ლაბორატორია

თბილისში კორონავირუსი „მედკაპიტალის“ ექიმს დაუდასტურდა

94
(განახლებულია 15:56 09.09.2020)
ბოლო მონაცემებით საქართველოში ახალი კორონავირუსი 1773 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 1325, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 19 ადამიანი.

თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. თბილისში, გამრეკელის ქუჩაზე მდებარე „მედკაპიტალის" პოლიკლინიკის ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიკლინიკის კარდიოლოგს ბათუმში მოგზაურობის ისტორია აქვს. ექიმის ინფიცირებამდე ვირუსი მის ოჯახის წევრსაც დაუდასტურდა. 

პოლიკლინიკის თანამშრომლები – 19 ადამიანი, რომლებსაც ინფიცირებულ კოლეგასთან ჰქონდათ შეხება, თვითიზოლაციასა და საკარანტინო ზონებში იმყოფებიან. ამ დროისათვის დაწესებულებაში ტარდება ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები და კონტაქტების დეტალური მოკვლევა.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი 1773 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 1325, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 19 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

94
თემები:
COVID-19 საქართველოში (1804)
ნათია მეზვრიშვილი

რეგულაციების დარღვევისთვის საქართველოში 10 ათასი  ჯარიმაა გამოწერილი

18
(განახლებულია 08:17 25.09.2020)
ბოლო პერიოდში კორონავირუსის ინფექციის მასობრივი კერები ქორწილებთან, ქელეხებთან და დაბადების დღეებთანაა დაკავშირებული, განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა

თბილისი, 25 სექტემბერი  — Sputnik.  საქართველოში რეგულაციების, მათ შორის დახურულ სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 10 ათასი ჯარიმაა გამოწერილი, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა. 

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დღემდე რიგი შეზღუდვები მოქმედებს, მათ შორისაა რიტუალური და სოციალური ღონისძიებების გამართვა, ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში პირბადის გარეშე ყოფნა, ტაქსით მგზავრობისას ლიმიტი ადამიანების აყვანაზე.

 „სინამდვილეში ორი კატეგორიის ადამიანები არიან. ნაწილი მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას იჩენს და მთავრობის რეკომენდაციები საკმარისია, რომ  წესები დაიცვან. მეორე კატეგორია არ იცავს წესებს და მათთან მიმართებით ჯარიმებს ვიყენებთ. ამ დროისთვის 9–10 ათასამდე ჯარიმაა გამოწერილი. აქედან ნახევარმა უკვე გადაიხადა ჯარიმა“, – განაცხადა მეზვრიშვილმა Palitra TV–ის ეთერში.

ამასთან მან აღნიშნა, რომ რეკომენდაციებისა და შეზღუდვების დაცვა ინფიცირებულთა რაოდენობის კონტროლის საუკეთესო საშუალებაა და დასძინა, რომ საქართველოს კლინიკებში საწოლების  განსაზღვრული რაოდენობაა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განსაკუთრებით აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში კორონავირუსის ინფექციის მასობრივი კერები ქორწილებთან, ქელეხებთან და დაბადების დღეებთანაა დაკავშირებული. 

 „ბოლო დროს გვაქვა ქორწილების, დაბადების დღეების და სხვა მასშტაბური ღონისძიებების დაჯარიმების შემთხვევები და შრომის ინსპექცია აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ მთავრობა სპეციალური დახმარების პაკეტს ამზადებს იმ ადამიანებისთვის, ვინც სხვადასხვა ღონისძიებებს ატარებს და შეზღუდვების შედეგად დაზარალდა, თუმცა, კანონმდებლობით 31 ოქტომბრამდე მისი გაჟღერება არ შეუძლია, რამდენადაც წინასაარჩევნო პერიოდში ეს მოსახლეობის მოსყიდვად ჩაითვლება.

უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის ჯარიმა 20–დან 100 ლარამდეა. თვითიზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის კი  2–დან 10 ათას ლარამდე.

18
თემები:
COVID-19 საქართველოში (1804)
ავტობუსი

აჭარაში 26 სექტემბრიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება იზღუდება

30
(განახლებულია 23:12 24.09.2020)
მიუხედავად რთული ვითარებისა, ხელისუფლება ქვეყანაში და, კერძოდ, ბათუმში საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის გამოცხადებას არ გეგმავს.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik.  აჭარაში 26 სექტემბრიდან საქალაქთაშორისო  ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ. 

ეპიდემიოლოგებმა აჭარას COVID-19-ის გავრცელების თვალსაზრისით „წითელი ზონა“ უკვე უწოდეს – ბოლო 24 საათში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში გამოვლინდა. რეგიონში სულ ინფიცირების ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა. 

აჭარა COVID-19-ის გავრცელების ეპიცენტრად ზაფხულში დამსვენებლების გაზრდილი ნაკადის გამო იქცა. მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან აჭარაში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, რესტორნები ღამის საათებში არ იმუშავებენ. რაც შეეხება 1 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესის სკოლებში განახლებას, რეგიონი გამონაკლისი აღმოჩნდა – სასწავლო პროცესი ყველა საფეხურზე დისტანციურად გაგრძელდება.

გაბუნიას განცხადებით, სასწავლო პროცესის განახლება და ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა მაშინ მოხდება, როდესაც რეგიონში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასტაბილურდება. შეზღუდვები არის ბაზისური, რომელიც მობილობას გარკვეულწილად შეამცირებს, რაც აისახება ეპიდემიის გავრცელებაზე და სტაბილიზაციის ეფექტს მოგვცემს, აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. 

„სწორედ სოციალურ შეკრებებზე ხდება წესების დარღვევა. ამან შეიძლება მინიმლური დისკომფორტი გამოიწვიოს. სრულად დაკეტვის რისკი მაშინ დადგება, როცა ეპიდემია უკონტროლო ხასიათს მიიღებს. ტაქსით  მგზავრობა უფრო კონტროლირებადია, ვიდრე საზოგადოებრივ ტრანსპორტით",- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 259-ით გაიზარდა და 4399-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1705 ადამიანი, გარდაიცვალა 26 პაციენტი.

მიუხედავად რთული ვითარებისა, ხელისუფლება ქვეყანაში და, კერძოდ, ბათუმში საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის გამოცხადებას არ გეგმავს.

ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, მეორე ლოკდაუნი არ იქნება, რადგან ეკონომიკა ასეთ რყევას ვეღარ გაუძლებს და ამ ეტაპზე გარკვეული შეზღუდვებით შემოიფარგლება.

30
თემები:
COVID-19 საქართველოში (1804)