დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

ბათუმის კლასტერი სამეგრელოში: მარტვილში და–ძმას კორონავირუსი დაუდგინდა

116
(განახლებულია 13:05 09.09.2020)
ამ დროისათვის ახალგაზრდები რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში არიან გადაყვანილი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. მარტვილის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი ოჯახის წევრებს დაუდასტურდათ, 13 და 19 წლის და-ძმას აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ბათუმიდან 30 აგვისტოს დაბრუნდნენ, 6 სექტემბერს კი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდათ. 

ამ დროისათვის ახალგაზრდები რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში არიან გადაყვანილი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც სამეგრელო–ზემო სვანეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის წარმომადგენელმა განაცხადა, ამ წუთებში ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირების დასადგენად ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

რაც შეეხება რუხის კლინიკას, ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსის დიაგნოზით რვა პაციენტი მკურნალობს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„კლინიკაში მკურნალობას რვა კოვიდ–ინფიცირებული გადის. მათგან ექვსი ახალი შემთხვევაა. ოთხის ინფიცირების წყარო გურიაა, ერთი სენაკს ეკუთვნის, ერთი კი ქუთაისს. ინფიცირებულთა შორის ორი არასრულწლოვანია. რაც შეეხება ახალი პაციენტების ზოგად მდგომარეობას, ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური, საშუალო სიმძიმისაა. ორ პაციენტთან დაკავშირებით დამატებითი კვლევები დღეს არის დაგეგმილი“, – განაცხადა კლინიკის ექიმმა მაია ჯანაშიამ.

გამყრელიძე: საქართველო ჯერჯერობით „მწვანე ზონაში“ რჩება>>>

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 1729 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 1321, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 19 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

116
თემები:
COVID-19 საქართველოში (1758)
ცესკოს შენობა

როგორ ჩატარდება არჩევნები კორონავირუსის პანდემიის პირობებში ცესკომ წესები დაადგინა

5
(განახლებულია 16:20 21.09.2020)
ცესკოს დადგენილებით რეგულირდება კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენებისა და სხვა წესები.

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ცესკომ (ცენტრალური საარჩევნო კომისია) საპარლამენტო არჩევნების დღისთვის, მსოფლიოსა და ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიიდან გამომდინარე, ეპიდემიური პროტოკოლი შეიმუშავა, რომელიც განსაზღვრავს ამომრჩევლებისა და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისა და ჩართული მხარეების სანიტარიულ–ჰიგიენურ წესებს კენჭისყრის პერიოდში.

ეთიკა პოლიტიკოსებისთვის - ცესკომ პარტიებს სპეციალური კოდექსი შეუდგინა>>

ცესკომ მიიღო დადგენილება, რომლითაც რეგულირდება კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენების, საარჩევნო უბანზე უფლებამოსილი პირის სხვა პირით ჩანაცვლების წესები.

თერმოსკრინინგის გავლა კენჭისყრის შენობაში შესვლამდე სავალდებულოა როგორც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების, ისე საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის. თუ პირს დაუფიქსირდება 37°С, ან უფრო მეტი ტემპერატურა, ის საარჩევნო უბანზე არ დაიშვება. თუ მაღალი ტემპერატურის გამო კენჭისყრის შენობაში არ იქნა დაშვებული ან კენჭისყრის შენობა დატოვა პარტიის მიერ დანიშნულმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა, პარტიას აქვს უფლება, მის ნაცვლად დაუყონებლივ დანიშნოს საუბნო საარჩევნო კომისიის სხვა წევრი.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები და საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირები შენობაში შესვლამდე ხელებს დადგენილი წესით დაიმუშავებენ და გაიკეთებენ პირბადეს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები დამატებით უზრუნველყოფილი იქნებიან დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით.

ხელის ჩამორთმევისა და გადაკოცნის გარეშე: დეპუტატებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ>>

კენჭისყრის შენობის შესასვლელებთან განთავსებული იქნება დეზობარიერი, ხელის დეზინფექციისთვის საჭირო ხსნარი და ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ. ასევე საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რომ ზედაპირებს, რომლებზეც ხშირად ხდება შეხება, სათანადო წესით ჩაუტარდეს დეზინფექცია (სამ საათში ერთხელ ან დაბინძურების მიხედვით), ხოლო საარჩევნო უბნები შეძლებისდაგვარად განიავდეს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ფარული კენჭისყრის კაბინები ისე მოეწყობა, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები და ამასთან, არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი. 

რაც შეეხება ამომრჩეველს, მათთვის შემდეგი წესები იმოქმედებს:

ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებულია, ეკეთოს პირბადე.

ამომრჩეველს კენჭისყრის პერიოდში პირბადის მოხსნა ორჯერ მოუწევს – იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. პირბადის გამოყენებაზე გამონაკლისი დაშვებული იქნება იმ პირებისთვის ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, ამ შემთხვევაში აღნიშნულმა პირმა სამედიცინო ცნობა უნდა წარადგინოს.

საარჩევნო კომისიების კონკურსებში მონაწილე კონკურსანტებს COVID-19 დაუდასტურდა>>

ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში უზრუნველყოფილი იქნება ინდივიდუალური კალმისტრით, რომელიც ხმის მიცემის შემდეგ უნდა განათავსოს კალმისტრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში და დროულად დატოვოს საარჩევნო უბანი.

სანიტარიულ–ჰიგიენურ წესები საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლების, საარჩევნო კომისიების წევრებისა და ჩართული მხარეებისთვის შეიმუშავა სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.

საარჩევნო ადმინისტრაცია იზრუნებს, რომ ამომრჩევლებს და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია დადგენილებით განსაზღვრული სანიტარულ-ჰიგიენური პროცედურების შესახებ. ამისთვის ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიაა დაგეგმილი.

„ცესკო აგრძელებს საქმიანობას პანდემიის პირობებში არჩევნების პროფესიულ დონეზე ორგანიზებისთვის და კენჭისყრის დღეს ყველასათვის უზრუნველყოფს თავისუფალ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს“, – აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული.

5
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
პატრული

შსს-ს 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, მათგან 10 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა

18
(განახლებულია 15:29 21.09.2020)
უწყების ცნობით, შესაბამისი დანაყოფების ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, თვითიზოლაციაში იმყოფებიან – თითოეულ მათგანს PCR-ტესტი ჩაუტარდათ.

თბილისი, 21 სექტემბერი  — Sputnik.  ბოლო 24 საათში კორონავირუსი  შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 13 თანამშრომელს დაუდასტურდა,  მათგან 10 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გავრცელებული ინფორმაციით, ორი შემთხვევა დაფიქსირებულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტში,  ერთი შემთხვევა გამოვლინდა შსს–ს  თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ერთი შემთხვევა დაფიქსირდა დაცვის პოლიციის სამმართველოში. კორონავირუსი დაუდასტურდა სამეგრელოში განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს თანამშრომელსაც.

რაც შეეხება აჭარას,  ინფიცირების სამი შემთხვევა დადასტურდა  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სახაზო სამსახურში, ერთი ფაქტი დადასტურდა ბათუმის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ერთი შემთხვევა გამოვლინდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, ერთი შემთხვევა დაფიქსირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამსახურში და ორი შემთხვევა გამოვლინდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აჭარის სამმართველოში. 

„შენობებში, სადაც აღნიშნული პირები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, სრული დეზინფექცია ჩატარდა. 13-ვე თანამშრომელს უტარდება შესაბამისი მკურნალობა. მათი მდგომარეობა სტაბილურია“,- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, შესაბამისი დანაყოფების ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, თვითიზოლაციაში იმყოფებიან – თითოეულ მათგანს PCR-ტესტი ჩაუტარდათ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 193-ით გაიზარდა და 3695-ს მიაღწია. ინფიცირების შემთხვევებიდან 92 აჭარას უკავშირდება.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1534 ადამიანი. გარდაიცვალა 20. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4988, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

18
თემები:
COVID-19 საქართველოში (1758)