღუდა.

გურიის რეგიონში, რომელიც ამ დრომდე „მწვანე ზონად" ითვლებოდა, კორონავირუსის უკვე 84 შემთხვევაა დაფიქსირებული. პირველი შემთხვევა 4 სექტემბერს დაფიქსირდა – ინფექცია ჩოხატაურში ახალგაზრდა ქალს დაუდგინდა. ბოლო ინფორმაციით,  ოზურგეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 61 შეადგინა, აქედან 11 შემთხვევა დაბა ლაითურს უკავშირდება. 

დაბა ლაითურში კორონავირუსი რამდენიმე მოსწავლეს და მასწავლებელს აქვს  დადასტურებული, რის გამოც საჯარო სკოლამ  შეწყვიტა სასწავლო პროცესი და ორი კვირით სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. 

ამ დროისთვის გურიის რეგიონში თერმოსკრინინგი და ფართო ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

სპეციალურად დაბა ლაითურის მოსახლეობისთვის გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ამოქმედდა ცხელი ხაზი.

„ლაითურში მოსახლეობის შესვლა-გამოსვლა გაკონტროლდება სამართალდამცავთა მიერ. განხორციელდება მოსახლეობის თერმოსკრინინგი. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გაგებით მოეკიდონ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული კორონავირუსის გავრცელება“,- აცხადებენ ოზურგეთის მერიაში.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 259-ით გაიზარდა და 4399-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1705 ადამიანი, გარდაიცვალა 26 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

38
თემები:
COVID-19 საქართველოში (1805)