კორონავირუსზე ტესტირება

ბათუმში „საქართველოს ბანკის" ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

76
(განახლებულია 17:02 04.09.2020)
საქართველოში 2 სექტემბერს კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 38 შემთხვევა. მათგან 22 ბათუმში არსებულ საკონდიტრო მაღაზია „დონას" უკავშირდება.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში „საქართველოს ბანკის" ორი თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირების წყარო საკონდიტრო მაღაზია „დონაა", აცნობეს „Sputnik-საქართველოს" „საქართველოს ბანკში".

ბანკის თანამშრომლებს ვირუსი გუშინ დაუდგინდათ. ინფიცირებულები „სოლო ლაუნჯის" თანამშრომლები არიან.

საქართველოში 2 სექტემბერს კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 38 შემთხვევა. მათგან 22 ბათუმში არსებულ საკონდიტრო მაღაზია „დონას" უკავშირდება. ამ დროისთვის მაღაზია „დონა" დროებით დაკეტილია, თანამშრომლები კი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

„ჩვენი ორი თანამშრომელი საკონდიტრო „დონაში" იმყოფებოდა და, სამწუხაროდ, COVID-19 დაუდგინდათ. ჩვენ ვაგრძელებთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ყველა ნორმის დაცვას და აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ჯანდაცვის სამინისტროსთან. მათთან ერთად ვმოქმედებთ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად. ბათუმში ბოლო დროს გახშირებული შემთხვევებიდან გამომდინარე, ჩვენ აქტიურად დავიწყეთ ჩვენი თანამშრომლების ტესტირება", – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 1596 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 1294, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 19 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6250, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 289 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

76
თემები:
COVID-19 საქართველოში (1789)
რთველი

რთველი 2020: ფერმერებმა 148,3 ათასი ტონა ყურძენი ჩააბარეს

1
(განახლებულია 08:08 24.09.2020)
საქართველოს მთავრობამ წელს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა.

თბილისი, 24 სექტემბერი  — Sputnik.  საქართველოში „რთველი 2020“–ის ფარგლებში ამ დროისთვის  დაახლოებით 148,3 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო. 

კახეთში ყურძნის მოსავლის აღების სეზონი 22 აგვისტოს დაიწყო. გადამუშავების პროცესში 60–ზე მეტი ღვინის საწარმოა ჩართული.  ამ დროისთვის ჩაბარებული ყურძნის ღირებულებამ დაახლოებით 148,2 მლნ ლარი შეადგინა.

საქართველოს მთავრობამ წელს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა.

სუბსიდიას მიიღებენ ის კომპანიები, რომლებიც შეისყიდიან და გადაამუშავებენ ამ ჯიშების სულ ცოტა 1 ათას ტონა ყურძენს. ამასთან, ღვინის ქარხნებს დადგენილი აქვთ ერთი კილოგრამი ყურძნის ფასი – არანაკლებ 80 თეთრისა. სახელმწიფოს სუბსიდია ერთ კილოგრამზე 30 თეთრს შეადგენს.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე გადამუშავებულია 109,6 ათასი ტონა „რქაწითელი”, 32 ათასი ტონა  „საფერავი”, 2,3 ათასი ტონა „კახური მწვანე”, 125,1 ტონა „ალექსანდროული–მუჯურული“ და 4,1 ათასი ტონა სხვა ჯიშის ყურძენი.

1
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საკლასო ოთახი

საქართველოში სკოლები იხურება - ოზურგეთში კორონავირუსი პედაგოგს დაუდგინდა

233
ლაითურში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ეპიდკვლევა. ბოლო მონაცემებით, გურიაში ჯამში კორონავირუსის 68 შემთხვევაა დადასტურებული

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში პედაგოგის დაინფიცირების გამო საჯარო სკოლამ დროებით შეწყვიტა სასწავლო პროცესი და ორი კვირით სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ლაითურში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ეპიდკვლევა. ბოლო მონაცემებით, გურიაში ჯამში კორონავირუსის 68 შემთხვევაა დადასტურებული.

საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 227-ით გაიზარდა.

დღეს თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ თუ მომდევნო დღეებში ინფიცირებულთა რაოდენობა 200-ის ფარგლებში იქნება, სკოლებსა და ბაღებში სწავლა 1 ოქტომბერს განახლდება. იმ შემთხვევაში კი, თუ ინფიცირებულთა რიცხვი 200-ს გადასცდება, სასწავლო პროცესი ორი კვირით გადაიდება, თუმცა, ცერცვაძის თქმით, ამ ვერსიაზე საუბარი საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე არ მიმდინარეობს.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სკოლაში სწავლა 2 მარტს შეწყდა, მეცადინეობები დისტანციურად წარიმართა. სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ქვეყნის რიგი ქალაქების – თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ქობულეთის, ფოთის, რუსთავის, ზუგდიდის, გორის, ასევე კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის ზოგიერთი სოფლის სკოლებში სწავლა ორი კვირის განმავლობაში, 1 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება. ქვეყნის მასშტაბით არსებულ დანარჩენ სასწავლო დაწესებულებაში სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში დაიწყო.

სასწავლო პროცესის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 21 სექტემბერს კორონავირუსი დაფიქსირდა ორ სკოლაში - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში და სენაკში. იქ OVID-19 რამდენიმე პედაგოგსა და მოსწავლეს დაუდგინდა. აღნიშნული სკოლები დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 4140 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1643 პაციენტი, გარდაიცვალა 25 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

233
თემები:
COVID-19 საქართველოში (1789)