მოსახლეობის ტესტირება

აჭარაში კორონავირუსზე მასობრივი ტესტირება იწყება

83
(განახლებულია 14:34 02.09.2020)
ბათუმელებისა და ქალაქის სტუმრების კორონავირუსზე მასობრივი ტესტირების პროცესში ჩართული არიან ქალაქის პოლიკლინიკები და სხვა სამედიცინო დაწესებულებები

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. აჭარაში მოქალაქეების კორონავირუსზე მასობრივი შემოწმება დაიწყება, განაცხადა ჟურნალისტებთან აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილე ნონა ეფაძემ.

დღეს ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე მესამე კარავს დადგამენ, სადაც თითოეულ მოქალაქეს PCR-ტესტის ჩატარების საშუალება ექნება. მოქალაქეების გამოკვლევის პროცესში ჩაერთვებიან რეგიონის პოლიკლინიკებიც.

კერძოდ, ბათუმის ხუთ პოლიკლინიკაში კორონავირუსზე უფასო ტესტის ჩატარება იქნება შესაძლებელი. მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ №1 და №4 პოლიკლინიკას, თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრს და „ევექსის" ბათუმის ფილიალის ამბულატორიას. აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებებში ტესტირებები 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ტარდება, ქალაქში დადგმულ კარვებში კი 11:00 საათიდან 23:00 საათამდე პერიოდში.

მოქალაქეთა კორონავირუსზე ტესტირების ჩატარების მიზნით კიდევ ერთი კარავი ფუნქციონირებს ქობულეთშიც.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა -38 შემთხვევა. ბოლოს მსგავსი მაღალი მაჩვენებელი 17 აპრილს დაფიქსირდა -34 შემთხვევა.

ბოლო დღე-ღამეში ბათუმში ინფიცირების 26 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 22 - საკონდიტრო საწარმო "დონას" უკავშირდება.

როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ყველა მათგანი შესაბამის კლინიკებში არიან მოთავსებული. ინფიცირებულთა შორის ერთი არასრულწლოვანია. რაც შეეხება აღნიშნულ პირებთან კონტაქტში მყოფთ, ნაწილი კარანტინში, ნაწილი კი თვითიზოლაციაში იმყოფება.

ბათუმში შექმნილი ეპიდვითარება შეაფასა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგებს არ შეუძლიათ იმის თქმა, ინფექცია რამდენად გასცდა საკონდიტრო "დონას" და მთლიანად ქალაქს. გუშინ ბათუმში უფასო ტესტირება დაახლოებით 600-მა ადმიანმა ჩაიტარა. შედეგები ცნობილი დღეს გახდება, რაც სპეციალისტებს საშუალებას მისცემს დაადგინონ, თუ რამდენად ფართოდ გავრცელდა ინფექცია.

„ალბათ, ბევრი თქვენგანი იმყოფებოდა ბათუმში, სადაც ჩვენ მიკროაფეთქება გვაქვს. გუშინ გვქონდა 22 შემთხვევა და ერთიც მანამდე, ერთი დღით ადრე, სულ "დონას" 23 შემთხვევა უკავშირდება. ინფიცირებულები ძირითადად თანამშრომლები არიან", - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, ეპიდემიოლოგებმა იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში საკონდიტრო მაღაზიაში იმყოფებოდნენ, უკვე მიმართეს ბათუმში დადგმულ კარვებში ტესტირების ჩატარების თხოვნით.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1548 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 1270, გარდაიცვალა – 19.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

83
თემები:
COVID-19 საქართველოში (2200)
გამოკვლევა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების გამოკვლევა იგეგმება 

152
(განახლებულია 22:10 26.10.2020)
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ასევე განმარტა, რა შემთხვევაში აღარ საჭიროებს კოვიდდადასტურებული პაციენტი ტესტირებას და როდიდან აღარ არის ვირუსი გადამდები.

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. პაციენტებში, რომლებმაც COVID-19 დაამარცხეს, კორონავირუსი ორგანიზმში დაზიანებებს და გართულებებს ტოვებს, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძე.

მისი თქმით, ჩატარებული კვლევების მიხედვით, რომელიც ჯერ ძალიან ცოტაა, კორონავირუსი დაზიანებებს ადამიანის ორგანიზამის სხვადასხვა სისტემაში ტოვებს.

„არის კვლევის შედეგები, რომ ტოვებს დაზიანებებს ფილტვებში, ფიბროზული ზონრების სახით, ტოვებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაში მიკროთრომბოზების, ენდოთელიუმის დაზიანების სახით, შეიძლება დარჩეს მიოკარდიტი, ტოვებს ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ გარკვეულ დაზიანებებს. მაგრამ ჯერჯერობით ეს არის ცალკეული კვლევის შედეგები. საკმარისი მტკიცებულებები, რომ „კოვიდი“ ნამდვილად ტოვებს სერიოზულ დაზიანებებს, ჯერ არ არსებობს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, საქართველოში გამოჯანმრთელებული პაციენტების კვლევა ჯერ არ ჩაუტარებიათ, თუმცა ასეთი გეგმები არსებობს.

„ეს პროგრამა შედგენილი გვაქვს, სამინისტროში არის დასამტკიცებლად და მოხდება ყველა გამოჯანმრთელებული პაციენტის გამოძახება და გამოკვლევა სამი, ექვსი თვისა და ერთი წლის თავზე, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენთვის, რომელიმე გაწერილ პაციენტს „კოვიდის“ გართულებების მიზეზით არ მოუმართავთ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

რაც შეეხება პაციენტების გაწერისას ჩატარებულ კვლევებს, ცერცვაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის დადასტურებიდან გასულია ათი დღე და პაციენტს სიმპტომები არ აქვს, ან ათი დღის განმავლობაში ჰქონდა სიმპტომები, მაგრამ შემდეგ სამი დღე არა, მაშინ გაწერისას პაციენტს ტესტი განმეორებით აღარ უკეთდება.

„ასეთია საერთაშორისო სტანდარტი, რამეთუ ითვლება, რომ პაციენტი ამ 13 დღის შემდეგ გადამდები არ არის. ამიტომ მას ტესტი არ უკეთდება“, - განაცხადა ცერცვაძემ.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ რუსთავში მოულოდნელად გარდაიცვალა 21 წლის მამაკაცი, რომელიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულად მიიჩნიეს და გუშინ კოვიდ-სასტუმროდან გაწერეს. მამაკაცის გარდაცვალების მიზეზებს ექსპერტები სწავლობენ, თუმცა წინასაწარი ვერსიით, მისი გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა.

ამ დროისთვის საქართველოში სულ  კორონავირუსის 30303  დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 11370 ადამიანი, გარდაიცვალა – 215, კარანტინის რეჟიმშია 3769, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3832 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2249 ადამიანი იმყოფება.

ქვეყანაში ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

152
თემები:
COVID-19 საქართველოში (2200)
თენგიზ ცერცვაძე

ცერცვაძე: საველე ჰოსპიტლების გაშლის საჭიროება ჯერჯერობით არ არის

77
სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის შემთხვევათა ზრდა გაგრძელდება.

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს კლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის საწოლების საკმარისი რაოდენობაა მობილიზებული, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, საველე ჰოსპიტლების გაშლის საჭიროება ჯერჯერობით ქვეყანაში არ არის და შესაბამისად დღის წესრიგში არ დგას.

„ამჟამად, მობილიზებულია 4 300 საწოლი. სულ ქვეყანაში არსებული საწოლების რეზერვის გათვალისწინებით, შესაძლებელია კიდევ 4 000-ის მობილიზება. საქართველოს შეუძლია გამოყოს 8 000-მდე საწოლი ისე, რომ სერიოზული ზიანი არ მიაყენოს მედიცინის სხვა მიმართულებებს. 2 500 ოჯახის ექიმია საქართველოში, მათგან 1000 უკვე ჩართულია კოვიდის მართვაში და მათი რიცხვი თანდათან იზრდება. ასევე, 50 ონლაინ-კლინიკა ოჯახის ექიმების უკვე ჩართულია მართვაში. უახლოეს დღეებში კიდევ ექვსი ასეთი კლინიკა ჩაერთვება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ.  დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის შემთხვევათა ზრდა ჯერჯერობით გაგრძელდება, ხოლო პიკი კი ნოემბრის მეორე–მესამე კვირაში იქნება.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 18 692 აქტიური შემთხვევაა, მათგან კლინიკებში 3 832 პაციენტი მკურნალობს – თბილისში 1969, აჭარაში 657.

401 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 117 პაციენტი. კოვოდ–სასტუმროებში მოთავსებულია 2 249 ადამიანი, ბინაზე მკურნალობს 12 611 პაციენტი.

ბოლო მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რიცხვმა უკვე 30303-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 11370 ადამიანი, გარდაიცვალა – 215, კარანტინის რეჟიმში 3769 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

77
თემები:
COVID-19 საქართველოში (2200)
სპეცოპერაცია ზუგდიდში

ზუგდიდში მძევლების აყვანა: პოლიციამ ეჭვმიტანილის სახლში ჩხრეკა დაასრულა

25
ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსმა პოლიციაში ეჭვმიტანილის მამა, ტარიელ ესებუა სამხარეო პოლიციაში პირადად გადაიყვანა

თბილისი, 26 ოქტომბერი - Sputnik. პოლიციამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერწკარში დაასრულა ჩხრეკა ბადრი ესებუას სახლში, რომელსაც ზუგდიდში ბანკის ძარცვა და მძევლების აყვანა ედება ბრალად.

პირველი არხის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაადასტურეს, რომ ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, თუმცა არ დაუზუსტებიათ, იყო თუ არა ამოღებული სახლიდან რაიმე ნივთები.

გარდა ამისა, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსმა ირაკლი ფაცაციამ ეჭვმიტანილის მამა, ტარიელ ესებუა პირადად გადაიყვანა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში. 

საგამოძიებო მოქმედებები ასევე დასრულდა ბადრი ესებუას ძმის, ბიძინა ესებუას სახლში. გამოკითხვაზე არიან გადაყვანილნი ბიკენტი და ბიძინა ესებუები. ასევე, გამოკითხვაზე გადაიყვანეს ბადრი ესებუას დეიდა და დეიდაშვილი.

შსს-მ დღეს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. შსს-მ ასევე მისი ფოტო გაავრცელა. მიმდინარეობს დამნაშავის ძებნის სპეცოპერაცია.

25
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა