ეკატერინე ტიკარაძე

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საარჩევნო პროცესი რისკის წინაშე არ აღმოჩნდეს“ ტიკარაძე

67
(განახლებულია 17:24 09.09.2020)
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან და ცესკოსთან ერთად მიმდინარეობს.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროც და ეპიდემიოლოგებიც პირობას დებენ, რომ მაქსიმალურად მომზადებული იქნებიან იმისთვის, რათა საარჩევნო პროცესი რისკის ქვეშ არ აღმოჩნდეს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. 

ბოლო ორი დღის განმავლობაში საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად შეიცვალა – დღე-ღამეში ქვეყანაში ინფიცირების 45 და 44 შემთხვევა გამოვლინდა. ამის გამო მთავრობამ გარკვეული შეზღუდვებისა და აკრძალვების შემოღების გადაწყვეტილება მიიღო.

ტიკარაძის თქმით, არჩევნების სრულყოფილად ჩატარების მიმართულებით მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან და ცესკოსთან ერთად მიმდინარეობს.

„ჩვენ, ჯანდაცვის სამინისტრო და ეპიდემიოლოგები ვიქნებით მაქსიმალურად მოქნილი, რათა საარჩევნო პროცესს არ შეექმნას რაიმე რისკი და ყველა მოქალაქემ შეძლოს დააფიქსიროს თავისი სურვილი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი მთავრობა და ხელისუფლება წარმოუდგენია შემდეგი 4 წლის განმავლობაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს არის დანიშნული. ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს – 120-ს პარტიული სიებით, ხოლო 30-ს – ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%-ს შეადგენს. ცესკოს მონაცემებით, ხმის მიცემის უფლება აქვს საქართველოს 3 501 931 მოქალაქეს როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

67
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (160)
ტესტირება კორონავირუსზე

უსიმპტომო პაციენტები 12 დღის შემდეგ ტესტის გარეშე გამოჯანმრთელებულად ჩაითვლებიან

17
გაბუნიას თქმით, ჯანმომ განაცხადა, რომ სიმპტომების გამოვლენიდან რვა დღეში ადამიანი გადამდები აღარ არის. მიუხედავად ტესტის პასუხისა, სხვა ადამიანის დაინფიცირების შანსი, პრაქტიკულად, არ არსებობს ან ძალზე მინიმალურია.

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. პირი, რომელსაც დაუდასტურდა კორონავირუსი და ტესტირებიდან 12 დღის შემდეგ სიმპტომები არ აღენიშნება, გამეორებითი ტესტის გარეშე ჩაითვლება გამოჯანმრთელებულად და მას შეუძლია დაუბრუნდეს სოციალურ აქტივობას, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) განაცხადა, რომ სიმპტომების გამოვლენიდან რვა დღეში ადამიანი გადამდები აღარ არის. ტესტის პასუხი შეიძლება დადებითი იყოს, მაგრამ სხვა ადამიანის დაინფიცირების შანსი, პრაქტიკულად, არ არსებობს ან ძალზე მინიმალურია.

„მეთორმეტე დღეს პირი, რომელსაც ტესტირების დღიდან გაუვიდა მეთორმეტე დღე და სიმპტომები არ აღენიშნება, ჩაითვლება, როგორც გამოჯანმრთელებული და მას შეუძლია დაუბრუნდეს სოციალურ აქტივობას, ტესტირების, პოლიმელაზურ-ჯაჭვური ტესტის განმეორებით ჩატარების გარეშე“, – აღნიშნა გაბუნიამ.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც სიმპტომები აღენიშნებათ და მოთავსებული არიან საავადმყოფოებში, გამოჯანმრთელებამდე მინიმალური ხანგრძლივობა არის 13 დღე. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, აქედან 10 დღე სიმპტომების პერიოდი და სამი დღე – უსიმპტომო.

„ეპიდემიური რისკების თვალსაზრისით, ასეთი პაციენტებიც მეთოთხმეტე, მეთხუთმეტე დღიდან, თუ სამი დღე არის სიმპტომებისგან თავისუფალი, ითვლება, რომ აღარ წარმოადგენენ რისკს“, – განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 31–მდე გაიზარდა>>

საქართველოში ბოლო პერიოდში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო დღე-ღამეში მათი რაოდენობა 298-ით გაიზარდა და 5552-ს მიაღწია, სულ გამოჯანმრთელდა  2054  ადამიანი, გარდაიცვალა 31 პაციენტი.

17
თემები:
COVID-19 საქართველოში
ბათუმი

აჭარა კვლავ „ლიდერია": კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით

16
(განახლებულია 12:11 28.09.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 298-ით გაიზარდა და 5552-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა  2054  ადამიანი, გარდაიცვალა 31 პაციენტი.

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევიდან 175 აჭარას უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ.   

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, მაჩვენებლები ასეთია:  32 – იმერეთი, 32 – თბილისი, 16 – გურია, 14 – სამეგრელო–ზემო სვანეთი, 11– სამცხე–ჯავახეთი, 7 – ქვემო ქართლი, 4 – კახეთი, 1 – შიდა ქართლი.

ენდელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირებული პაციენტიდან 25-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მათგან 22 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში სულ 29  პაციენტი მკურნალობს, მათგან ორი მძიმე და ერთი კრიტიკული  პაციენტია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 298-ით გაიზარდა და 5552-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 2054  ადამიანი, გარდაიცვალა 31 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

16
თემები:
COVID-19 საქართველოში
ალექსანდრ ლუკაშენკო

„საკუთარ საქმეებს მიხედე“ - ლუკაშენკო ემანუელ მაკრონს პასუხობს

0
(განახლებულია 12:02 28.09.2020)
ლუკაშენკოს აზრით, მაკრონი ზედმეტად ბევრ ყურადღებას უთმობს ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს ქალს, რამაც შეიძლება ოჯახში შეუქმნას პრობლემები

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. აქეთ–იქით ცქერას სჯობს, საკუთარი ქვეყნის საშინაო საქმეებით დაკავდეთ, მიმართა ალექსანდრ ლუკაშენკომ საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, რომელმაც მანამდე ბელარუსის ლიდერს პოსტიდან წასვლა ურჩია. 

აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია ლუკაშენკოს პრესმდივანმა ნატალია ეისმონტმა გაავრცელა.

„როგორც გამოცდილმა პოლიტიკოსმა უმწიფარს, მსურს ვურჩიო ბატონ მაკრონს, ნაკლებად იყუროს აქეთ–იქით და ამის ნაცვლად, ბოლოს და ბოლოს, საფრანგეთის საშინაო საქმეებით დაკავდეს. იმ პრობლემების გადაჭრა მაინც დაიწყოს, რომლებიც ქვეყანაში დაგროვდა“, — ციტირებს ეისმონტი ბელარუსის პრეზიდენტის სიტყვებს.

გარდა ამისა, ლუკაშენკომ მაკრონს ურჩია, თავად დატოვოს პოსტი საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო.

„თავად საფრანგეთის პრეზიდენტი, მისივე ლოგიკით, ჯერ კიდევ ორი წლის წინ უნდა გადამდგარიყო, როდესაც პარიზის ქუჩებში „ყვითელმა ჟილეტებმა“ დაიწყეს გამოსვლა“, — აცხადებს ლუკაშენკო.

როგორც ბელარუსის პრეზიდენტი ამბობს, „წლები გადის, „ყვითელი ჟილეტები“ ისევ ქუჩაში არიან და ბატონი მაკრონიც, საოცარია, მაგრამ ისევ თანამდებობაზე რჩება“.  

ალექსანდრ ლუკაშენკოს აზრით, მაკრონი ზედმეტად ბევრ ყურადღებას უთმობს ბელარუსის პრეზიდენტობის ერთ–ერთ ექს–კანდიდატს.

  • „იმის გათვალისწინებით, რომ ეს ექს–კანდიდატი ქალბატონია, საფრანგეთის ლიდერი რისკავს, რომ საფრანგეთის შიდა პრობლემებთან ერთად პირადიც მიიღოს — საკუთარ სახლში“, — აცხადებს ლუკაშენკო.

მანამდე ემანუელ მაკრონმა გამოცემა Journal du Dimanche–სთან საუბრისას განაცხადა, რომ აღფრთოვანებულია  ბელარუსების სიმამაცით, „რომლებიც აცნობიერებენ, რა რისკზე მიდიან ყოველ კვირას დემონსტრაციაზე გასვლით, მაგრამ მაინც განაგრძობენ ამის კეთებას, რათა სული შთაბერონ დემოკრატიას, რომელიც ამ ქვეყანაში უკვე დიდი ხანია, ითრგუნება“.

 

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს