ამირან გამყრელიძე

გამყრელიძემ საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების მატების მიზეზები დაასახელა

123
(განახლებულია 16:25 02.09.2020)
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრმა ზრდამ ქვეყანაში ახალი შეზღუდვების დაწესების რისკი გააჩინა

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik.  საქართველოში შიდა ტურიზმის გახსნისა და ქვეყანაში მოქალაქეთა მობილობის ზრდის ფონზე COVID-19-ის შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. 

საქართველოში კორონავირუსული ინფექციის შემთხვევათა რეკორდული მაჩვენებელი - დღეში 38 შემთხვევა - დაფიქსირდა. ბოლოს ასეთი მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირებული იყო 16 აპრილს - 34 შემთხვევა.

გამყრელიძის თქმით, ეს რაოდენობა ჯანდაცვის სისტემისთვის კრიტიკული არ არის.

„ჩვენ 34 შემთხვევა აპრილშიც გვქონდა. პრინციპში, ეს პროგნოზირებადი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანაში მობილობა სერიოზულად გაზრდილია. ზაფხულია, ქვეყანაში შიდა ტურიზმი სერიოზულად არის გაზრდილი. 38 შემთხვევა იქნება, 25, 30 თუ 50, ეს არ წარმოადგენს დიდ ტვირთს ჯანდაცვის სისტემისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის განმარტებით, ამ ეტაპზე ვითარება სრულად მართვადი და კონტროლირებადია, მაგრამ ეს არ არის თვითდამშვიდებისა და იმის ილუზიის შექმნის საფუძველი, რომ ქართველებმა კორონავირუსი დაამარცხეს.

„არ დაგვიმარცხებია. ინფექცია ცირკულირებს ქვეყანაში, ამას ბევრი კვლევა და დაკვირვება ადასტურებს და თუ არ დავიცავთ ელემენტარულ რეკომენდაციებს, მაშინ ფართომასშტაბიანი გავრცელების საშიშროება დადგება“, - ხაზი გაუსვა მან.

დაწესდება თუ არა  ახალი შეზღუდვები?

როგორც გამყრელიძემ განმარტა, ქვეყანაში ახალი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება. მისი თქმით, მიუხედავად ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატებისა, საგანგაშო არაფერია და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„დიდი ალბათობით, ქვეყანაში არავითარი მკაცრი შეზღუდვები არ იქნება, ეს არა მარტო ჩვენი, არამედ საერთაშორისო პოლიტიკაცაა“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში PCR-ტესტი 386 ათას ადამიანს ჩაუტარდა.  ასევე მიმდინარეობს სწრაფი, ანტიგენზე და ანტისხეულებზე დამყარებული ტესტების გამოყენება - იგი 151 ათასმა ადამიანმა ჩაიტარა.

გამყრელიძემ ქვეყანაში ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ. მისი აზრით, კორონავირუსის ინფექცია წელიწადზე მეტხანს გაგრძელდება. ამიტომ ხალხი ამ ვირუსთან ერთად ცხოვრებას უნდა შეეჩვიოს, აღნიშნა მან.

„გთხოვთ და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ მოვეშვებით. ქალაქში, თუ სხვაგან ვხედავთ, რომ ადამიანები უკვე ტრანსპორტში ნაკლებად იცავენ წესრიგს, ნაკლებად დადიან პირბადით, ასევე დახურულ შენობებში. ისევ და ისევ ადგილი აქვს დიდ თავყრილობებს სხვადასხვა მიზეზით“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

როდის მიიღებს საქართველო ვაქცინას?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ უკვე გააკეთა განაცხადი ვაქცინის გლობალურ ალიანსში. ხელისუფლებამ ვაქცინა დაახლოებით  700 ათასი ადამიანისთვის შეუკვეთა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 20%-ია.

„18 სექტემბერს ხელშეკრულება უკვე გაფორმდება  და 8 ოქტომბრამდე გადაირიცხება პირველი შენატანი, რაც გარანტია იქნება იმის, რომ როდესაც ვაქცინა სხვადასხვა მარეგულირებელი ორგანიზაციებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცდება, ის ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი მოსახლეობისთვისაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, რისკ-ჯგუფებისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

123
თემები:
COVID-19 საქართველოში (1832)
თბილისი

ამირან გამყრელიძე: თბილისში კორონავირუსის ინფექცია აქტიურად არ ცირკულირებს

11
(განახლებულია 14:41 28.09.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 298-ით გაიზარდა და 5552-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა  2054  ადამიანი, გარდაიცვალა 31 პაციენტი.

 

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik.  ამ დროისთვის თბილისში კორონავირუსის ინფექცია აქტიურად არ ცირკულირებს, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. 

გამყრელიძის განცხადებით, თბილისის იუსტიციის სახლთან კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩასატარებლად მოწყობილ სპეციალურ სივრცეში, რომელიც 23 სექტემბერს გაიხსნა,  PCR–ტესტი 990–მდე ადამიანს ჩაუტარდა და პასუხი მხოლოდ შვიდ შემთხვევაში იყო დადებითი.

ტესტირების მიზანი თბილისში კორონავისურის ინფექციის გავრცელების ინტენსივობის გაზომვა იყო.

გამყრელიძის განმარტებით, მიუხედავად დღეს არსებული ეპიდვითარებისა,  აჭარის მსგავსად სხვა რეგიონებში კარვების განთავსება არ იგეგმება.

 „თბილისში იუსტიციის სახლთან ტესტის ჩატარება სამი დღის განმავლობაში ნებისმიერ პირს შეეძლო. ტესტი 988 ადამიანს ჩაუტარდა და მხოლოდ შვიდ შემთხვევაში მივიღეთ დადებითი პასუხი.  შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისში ჯერჯერობით ინფექციის აქტიური ცირკულაცია არ გვაქვს. რაც შეეხება 1,8 ათას პედაგოგს, რომელთაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდათ,  ვირუსი 14 მასწავლებელს აღმოჩნდა.  ყველაზე მეტი  შემთხვევა კი  გურიის რეგიონში დაფიქსირდა “, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, აჭარის ტერიტორიის გარეთ დაფიქსირებული შემთხვევების უმეტესობა რეგიონთან არის დაკავშირებული.

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევიდან 175 აჭარას უკავშირდება. რაც შეეხება სხვა რეგიონებს, მაჩვენებლები ასეთია:  32 – იმერეთი, 32 – თბილისი, 16 – გურია, 14 – სამეგრელო–ზემო სვანეთი, 11– სამცხე–ჯავახეთი, 7 – ქვემო ქართლი, 4 – კახეთი, 1 – შიდა ქართლი.

ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 5552-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 2054  ადამიანი, გარდაიცვალა 31 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

11
თემები:
COVID-19 საქართველოში (1832)
დისტანციური სწავლება

ოზურგეთში სწავლის პროცესი დისტანციურად გაგრძელდება

16
(განახლებულია 14:20 28.09.2020)
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ განაცხადა, რომ ჩოხატაურსა და ლანჩხუთში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. გართულებული ეპიდვითარების გამო ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სწავლის პროცესი ონლაინრეჟიმში გაგრძელდება, ამის შესახებ გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ ისაუბრა, იუწყება პირველი არხი.

ქვეყანაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო რვა ქალაქის – თბილისი, ბათუმი, ქობულეთი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ასევე კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის ზოგიერთი სოფლის სკოლების მოსწავლეები და სტუდენტები იძულებული არიან, ჯერჯერობით დისტანციურად ისწავლონ. სხვა ქალაქებსა და სოფლებში სასწავლო დაწესებულებები გაიხსნა.

სასწავლო პროცესის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 21 სექტემბერს კორონავირუსი დაფიქსირდა სამ სკოლაში - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურში, შრომაში და სენაკში. იქ COVID-19 რამდენიმე პედაგოგსა და მოსწავლეს დაუდგინდა. აღნიშნული სკოლები დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.

ზურაბ ნასარაიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების მომატებულმა რისკმა განაპირობა.

„ოზურგეთის ყველა სკოლა, მომატებული რისკის გამო, სწავლების ონლაინრეჟიმზე გადავიდა. ჩოხატაურსა და ლანჩხუთში კი სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, თუ რაიმე ახალი გამოვლინება იქნა, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

„სწავლა მინდა!“ – ქართველმა სტუდენტებმა განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს>>

დღეს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ საბავშვო ბაღები ქვეყნის მასშტაბით, გარდა აჭარისა, 12 ოქტომბერს განაახლებენ მუშაობას, ხოლო უმაღლესი სასწავლებლები მეცადინეობებს აუდიტორიებში, ასევე აჭარის გარდა – 19 ოქტომბერს.

ასევე პირველი ოქტომბრიდან პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები, სადაც სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა, საკლასო ოთახებში გააგრძელებენ სწავლას. გამონაკლისია აჭარის რეგიონი.

ამასთან, თუ მოსწავლეების მშობლები გადაწყვეტენ, რომ ბავშვებმა სასწავლო პროცესი გააგრძელონ დისტანციური ფორმით, ეს უზრუნველყოფილი იქნება, აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 298-ით გაიზარდა და 5552-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1906 ადამიანი, გარდაიცვალა – 28, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5637, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 800 ადამიანი იმყოფება.

16
თემები:
განათლება საქართველოში