„პისიარ“ ტესტირება

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები კვლავ გამოვლინდა

1176
(განახლებულია 10:45 07.09.2020)
გასულ დღე-ღამეში ბათუმის ბულვარში მდებარე სამ კარავში უფასო PCR-ტესტირება კიდევ 1800-მა ადამიანმა ჩაიტარა

თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 29 ახალი შემთხვევიდან 12 აჭარაში გამოვლინდა, განაცხადა აჭარის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან შავიშვილმა.

როგორც შავიშვილმა აღნიშნა, ერთ-ერთი ახალი შემთხვევა ბათუმში კაფე-საკონდიტრო „დონას“ კლასტერს უკავშირდება, კიდევ სამი - ძველი შემთხვევების კონტაქტებია.

„დანარჩენები შემთხვევები გამოვლენილია პოლიკლინიკასა და ბულვარში, აგრეთვე ცხელების ცენტრში. ესენი თვითდინებით არიან მისულები, მათი პირველწყაროები ამ ეტაპზე უცნობია. მიმდინარეობს ეპიდკვლევა“, – განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.

მისი თქმით, ბათუმში მდებარე კარვებში PCR-ტესტის ჩატარების მსურველთა ნაკადი შემცირდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 1 800 ტესტი.

რაც შეეხება აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, სადაც კორონავირუსი ერთ თანამშრომელს დაუდგინდა, ტესტირება ტელევიზიაში ჯერჯერობით არ დასრულებულა.

საქართველოში 2 სექტემბერს კორონავირუსით ინფიცირების დღე-ღამური რეკორდული მაჩვენებელი - 38 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 22 შემთხვევა დადასტურდა ინფიცირების ერთ ჯაჭვში - ბათუმში მდებარე საკონდიტრო „დონაში“.

1176
თემები:
COVID-19 საქართველოში (1819)
ადამიანები პირბადეებით

როდის მოხვდება საქართველო ნარინჯისფერ ან წითელ ზონაში: თამარ გაბუნიას განმარტება

39
(განახლებულია 20:21 26.09.2020)
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოს სტატუსი რომ შეიცვალოს, ძალიან ბევრი ახალი შემთხვევა უნდა დაფიქსირდეს ინციდენტობის კუთხით

თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. საქართველო კორონავირუსის გავრცელების კუთხით კვლავ მწვანე ზონაში რჩება და ქვეყნისთვის ნარინჯისფერი და წითელი ზონა დაიწყება მას შემდეგ, თუ შემთხვევების რაოდენობა დღეში 500-დან 700-მდე გახდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა ამ ნიშნულამდე არასდროს არ მივა.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 60 პაციენტი. დღესვე კორონავირუსით გარდაიცვალა 28-ე პაციენტი.

მისი განმარტებით, საქართველო გლობალურ შკალაზე კვლავაც დაბალი რისკის ქვეყანაა.

„რაც შეეხება ქვეყნის სტატუსს, გლობალური მაჩვენებლის თანახმად, დღეს ინციდენტობის (ანუ ახალი შემთხვევების) საშუალო მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე არის დაახლოებით 19. ითვლება, რომ ამ ნიშნულის ქვემოთ ქვეყნები არის დაბალი რისკის მატარებელი და ამის ზემოთ არის მაღალი რისკის მატარებელი. საქართველოს ორი კვირის ჯამური ინციდენტობის მაჩვენებელი 5,5 ერთეულია, რაც კვლავაც ქვედა ზღვარია გლობალურ შკალაზე და პირობითად ფასდება როგორც მუქი მწვანე ზონა (10-ზე ნაკლები 100 000 მოსახლეზე)“, - განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველოს სტატუსი რომ შეიცვალოს, ძალიან ბევრი ახალი შემთხვევა უნდა დაფიქსირდეს ინციდენტობის კუთხით, რომ ქვეყანა გადაცდეს გლობალურ საშუალოს.

მისივე განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა კვლავ მაღალია ბათუმში, თუმცა აჭარიდან სხვა რეგიონებში ინფექციის ფართო გავრცელების სურათი არ შეინიშნება.

საქართველოს მასშტაბით ახალი კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 4960-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1819 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5584, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 781 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

39
თემები:
COVID-19 საქართველოში (1819)
ღამის კლუბი ბათუმში

„დაგვიბრუნეთ სამსახურები“, „გახსენით სკოლები“ - ბათუმში დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს

76
(განახლებულია 19:05 26.09.2020)
დღეიდან აჭარაში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, რესტორნები ღამის საათებში არ იმუშავებენ. რეგიონში სასწავლო პროცესი ყველა საფეხურზე დისტანციურად გაგრძელდება.

თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. ბათუმში, ევროპის მოედანზე მოქალაქეთა ნაწილმა რეგიონში ეპიდსიტუაციის გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აჭარა COVID-19-ის გავრცელების ეპიცენტრად ზაფხულში დამსვენებლების გაზრდილი ნაკადის გამო იქცა. მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან აჭარაში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, რესტორნები ღამის საათებში არ იმუშავებენ. რაც შეეხება 1 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესის სკოლებში განახლებას, რეგიონი გამონაკლისი აღმოჩნდა – აქ სასწავლო პროცესი ყველა საფეხურზე დისტანციურად გაგრძელდება.

„გახსენით სკოლები“, „აღადგინეთ ფრენები“, „დაგვიბრუნეთ სამსახურები“, „გახსენით სამორინეები“, – ამ და სხვა შინაარსის ლოზუნგებით აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ შეზღუდვების გამო მათ ფაქტობრივად დაკარგეს სამსახურები და უმუშევრობა უფრო მეტ საფრთხეს უქმნის, ვიდრე ვირუსი.

აქციის მონაწილეთა შორის დიდი ნაწილი რესტორნებისა და სამორინეების თანამშრომლები იყვნენ.

„ვმუშაობდი რესტორანში მუსიკოსად, ათი საათის მერე რომ აიკრძალა მუშაობა, ფაქტობრივად დავრჩი სამსახურის გარეშე. რომც იყოს სამუშაო, როგორ უნდა მივიდე, ტრანსპორტი არაა, ტაქსის ფული რომ მქონდეს, რაღად მინდა სამსახური. რა მნიშვნელობა აქვს, უმუშევრობა უფრო მეტ საფრთხეს მიქმნის, ვიდრე „კოვიდი“, უკვე მეორედ დავრჩი უმუშევარი“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეთა ნაწილი იღებს 200-ლარიან კომპენსაციას, თუმცა ისინი ამბობენ, რომ ეს ბანკის ვალების დასაფარადაც არ არის საკმარისი. ისინი პროცენტის შემცირებასა და კვლავ საშეღავათო პერიოდს ითხოვენ.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან აჭარაში - 166. აჭარაში დიდი ხანია კლასტერებს აღარ ითვლიან. დღეს საქართველოში კორონავირუსით 28-ე პაციენტი გარდაიცვალა. ის ბათუმიდან იყო.

რეგიონის რვა კლინიკაში 484 პირი მკურნალობს, კოვიდსასტუმროებში რჩება 902 ინფიცირებული, ბინაზე კი 350 პაციენტი მკურნალობს. ინფიცირებულთაგან 100-მდე არასრულწლოვანია. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკებში თავისუფალია 92 ადგილი.

ბათუმში სამმა კოვიდინფიცირებულმა იმშობიარა: აღმოაჩნდათ თუ არა ვირუსი ჩვილებს >>

საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 4960-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1819 ადამიანი, გარდაიცვალა – 28, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5584, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 781 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

76
თემები:
COVID-19 საქართველოში (1819)