გიორგი გახარია

გახარია: სასკოლო პროცესის დაწყების თარიღი არ გადაიდება

93
(განახლებულია 12:54 02.09.2020)
ჯანდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად სკოლებისთვის რეკომენდაციები მოამზადა და ამ ეტაპზე მისი აღსრულების მონიტორინგი მიმდინარეობს.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად,  სასკოლო პროცესის დაწყების თარიღი არ გადაიდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა -38 შემთხვევა.  ბოლოს მსგავსი მაღალი მაჩვენებელი 17 აპრილს დაფიქსირდა -34 შემთხვევა. ამ დროისთვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1548-ს შეადგენს.

მისი თქმით, ქვეყნის სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს უნდა დაიწყოს და ამისთვის ჯანდაცვის და განათლების სამინისტროები სრულად უნდა იყვნენ მობილიზებული.

„იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი რისკის ქვეშ არ დადგეს, აუცილებელია საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამისი რეკომენდაციებისა და ზომების მკაცრი დაცვა", – განაცხადა გახარიამ.

ჯანდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად სკოლებისთვის რეკომენდაციები უკვე მოამზადა და ამ ეტაპზე მისი აღსრულების მონიტორინგი მიმდინარეობს.

მას შემდეგ, რაც 26 თებერვალს ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ხელისუფლებამ სკოლებში სასწავლო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

საგანმანათლებლო დაწესებულებები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. მოსწავლეები ონლაინ სწავლობდნენ, მათთვის შეიქმნა პროექტი „ტელესკოლა".

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც მოსწავლეებსა და პედაგოგებს დისტანციური სწავლებისთვის ბევრი საინტერესო რესურსი შესთავაზა.

 

93
თემები:
საქართველოს მთავრობა (88)

სამოქალაქო აქტივისტები უკვე მესამე დღეა პარლამენტთან საპროტესტო აქციას მართავენ

53
ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები მესამე ღამეს ათენებენ საქართველოს პარლამენტის შენობასთან კარვებში და პარლამენტის პირველ სესიამდე არ აპირებენ დაშლას

ისინი მხარს უჭერენ ოპოზიციური პარტიების აზრს, რომ არჩევნები გაყალბდა და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ. აქციების მესამე საღამოს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მცირედი დაპირისპირება მოხდა კარვებთან დაფების და სადგამების შეტანის მცდელობის გამო. ერთი საათის შემდეგ კონფლიქტი ამოიწურა, ამ დროისათვის პარლამენტთან მშვიდი გარემოა.

53
თენგიზ ცერცვაძე

რამდენ ხანში გამოიღებს შედეგს ლოკდაუნი: ცერცვაძის ვარაუდი

118
ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებლის შეკავების მიზნით ხელისუფლებამ 28 ნოემბრიდან გარკვეული შეზღუდვები დააწესა, ხოლო დღეიდან ორი თვის განმავლობაში ინტენსიური ტესტირების პროგრამა იმოქმედებს.

თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. ნაწილობრივი ლოკდაუნი და ტესტირების გაფართოება დაახლოებით სამი კვირიდან ერთი თვის მონაკვეთში პოზიტიურ შედეგს მოიტანს, განაცხადა  საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა  თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4 ათასს აღწევს. ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებლის შეკავების მიზნით ხელისუფლებამ 28 ნოემბრიდან გარკვეული შეზღუდვები დააწესა.

ამასთან, დღეიდან ორი თვის განმავლობაში, 1 თებერვლამდე ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს ინტენსიური ტესტირების პროგრამა. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო კორონავირუსზე დღეში დაახლოებით 20 ათას ტესტს გააკეთებს. ამას ასევე დაემატება კერძო ლაბორატორიებისა და კლინიკების მიერ ჩატარებული ტესტები.

როგორც ცერცვაძემ განაცხადა, ინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე მოქალაქეების მხრიდან რეგულაციების შესრულების მნიშვნელობა ორმაგდება.

„ამ გაზრდილი დინამიკის ფონზე ორმაგდება რეგულაციების შესრულების მნიშვნელობა, როგორიცაა: პირბადის ტარება ღია და დახურულ სივრცეში, სოციალური დისტანცირება, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავება, ხელების, სამუშაო ადგილის ჰიგიენა. უნდა შევეცადოთ, რომ შემცირდეს ეს აღმავალი დინამიკა და ამისთვის ფართოვდება წერტილოვანი შეზღუდვები, ანუ ნაწილობრივი ლოკდაუნი და ამისთვის ფართოვდება ტესტირება, ხდება ტესტირების გაორმაგება“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძის განცხადებით,  ტესტირების გაორმაგება და ნაწილობრივი ლოკდაუნი დაახლოებით სამ კვირაში, ერთ თვეში აუცილებლად გამოიღებს  პოზიტიურ შედეგს.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 143.376 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 121.621-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1.342 მოქალაქე.

118
თემები:
COVID-19 საქართველოში
მცხეთის ჯვრის ტაძარი

საეკლესიო კალენდარი: 3 დეკემბერი

0
(განახლებულია 23:19 02.12.2020)
მართლმადიდებელი ეკლესია 3 დეკემბერს ღირსი გრიგოლ დეკაპოლელის, წმიდა პროკლეს, მოწამე დასის, მოწამეთა: ევსტათის, თესპესის და ანატოლის,, სპარსელ ეპისკოპოსთა; მოწამეთა: აზატი საჭურისისა, სასონისა, თეკლასი, ანასი და სხვათა დედათა, სპარსეთს წამებულთა ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik - საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარი.

ღირსი გრიგოლ დეკაპოლელი

ღირსი გრიგოლ დეკაპოლელი დაიბადა ისავრიის ქალაქ ირინოპოლში, რომელიც ათქალაქის ანუ დეკაპოლის შემადგენლობაში შედიოდა. მან სიყრმიდანვე შეიყვარა საეკლესიო მსახურება. როცა გრიგოლი წამოიზარდა, დედ-მამამ მისი დაქორწინება გადაწყვიტა, მაგრამ ნეტარმა ფარულად დატოვა მშობლიური სახლი. უფლის რჩეული მთელი სიცოცხლის მანძილზე მწირობდა: ხან კონსტანტინოპოლში იყო, ხან რომში, კორინთოში, თესალონიკში, რამდენიმე ხანს ოლიმპოს მთის ერთ გამოქვაბულშიც მოღვაწეობდა. ღირსი გრიგოლი ყველგან ღვთის სიტყვას ქადაგებდა, ამხელდა ხატმბძროლთა მწვალებლობას და განამტკიცებდა მართლმორწმუნეებს, რომელთაც იმ დროს ერეტიკოსები დევნიდნენ, დაუცხრომელი ღვაწლისა და ლოცვისთვის ნეტარს წინასწარმეტყველებისა და სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. ღირსი გრიგოლი 816 წელს გარდაიცვალა.

წმიდა პროკლე - კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი

წმიდა პროკლე - კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი სიყმაწვილიდანვე მთელ დროს ლოცვასა და წმიდა წერილის შესწავლას ახმარდა. უფალმა იგი ღირსი გახადა წმიდა იოანე ოქროპირის მოწაფეობისა, რომელმაც ნეტარი ჯერ დიაკვნად აკურთხა, შემდეგ კი - მღვდლად.

კონსტანტინოპოლის პატრიარქ სისინიოსის(426-427)  გარდაცვალების შემდეგ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე პროკლე აღასაყდრეს. ნეტარი მამა თორმეტი წლის მანძილზე (434-447) მესაჭეობდა კონსტანტინოპოლის ეკლესიას. მისი ძალისხმევით წმიდა მეფის, თეოდოსი II-ის (408-450) ზეობის ჟამს იოანე ოქროპირის წმიდა ნაწილები კომანიდან კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს.

საყოველთაო სიყვარულითა და პატივისცემით მოსილი პატრიარქი ღრმად მოხუცებული მიიცვალა 446-447 წლებში.

წმიდა მოწამე დასი 

წმიდა მოწამე დასი დუნაისპირა ქალაქ დოროსპოლში დაიბადა. ამ დროს II საუკუნის ბოლოსა და III საუკუნის დასაწყისში, მთელ იმპერიაში ფართოდ იყო გავრცელებული ქრისტიანული სარწმუნოება. წმიდა დასი თანაუგრძნობდა ქრისტიანებს, მაგრამ მის ირგვლივ არსებული წარმართული გარემო საშუალებას არ აძლევდა მონათლულიყო და განცხადებულად ეღიარებინა ჭეშმარიტი ღმერთი.

ერთხელ ქალაქის მცხოვრებლები წარმართული ღვთაების, სატურნის დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ. ჩვეულებისამებრ, დღესასწაულამდე ოცდაათი დღით ადრე წარმართები მშვენიერ ჭაბუკს არჩევდნენ ხოლმე, მდიდრულ შესამოსელს აცვამდნენ, მეფურ პატივს მიაგებდნენ, ზეიმის დღეს კი კერპს მსხვერპლად სწირავდნენ. ამჯერად თანამოქალაქეთა არჩევანი დოროსპოლის მცხოვრებთა შორის ყველაზე გამორჩეულ წმიდა დასიზე შეჩერდა. ეს რომ შეიტყო, წმიდანმა თქვა: „თუ სიკვდილი მიწერია, სჯობს, ქრისტესთვის მოვკვდე, როგორც ქრისტიანი“. მან უშიშრად აღიარა მაცხოვარი, გაბედულად ამხილა წარმართთა უსჯულოება და ბევრი მათგანი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია. ამისთვის იმპერატორების: დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) ბრძანებით სასტიკი წამების შემდეგ მას თავი მოჰკვეთეს.

წმიდა მოწამენი: ევსტათი, თესპესი და ანატოლი

წმიდა მოწამენი: ევსტათი, თესპესი და ანატოლი მდიდარი ვაჭრის შვილები იყვნენ და ქალაქ ღანგრაში ცხოვრობდნენ. ისინი წმიდა ლუკიანემ მოაქცია ქრისტიანობაზე, შემდეგ კი ეპისკოპოს ანთიმოზის ხელით მოინათლნენ. ნეტარი ძმების სახლში ქრისტიანები ღვთისმსახურებას აღასრულებდნენ ხოლმე. ეს რომ წარმართებმა შეიტყვეს, სასტიკად აწამეს უფლის რჩეულები, შემდეგ კი ქალაქ ნიკეაში თავები მოჰკვეთეს (+312).

მღვდელმოწამენი: ნერსე ეპისკოპოსი და იოსები - მოწაფე მისი, იოანე, სავერიოსი, ისააკი და იპატი - სპარსელნი ეპისკოპოსნი და მოწამენი: აზატი საჭურისი, სასონი, თეკლე, ანა და სხვანი მრავალნი დედანი და მამანი სპარსეთში წამებულნი 

მღვდელმოწამენი: ნერსე ეპისკოპოსი და იოსები - მოწაფე მისი, იოანე, სავეროსი, ისააკი და იპატი - სპარსელი ეპისკოპოსნი, წმიდა მოწამენი: აზატი, სასონი, თეკლე, ანა და სხვანი მრავალნი მამანი და დედანი სპარსეთს წამებულნი, სპარსეთის მეფის, საპორ II-ის მიერ ქრისტიანთა დევნისას აღესრულნენ.

უღმრთოებმა ოთხმოცი წლის მღვდელმთავარ ნერსესა და მის მოწაფეს, იოსებს თავები მოჰკვეთეს, იოანე, ისააკ და იპატი ეპისკოპოსები ქვებით ჩაქოლეს. მღვდელმთავარი სავეროსი საპყრობილეში აღესრულა და უკვე გარდაცვლილს მოჰკვეთეს თავი. წმიდა მოწამე აზატ საჭურისი ერთმა განდგომილმა ხუცესმა დაახრჩო. ქრისტესთვის ტანჯვა-წამება და სიკვდილი დაითმინეს მოწამეებმა: სასონმა, თეკლემ, ანამ და მრავალმა სხვა მართლმორწმუნემ. უსჯულოებმა მათ თავები მოჰკვეთეს (+343).

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

0