სკოლა

როგორ წარიმართება დისტანციური სწავლება სკოლებში მინისტრმა ბრძანება გამოსცა

322
(განახლებულია 17:18 10.09.2020)
კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 2 მარტიდან შეწყდა.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სკოლებში სწავლების დისტანციური რეჟიმი ჯერჯერობით რჩება – განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სკოლებში დისტანციური სწავლების პროცესის ორგანიზების შესახებ ბრძანება გამოსცა. 

კერძო სკოლების ნაწილმა სასწავლო პროცესი უკვე დაიწყო, საჯარო სკოლებში კი სასწავლო წელი 15 სექტემბრიდან იწყება. მიუხედავად ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებისა, საქართველოს მთავრობა სასწავლო პროცესის დაწყების გადადებას არ გეგმავს.

მინისტრის ბრძანებაში ნათქვამია, რომ დისტანციური სწავლებისას რეკომენდებულია დღეში არაუმეტეს სამი გაკვეთილის ჩატარება. გაკვეთილების ხანგრძლივობა კი უნდა იყოს: I-IV კლასებში – 15-20 წუთი; V-IX კლასებში – 25-30 წუთი; X-XII კლასებში – 35-40 წუთი.

ამასთან, რეკომენდებულია დაგეგმილი გაკვეთილი შეიცავდეს სხვადასხვა ინტერაქტიულ ტექნიკას, მათ შორის, 10-15-წუთიან შესვენებას ფიზიკური აქტივობით. პერიოდულად შეიძლება ჩატარდეს თვალის ვარჯიში, მაგალითად, ეკრანიდან მზერის გადატანა შორს მდებარე საგანზე ან თვალის რამდენჯერმე დახამხამება და ა.შ. 

სკოლამ უნდა იზრუნოს იმის თაობაზე, რომ არც ერთი მოსწავლე არ აღმოჩნდეს დისტანციური სასწავლო პროცესის მიღმა და არ ჩამორჩეს თანაკლასელებს სწავლაში.  

საგანმანათლებლო დაწესებულება ასევე ვალდებულია უზრუნველყოს I-IV კლასების მოსწავლეთა გაკვეთილებზე მაქსიმალური დასწრება.  

მინისტრი ყველა სკოლას მოუწოდებს და ავალდებულებს თითოეული მოსწავლის ინტერესების, მათი პირადი მონაცემებისა და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვას.

პანდემიის პირობებში სკოლის ადმინისტრაციას შეუძლია შერეული სწავლების საკუთარი მოდელი დანერგოს (ე.წ. ჰიბრიდული მოდელი, რაც გულისხმობს სწავლას როგორც საკლასო ოთახებში, ასევე დისტანციურად), მაგრამ I-IVკლასის  მოსწავლეებისთვის გაკვეთილების სასკოლო სივრცეში ჩატარება სავალდებულოა. 

V-VI კლასებში დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება კვირაში მაქსიმუმ 1 დღე, VII–XI კლასებში – მაქსიმუმ 2 დღე, ხოლო XII კლასში – მაქსიმუმ 3 დღე.

შერეული სწავლების მოდელი სკოლის ადმინისტრაციამ განათლების სამინისტროსთან და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრთან უნდა შეათანხმოს.

სკოლებს ასევე შეუძლიათ თავად განსაზღვრონ გაკვეთილების ხანგრძლივობა (მინიმუმ 30 წუთი) და საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო უფროსი, საშუალი და დაბალი კლასებისთვის (08:30, 08:45 ან 09:00).

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 2 მარტიდან შეწყდა.

322
თემები:
განათლება საქართველოში (317)
მცხეთის სასამართლო – შაქარაშვილის მკვლელობის საქმე

შაქარაშვილის მკვლელობის საქმე: გაფორმდება თუ არა საპროცესო შეთანხმება

8
(განახლებულია 14:18 25.09.2020)
იმ შემთხვევაში, თუ დაკავებულები ბრალს აღიარებენ, ბრალდების მხარემ შეიძლება საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადოს

თბილისი, 25 სექტემბერი  — Sputnik.  პროკურორი გიორგი მუკმანიანი არ გამორიცხავს 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა ნაწილთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. 

რეზონანსულ საქმეზე 17 პირი გადის, მათ შორის ექვსი არასრულწლოვანია. ნაწილს ბრალი ედება ჯგუფურ ძალადობაში, ნაწილს - დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში.

პროკურორის თქმით, ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება აღიარების სანაცვლოდ  შეიძლება გაფორმდეს.

 „საპროცესო შეთანხმება – მოლაპარაკებების საგანია და მისი აუცილებელი პირობა დანაშაულის აღიარებაა. მოლაპარალებების წარმოების უფლება ბრალდებულს აქვს. შესაბამისად, მათ შეუძლიათ ბრალდების მხარეს მიმართონ და ჩვენ მას განვიხილავთ“, განაცხადა მუკბანიანმა ტელეკომპანია Rustavi 2-ის ეთერში.

19 წლის ფეხბურთელის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის წყალში დაიხრჩო, თუმცა ცხედარზე უამრავი დაზიანებაა, რომელიც სიცოცხლეშია მიყენებული. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა შაქარაშვილი ჯერ სცემეს, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს.

ამ შემთხვევას წინ უსწრებდა ჩხუბის ორი ეპიზოდი – ერთი მცხეთაში და მეორე თბილისი–მცხეთის გზაზე.

8
თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე
ნადირობა

საქართველოში  უკანონო ნადირობის 304 შემთხვევა გამოვლინდა

52
(განახლებულია 13:20 25.09.2020)
უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი-230  შემთხვევა დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა.

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. ნადირობის სეზონის გახსნიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით უკანონო ნადირობის 304 ფაქტი გამოვლინდა, იუწყება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. 

საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს გაიხსნა. არემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ნადირობის სეზონის ფარგლებში ნადირობის წესების დარღვევის გამოვლენისა და უკანონო ნადირობის აღკვეთის მიზნით საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ.

უწყების ცნობით, უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 230  შემთხვევა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა.  რაც შეეხება დედაქალაქს, აქ სამი ფაქტი დაფიქსირდა.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთში უკანონო ნადირობის 21, აღმოსავლეთ რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე-18, აჭარასა და გურიაში-14, სამეგრელო -ზემო სვანეთში-7. ქვემო ქართლში-6, კახეთში კი 5 ფაქტი გამოავლინეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სპეციალისტებმა შემოწმების დროს 279 ხელნაკეთი მოწყობილობა ე.წ. „მანოკი“ ამოიღეს. გარდა ამისა, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 20 შემთხვევაში სამართალდამრღვევები დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე ნადირობდნენ, 12 მონადირეს კი დაურეგისტრირებელი იარაღი აღმოაჩნდა. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ცხელ ხაზს“ – 153 (ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა მყისიერად მოხდეს კანონდარღვევაზე რეაგირება.

საქართველოში ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა ცალკეულ სახეობებზე დაწესებულია ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები.

ნადირობის დროს იკრძალება მცენარეული საფარის დაწვა, გარეული ფრინველის კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება, ცხოველთა მასობრივი მოპოვებისთვის სხვადასხვა მოწყობილობის გამოყენება, ნადირობა თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან.

ნადირობა ასევე აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

52
თემები:
ჩვენ და ბუნება