თბილისი

რომელი შეზღუდვები ამოქმედდა კვლავ საქართველოში: აკრძალვების სია

332
(განახლებულია 17:26 10.09.2020)
ქვეყანაში ყოველდღიურად იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა. საქართველოს მთავრობამ პანდემიის მეორე ტალღის დაწყება გამოაცხადა.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაბრუნდა ის რიგი შეზღუდვები, რაც ქვეყანაში ადრე მოქმედებდა.

დღეიდან იზღუდება ან იკრძალება:

 – კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, რომელშიც 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს; 

 – რიტუალური ღონისძიებების, ქორწილების, დღესასწაულების, იუბილეებისა და ქელეხების გამართვა (არაუმეტეს 10 ადამიანისა);

– ღამის კლუბების მუშაობა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში;

– კინოთატრების, თეატრებისა და საბავშვო გასართობი ცენტრების გახსნა 2020 წლის 1 ნოემბრამდე გადაიდო;

– სკოლების ადმინისტრაციებს ეკრძალებათ სასწავლო პროცესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებების ჩატარება;

 – საქართველოს სკოლებში სწავლების შერეული მოდელი შემოდის (როგორც კლასებში, ისე დისტანციური სწავლების დროს);

– საბავშვო ბაღებში სასწავლო–აღმზრდელობითი პროცესი 1 ოქტომბრამდე გადაიდო;

– საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას აუცილებელია პირბადის გამოყენება.

მოქალაქეებს მოუწოდებენ დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია, გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია.

332
თემები:
COVID-19 საქართველოში (1789)
საკლასო ოთახი

საქართველოში სკოლები იხურება - ოზურგეთში კორონავირუსი პედაგოგს დაუდგინდა

232
ლაითურში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ეპიდკვლევა. ბოლო მონაცემებით, გურიაში ჯამში კორონავირუსის 68 შემთხვევაა დადასტურებული

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში პედაგოგის დაინფიცირების გამო საჯარო სკოლამ დროებით შეწყვიტა სასწავლო პროცესი და ორი კვირით სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ლაითურში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ეპიდკვლევა. ბოლო მონაცემებით, გურიაში ჯამში კორონავირუსის 68 შემთხვევაა დადასტურებული.

საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 227-ით გაიზარდა.

დღეს თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ თუ მომდევნო დღეებში ინფიცირებულთა რაოდენობა 200-ის ფარგლებში იქნება, სკოლებსა და ბაღებში სწავლა 1 ოქტომბერს განახლდება. იმ შემთხვევაში კი, თუ ინფიცირებულთა რიცხვი 200-ს გადასცდება, სასწავლო პროცესი ორი კვირით გადაიდება, თუმცა, ცერცვაძის თქმით, ამ ვერსიაზე საუბარი საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე არ მიმდინარეობს.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სკოლაში სწავლა 2 მარტს შეწყდა, მეცადინეობები დისტანციურად წარიმართა. სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ქვეყნის რიგი ქალაქების – თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ქობულეთის, ფოთის, რუსთავის, ზუგდიდის, გორის, ასევე კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის ზოგიერთი სოფლის სკოლებში სწავლა ორი კვირის განმავლობაში, 1 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება. ქვეყნის მასშტაბით არსებულ დანარჩენ სასწავლო დაწესებულებაში სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში დაიწყო.

სასწავლო პროცესის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 21 სექტემბერს კორონავირუსი დაფიქსირდა ორ სკოლაში - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში და სენაკში. იქ OVID-19 რამდენიმე პედაგოგსა და მოსწავლეს დაუდგინდა. აღნიშნული სკოლები დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 4140 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1643 პაციენტი, გარდაიცვალა 25 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

232
თემები:
COVID-19 საქართველოში (1789)
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 9 პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

140
(განახლებულია 21:49 23.09.2020)
აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების იმავე რაოდენობით მატებას ელოდებიან, რამდენიმე დღეში კი, სპეციალისტების გათვლებით, მოსალოდნელია კლება

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 80 პაციენტის მდგომარეობა მძიმე, ცხრის კი განსაკუთრებით მძიმეა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

თბილისის საბავშვო ბაღებში ბავშვებს ინდივიდუალური ჩანთები გადაეცემა >>

ბოლო 24 საათში დარეგისტრირებული კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარაში გამოვლინდა. რეგიონში სულ ინფიცირების ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა.

კლინიკაში მართვა კვალიფიციურად ხდება და ამ ეტაპისთვის მედპერსონალის რაოდენობაც საკმარისია.

„პერსონალი არის აბსოლუტურად მზად, მათ დამატებით ჩაუტარდათ ტრენინგები, მთავარია, დროულად მოხდეს დიფერენცირება ავადმყოფების, რომ მსუბუქ მდგომარეობაში მყოფი პაციენტები დროულად გადავიდნენ კლინიკებიდან კოვიდსასტუმროებში და იქაც გაგრძელდეს ეფექტური მართვა, კლინიკებში კი გამოთავისუფლდეს ადგილები მძიმე პაციენტებისთვის“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია მეორე დღეა, ბათუმში იმყოფება და ვითარებას ეცნობა.

აჭარაში არსებული ეპიდვითარება შეაფასა ასევე რეგიონის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, რომლის განცხადებით, იმის იმედი, რომ ახალი შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად შემცირდება, არ უნდა გვქონდეს.

როგორც მან აღნიშნა, შემდგომი დინამიკა მთლიანად მოსახლეობაზეა დამოკიდებული. თუ ადამიანები არ დაიცავენ დადგენილ წესებს, შემთხვევების რაოდენობა არ შემცირდება.

„აჭარაში ეპიდსიტუაცია არის რთული და მომდევნო დღეებში შემთხვევების იმავე რაოდენობით მატებას ველოდებით, რამდენიმე დღის შემდეგ კი კლებას. ამ ყველაფერში მოსახლეობაც უნდა დაგვიდგეს გვერდით და დაიცვას რეკომენდაციები. ამ დროისთვის აჭარაში 600 საწოლია მობილიზებული, ხდება ავადმყოფების დიფერენციაცია, მიმდინარეობს პაციენტის მდგომარეობის შეფასება, ამის მიხედვით ნაწილდებიან ისინი კლინიკებსა და სასტუმროებში. მუდმივად ხდება გადაადგილებები კლინიკებიდან სასტუმროებში. ნაწილი პაციენტებისა გამოჯანმრთელდა, ამიტომ არსებული საწოლფონდი სრულიად ადეკვატური რაოდენობაა იმ საჭიროებისთვის, რაც დღეს აჭარაში არსებობს“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

კრიზისი, დისტანცია და ნიღბები: როგორ შეცვალა კორონავირუსმა მსოფლიო – ფოტო >>

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 227-ით გაიზარდა და 4140-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1643 ადამიანი, გარდაიცვალა 25 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

140
თემები:
COVID-19 საქართველოში (1789)
ცესკო

როგორ უნდა მოხდეს საკარანტინე სივრცეებში არჩევნების ორგანიზება? შეხვედრა ცესკოში

0
(განახლებულია 23:33 23.09.2020)
 საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლებისა და კომისიების წევრებისთვის  სანიტარიულ–ჰიგიენური წესები  სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა, რომელშიც ცესკოს, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.

თბილისი, 24 სექტემბერი  — Sputnik.  ცენტრალური საარჩევნო კომისია იმ სავალდებული წესებისა და რეკომენდაციების შემუშავების საკითხებზე მუშაობს, რომელიც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინე სივრცეებში კენჭისყრის ორგანიზებისას უნდა იყოს გათვალისწინებული, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გუშინ, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ  ჯანდაცვის  მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურთან და  დაავადებათა კონტროლისა  და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძესთან  სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მონაწილეებმა  ის შესაძლებლობები და რისკები განიხილეს, რაც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინე სივრცეებში არჩევნების ორგანიზებას უკავშირდება.

„ამ საკითხებზე მსჯელობა ხელს შეუწყობს საარჩევნო ადმინისტრაციის პოზიციის ჩამოყალიბებას, რომელიც შემდგომ  სპეციალურ სამუშაო ჯგუფთან განიხილება. ცესკომ სწორედ ამ სამუშაო ჯგუფთან ერთად უკვე შეიმუშავა კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი“, – ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლების, საარჩევნო კომისიების წევრებისა და ჩართული მხარეებისთვის  სანიტარიულ–ჰიგიენური წესები  სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან. 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. დღეს არსებული ეპიდდემიოლოგიური მდგომარეობის პირობებში აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რათა, ერთი მხრივ, დაცული იყოს არჩევნებზე ხმის მიცემასთან დაკავშირებული ადამიანის ფუნდამენტური უფლება, ხოლო მეორე მხრივ – ქვეყანაში ინფექციის შემდგომი გავრცელების პრევენცია მოხდეს.

ცესკომ უკვე მიიღო დადგენილება, რომლითაც რეგულირდება კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენების, საარჩევნო უბანზე უფლებამოსილი პირის სხვა პირით ჩანაცვლების წესები.
კენჭისყრის დღეს  საარჩევნო უბნებზე კომისიის ყველა წევრი და ამომრჩევლები პირბადეებით უნდა გამოცხადდნენ.

კენჭისყრის შენობის შესასვლელებთან განთავსებული იქნება დეზობარიერი, ხელის დეზინფექციისთვის საჭირო ხსნარი და ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ.  


კომისიის წევრებმა, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ ბიულეტენებთან, კონვერტებთან, სიებთან, უნდა გამოიყენონ ხელთათმანები.

ამომრჩეველს კენჭისყრის პერიოდში პირბადის მოხსნა ორჯერ მოუწევს – კენჭისყრის ოთახში შესვლისას და რეგისტრატორის მაგიდასთან იდენტიფიცირებისას. პირბადის გამოყენებაზე გამონაკლისი დაშვებული იქნება იმ პირებისთვის, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება. ამ შემთხვევაში აღნიშნულმა პირმა სამედიცინო ცნობა უნდა წარადგინოს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში არჩევნებში მონაწილეობისთვის 58 პარტია და ორი ბლოკია დარეგისტრირებული. პარლამენტში სულ 150 ადგილია, აქედან 120 ადგილს დაიკავებენ პარტიებიდან და ბლოკებიდან პროპორციული სისტემით არჩეული კანდიდატები, 30-ს კი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში გამარჯვებული კანდიდატები.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020