აჭარა „წითელ ზონად“ გამოცხადდება? ვირუსის ახალი კერები რეგიონში

გამოწერა
აჭარაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ქობულეთსა და ბათუმში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ორ შემთხვევაში ინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობს, განაცხადა აჭარის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან შავიშვილმა. 

მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
ეზუგბაია: ახალი შემთხვევებიდან 23 აჭარას უკავშირდება

საქართველოში 8 სექტემბერს კორონავირუსით ინფიცირების დღე-ღამური რეკორდული მაჩვენებელი – 45 შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში პირველად მაღალი მაჩვენებელი 17 აპრილს დაფიქსირდა – 34 შემთხვევა. 2 სექტემბერს 38 შემთხვევა გამოვლინდა.

შავიშვილის განცხადებით, ამ დროისათვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 104 პაციენტი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დღეს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი დაუდგინდა ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომელს, რომლის ინფიცირების წყაროს მოკვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს. უწყებამ მოქალაქეთა მიღება დროებით შეაჩერა. ამ დროისათვის მიმდინარეობს შენობის დეზინფექცია, თანამშრომლებს კი კორონავირუსზე ტესტი უტარდებათ.

ბათუმში ვირუსის კიდევ ერთი კერა ე.წ. ხოფის ბაზრობაა, სადაც კორონავირუსი სამ მოვაჭრეს დაუდასტურდა. ამჟამად აღნიშნული ბაზრობა დაკეტილია და მიმდინარეობს იქ დასაქმებული პირების ტესტირება. 

ტესტირება - Sputnik საქართველო
COVID-19 აჭარაში: ვირუსი მასწავლებელს და „ხოფის ბაზრობის“ მოვაჭრეს დაუდგინდა

COVID-19 ასევე დაუდგინდა ბათუმის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ თანამშრომელს. აღნიშნული პირი მოთავსებულია სტაციონარულ დაწესებულებაში. დეპარტამენტის თანამშრომლებს უტარდებათ PCR–ტესტირება, ხოლო შენობაში განხორციელდება დეზინფექცია.

დღეს გამოვლენილ ინფიცირებულთა შორისაა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ძმაც, რომელსაც კავშირი ჰქონდა საკონდიტრო მაღაზია „დონასთან''.

„ინფიცირების დანარჩენი შემთხვევები უკვე დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტს წარმოადგენს – ნაწილი თვითიზოლაციაში, ნაწილი კი საკარანტინო სივრცეში მყოფი პირებია, რომელთაც ვირუსი დაუდგინდათ", – განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.

გარდა ამისა, გუშინ ბათუმში კორონავირუსი პედაგოგს დაუფიქსირდა, რომელსაც შეხება ჰქონდა ორ სასწავლო დაწესებულებასთან.

აჭარაში ზაფხულის სეზონზე კორონავირუსის შემთხვევების მომატებული რაოდენობა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა შორის არასრულწლოვნებიც არიან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, რეგიონში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ქობულეთსა და ბათუმში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1729-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1321 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0